GEO   ENG
სიახლეები
ისრაელ-ჰამასის სამხედრო კონფლიქტმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა
16.10.2023
ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიდასავლურ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. „კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ“ ისრაელი-ჰამასის კონფლიქტი გამოიყენა დასავლეთის არასანდო პარტნიორად და აშშ-ს, როგორც კონფლიქტების წამახალისებელ ძალად წარმოსაჩენად, რომლისთვისაც ახლა მთავარი პრიორიტეტი ისრაელია; მისი დახმარების ფონზე კი, თითქოსდა უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა მცირდება.

2023 წლის 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „რეალპოლიტიკა“, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერმა ზურა მახარაძემ აღნიშნა, რომ  ისრაელში გაჩაღებული ომის ფონზე უკრაინის მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდება: „მოკლედ, ზელენსკის ადგილზე, მე ძალიან ვინერვიულებდი. უკრაინის გმირი „კავეენშიკი” ყველა საინფორმაციო არხიდან და ანალიტიკიდან გაქრა. უკრაინის დახმარებაზე პრიორიტეტული ამერიკისთვის ისრაელის მხარდაჭერა ხდება”. ულტრამემარჯვენე ლიდერი აღნიშნული განცხადებით შეეცადა, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან განწირულ მხარედ წარმოეჩინა. ასეთი ნარატივი ინტეგრირებულია იდეასთან, რომ უკრაინის მსგავსად, საქართველოც, - რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, მარტო აღმოჩნდება. აღნიშნული მტკიცება ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმის, ანტიამერიკული განწყობებისა და ნიჰილიზმის გამყარებას და პროკრემლისტური კამპანიის მნიშვნელოვან ინფორმაციულ იარაღს წარმოადგენს, რომელიც წლებია, რეგიონში რუსეთის გავლენებისა და უძლეველობის მითის შექმნას ცდილობს. ასეთი დეზინფორმაცია საყურადღებო და საფრთხილოა იმდენად, რამდენადაც ის დგას ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილის უკან, რომ: „რუსეთთან მშვიდობიანი და მჭიდრო კავშირის აუცილებელია, ვინაიდან მასთან დაპირისპირების შემთხვევაში, საქართველოს მხარდამჭერი არ ეყოლება“.

საქართველოში ულტრამემარჯვენე აქტორები ანტიამერიკულ რიტორიკას, როგორც წესი, პრორუსული განწყობების ფონზე ავითარებენ. მათი პროპაგანდისტული მედია, როგორც წესი, ფაქტების გაზვიადების და დემონიზების მეთოდებს იყენებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ აქტიური წევრის გიორგი პაპუნაშვილის 9 ოქტომბრის განცხადება გადაცემაში „დღის კომენტარი“, სადაც ის მიმოიხილავს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს, როგორც შემაშფოთებელ სიგნალს საქართველოსთვის და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ამერიკა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, არასანდო და უფუნქციოა. „ის თუ რა ხდება ახლა ისრაელში, უნდა იყოს ჩვენთვის სიგნალი. მაშინ, როდესაც შენ ფსონს დებ ისეთ გეოპოლიტიკურ ძალაზე, რომელიც არის შენგან ძალიან შორს,  რეგიონში იჩენ ბუნებრივ მტრებს. ჩვენი მოკავშირე არის ოკეანის გადაღმა. ვატარებთ მათ ინტერესს და სიტყვაზე, რამე რომ მოხდეს აქ, ხვალ შეუძლებელია კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ელემენტარული სამხედრო ლოჯისტიკის დალაგება.“

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერმა შოთა მარტინენკომ ჰამასის სამხედრო თავდასხმა ისრაელზე ისლამურ ქვეყნებში ანტიამერიკული ძალების კონსოლიდაციად და დასავლური ჰეგემონიის წინააღმდეგ მიმართულ მოვლენად შეაფასა. ის შეეცადა განამტკიცებინა ნარატივი, რომ მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი მყარდება, სადაც ისლამური ქვეყნები ამერიკის საპირწონე გეოპოლიტიკურ ბანაკთან, ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან მოკავშირეობაზე აკეთებენ აქცენტს. „ჰამასის ამოცანას ისრაელის საპასუხო ხისტი რეაქციის გამოწვევა და მისი მეშვეობით ისლამურ ქვეყნების ანტიამერიკული პოზიციის ირგვლივ კონსოლიდაცია წარმოადგენდა და, როგორც ვხედავთ, ეს ამოცანა მათ შეასრულეს.“ მისი განცხადება ირიბად ემსახურება აშშ-ს დემონიზებას და შესაბამისად, მასთან პარტნიორობას წამგებიან გეოპოლიტიკურ მოცემულობად წარმოაჩენს.

საერთო ჯამში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკული რიტორიკა, რომელიც ისრაელი-ჰამასის სამხედრო კონფლიქტის ფონზე გააქტიურდა, დასავლეთს არასანდო პარტნიორად სახავს, ომის შიშზე აპელირებს და საქართველოს უსაფრთხოების გარანტად რუსეთს წარმოაჩენს, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება და საზოგადოებაში ირაციონალური შიშების გაღვივებას ისახავს მიზნად.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026