GEO   ENG
სიახლეები
სანქცირებული ფარცხალაძე - რუსული აგენტურის კვალი ქართულ პოლიტიკაში
22.09.2023
2023 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ სატელიტი პოლიტიკური გაერთიანების „ხალხის ძალისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. აღნიშნული ძალები უნისონში, იდენტური რიტორიკით ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გამო სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვას.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც მხილებულია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასარგებლოდ საქმიანობაში, 2023 წლის 18 სექტემბერს, ეროვნული ბანკის განკარგულებით საბანკო აქტივებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა შეეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად მიიჩნია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ქმედება უდანაშაულობის პრეზუმფციასა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. აღნიშნული შეფასების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ცვლილებები შეიტანა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში. კერძოდ, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.“ ცვლილებამ ოთარ ფარცხალაძეს შესაძლებლობა მისცა იმავე დღეს გადაეფორმებინა ქონების ნაწილი შვილის სახელზე.

ნათია თურნავას მოქმედება, რის გამოც სებ-ის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, დადებითად შეაფასა „ქართული ოცნების“ სატელიტმა პოლიტიკური გაერთიანებამ „ხალხის ძალამ“ და ღიად პრორუსულმა „ალტ-ინფომ.“

19 სექტემბერს ეკა სეფიაშვილმა („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. რუსული კანონპროექტის თანაავტორმა) გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ მიმოიხილა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამოქმედებული სანქციების პოლიტიკა და ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, საქართველოს კონსტიტუციაზე აპელირებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილებათა პაკეტი პოზიტიურ ჭრილში განიხილა: „ძალიან კარგი, რომ ეროვნულმა ბანკმა ისეთი დადგენილება გამოიტანა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და უდანაშაულობის პრეზუმფციას აღიარებს.“

იდენტური გზავნილები გაიმეორა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა: „ეროვნულმა ბანკმა ახლა მიიღო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა. კონსტიტუცია იცავს საქართველოს მოქალაქეს, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას. შესაბამისად, საკუთრება დაცული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა საერთაშორისო ნორმა მოქმედებს.“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სანქცირებული საქართველოს ყოფილი პროკურორის დაცვა არამხოლოდ კონსტიტუციაზე, არამედ იურიდიულ გარანტიებზე აპელირებითაც სცადა. უახლოეს წარსულში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. რუსული კანონის აქტიურმა მხარდამჭერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეიძლება, რომ ადამიანს აგენტი უწოდო.“  მისი რიტორიკა მისაღები აღმოჩნდა  ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსული მედია პლატფორმის „ალტ-ინფოს“ წამყვანებისთვისაც. გადაცემაში „დღის კომენტარი“ წამყვანმა თენგო ომანიძემ, ანტიამერიკული განწყობების ფონზე მიმოიხილა ოთარ ფირცხალაძის სანქცირების საკითხი და აღნიშნა: „ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, უკვე გაასამართლეს ადამიანი და გამოაცხადეს რუსეთის ჯაშუშად, აგენტად, მოღალატედ.

სებ-ის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე  ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერი ალექსანდრე ფალავანდიშვილიც და  ფეისბუქ პოსტში აღნიშნა, რომ „როდესაც ეროვნული ბანკი ნაცვლად ამერიკისა საქართველოს კონსტიტუციას დაემორჩილა, აგენტურამ პროტესტის ნიშნად სებ-ის დატოვება დაიწყო!“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შემაშფოთებელ ტენდენციად მიიჩნევს, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ეფექტური მექანიზმების ამოქმედების ნაცვლად, ხელისუფლების მიერ ულტრამემარჯვენე პრორუსულ ძალებთან ერთად რუსული აგენტურის პირდაპირი გავლენების გადაფარვის მცდელობას საქართველოში. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გატარდეს ძირეული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში მტრული სახელმწიფოს გავლენების გასანეიტრალებლად.
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024