DRI: თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო
30.10.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ აქტივობების მონიტორინგს. ღიად პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება. მას შეხვედრისთვის სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ.
2023 წლის 18 სექტემბრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადების შემდეგ, ულტრამემარჯვენე რადიკალური მოძრაობის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ზურაბ მახარაძემ, გიორგი ქარდავამ, ირაკლი და შოთა მარტინენკოებმა „ანტიმაიდანი“ დააანონსეს. 2023 წლის 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრორუსული დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია თანამოაზრეთა მობილიზაცია და საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული, შეკრული დაჯგუფებების შექმნა. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა.
რეგიონული ვიზიტები „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა 2023 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყეს. დაჯგუფებამ შეხვედრები ოთხ ქალაქში - თელავში, გორში, რუსთავსა და მცხეთაში გამართა.
შეხვედრა თელავში
თელავში შეხვედრა 2023 წლის პირველ ოქტომბერს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება. თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მოცემულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77,309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას.
თელავში ჩატარებულ შეხვედრაზე ღიად პრორუსული ძალის წარმომადგენლებმა „ანტიმაიდნის“ მნიშვნელობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. შოთა მარტინენკომ დაადასტურა, რომ პრორუსული დაჯგუფება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
„ახლა უშუალოდ გვიდგას ორი ამოცანა. ერთი არის „ანტიმაიდნისთვის“ ეფექტური ორგანიზება და მეორე, მომავალი წლისთვის იგეგმება არჩევნები. ის ღონისძიებები, რომლებიც ახლა გატარდება, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება იმ ერთობის შესაკრავად, რომელიც მომავალ წელს არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის დადებაში დაგვეხმარება.“
შეხვედრა რუსთავში
რუსთავში შეხვედრა 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრაზე „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან დასავლეთს. შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერმა ირაკლი მარტინენკომ განაცხადა:„ჩვენ ვუპირისპირდებით დასავლეთს. ისინი აორგანიზებენ გადატრიალებას, რათა მათმა აგენტებმა ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება და ომში ჩართონ ჩვენი ქვეყანა.“
შეხვედრაზე დაჯგუფების ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა: „ჩვენ როცა შევკრიბავთ მთელი საქართველოდან ხალხს, პირველი, რაც უნდა გააცნობიეროთ, იქნება შემდეგი საფრთხე - იქნება ის რამდენიმე ასეული გაწვრთნილი ზონდერი, რომელსაც დედა უნდა ვუტიროთ ისე, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს საქართველოს არცერთ ქალაქში. ეგენი უნდა გაქრნენ.“
შეხვედრა გორში
„ანტიმაიდნის“ საორგანიზაციო შეხვედრა გორში 2023 წლის 14 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც რადიკალური და პრორუსული ჯგუფის ლიდერი ზურაბ მახარაძე კვლავ გამოირჩეოდა ძალადობრივი და მუქარის შემცველი მესიჯებით: „თუ ვინმეს ეშინია, მაგაზე გვაქვს ერთი სათქმელი მარტო. დაეტიე სახლში, დააყენე ერთი ადგილი, სადაც საჭიროა და არაფერი არ იქნება. თუ გამოხვალ, დაიწყებ დაწვას, ნგრევას და ამ ქვეყნის ომში ჩათრევას, მაშინ ჩვენც გამოვალთ და ჩვენ მერე დაგამთავრებთ თქვენ.“
შეხვედრა მცხეთაში
საორგანიზაციო შეხვედრა მცხეთაში 2023 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა. შეხვედრას სხვა რეგიონული შეხვედრებისგან განსხვავებით, კონსტანტინე მორგოშიაც ესწრებოდა.„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერები ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდნენ. შოთა მარტინენკოს განცხადებით, ჩატარებული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი „ანტიმაიდნის“ საბჭოს და ალტერნატიული პოლიტიკური და იდეოლოგიური პლატფორმის ფორმირებაა, რომელიც ლიბერალური დღის წესრიგის საპირწონე იქნება.
***
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით ლოიალურია. ერთი მხრივ, შსს „ანტიმაიდანთან“ დაკავშირებული ძალადობრივი განცხადებების გამო გამოკითხვაზე იბარებს ზურაბ მახარაძეს, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისება
უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფებისთვის შეხვედრების და სამუშაო სივრცის დათმობაზე
ადეკვატურად შეაფასოს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების გამსხვილებისგან და გაზრდილი ლეგიტიმაციიდან მომდინარე საფრთხეები
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის და 2023 წლის 8 ივლისის ორგანიზატორები.