GEO   ENG
სიახლეები
DRI გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას
31.10.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ღირსების შემლახავი, უხამსი და დისკრიმინაციული განცხადებები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების  მიმართ სცდება პოლიტიკური სიტყვის და დებატების თავისუფლების ფარგლებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა სიტყვიერი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე მიზნად ისახავს მათ დარცხვენას და პოლიტიკურ სივრცეში მათი სამოქმედო არეალის შეზღუდვას ქცევით ნორმებზე გენდერული ნიშნით აპელირებით.

31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს თეონა აქუბარდიას სექსისტური და უხამსი რეპლიკით უპასუხა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ანა წითლიძეს ასევე სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადებით მიმართა.

მიზოგინიურ, სექსისტური გამონათქვამებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისათვის მმართველ პოლიტიკურ ძალას პირველად არ მიუმართავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2020 წელს, ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილს პარლამენტის სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვისთვის „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“ უწოდა,[1] 2023 წლის 20 სექტემბერს კი განაცხადა, რომ ქალთან პოლემიკაში ვერ შევა, რადგან „ასეთი წესია“.[2]

მაშინ, როდესაც ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა უნდა იყოს ქალთა უფლებების დაცვა, ამის საპირისპიროდ, მიზოგინიური, სექსისტური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები იწვევს არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატის დისკრიმინაციას, არამედ „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს პარლამენტის წევრის ქცევის წესებს, რომლის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება.“[3] გამომდინარე იქიდან, რომ ცალსახაა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან დადგენილი წესების დარღვევა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს:
  • შეისწავლოს ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მხრიდან პარლამენტის ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს:
  • იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც საქართველოს პარლამენტში შექმნის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის სტანდარტს.
 
 
[1] publika.ge (ვებგვერდი), 18.02.2020, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/eseni-arian-sasowarkvetili-nacionali-diasakhlisebi-kobakhidze-khoshtaria-nadirashvilze/
[2] megatv.ge (ვებგვერდი), 20.09.2023, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/elsxU  
[3]  საქართველოს პარლამენტის წევრის დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 3, ქვეპუნქტი ო)

ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში

ახალგორში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარმა არაერთმა საგანგაშო ინციდენტმა და დე ფაქტო მთავრობის აუდიტმა ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევები გამოავლინა.

10.07.2025
პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება – მორიგი ნაბიჯი დიქტატურისკენ

ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. 

24.06.2025