GEO   ENG
ანალიზი
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმს კითხვას, ოპოზიციისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" იშვიათად მიმართავს
06.11.2023
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.[1]

2022 წელს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა, შეისწავლოს და პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კომიტეტის ვალდებულების მიღმა დარჩა კითხვაზე გაცემული პასუხის შინაარსობრივი სისრულის შემოწმება, რაც, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

მრავალწლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი ყველაზე სუსტია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში (საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ქვედანაყოფები) გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. ორგანიზაციამ იხელმძღვანელა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციით.

ორი თვის განმავლობაში (სექტემბერი-ოქტომბერი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის ჯამში გაგზავნილია 24 წერილობითი კითხვა. აქედან, 10 კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, 8 კითხვის შემთხვევაში, რეგლამენტით დადგენილი კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა გასულია.

23 წერილობითი კითხვა, საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. 2 თვის განმავლობაში, უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში კითხვა უმრავლესობის მხოლოდ ერთმა წევრმა გაგზავნა. ყველაზე ნაკლები წერილობითი კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია გაგზავნილი.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ორი თვის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 წერილობითი კითხვა გაეგზავნა. აქედან ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის რეგლამენტით დადგენილი ვადა გასული არ არის, 8 კითხვაზე პასუხი გაცემულია. 6 კითხვაზე შსს-ს პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა პასუხის გაცემის ვადა გასულია. შსს-თვის ყველაზე მეტი წერილობითი კითხვა პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილს აქვს გაგზავნილი.

პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას კითხვა ეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს 28 წლის მამაკაცის მიერ 14 წლის გოგოს მოკვლის ფაქტს. კერძოდ:

  • დეპუტატი ითხოვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, იმ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების მითითებას, რის საფუძველზეც მიმდინარეობს გამოძიება.
წერილობითი კითხვა გაგზავნილია 10 ოქტომბერს,[2] თუმცა შსს-ს დეპუტატისთვის პასუხი ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვისაც[3] კი არ გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ კითხვაზე პასუხის გასაცემად რეგლამენტით დადგენილი ვადა გასულია.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლების საფუძველზე).[4] მომდევნო დღეებში დააკავეს   გარდაცვლილის ბიძა და დედა (სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 150-ე1, და 376-ე მუხლების საფუძველზე).[5] მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებისთვის ცნობილია. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ უპასუხა შსს-მ პარლამენტის დეპუტატს.

აგვისტოში შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე დეპუტატმა მიმართა. დეპუტატმა თამარ კორძაიამ წერილობითი კითხვის[6] მექანიზმის გამოყენებით გამოითხოვა, მათ შორის:

  • ძებნა-შველის ოპერაციის წერილობითი სამოქმედო გეგმები; შოვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილი ცხედრების პოვნის, მათი აღმოჩენის ადგილის, პოვნის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია; ცხედრების აღმოჩენის დროს შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმები; სტიქიის ზონაში ჩატარებული დათვალიერების ოქმები; ინფორმაცია ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გამოყენებული ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებისა და მეთოდების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატს მოაწოდა ინფორმაცია, თუ რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, უარი უთხრა კითხვით მოთხოვნილი დანარჩენი ინფორმაციის მიწოდებაზე.[7]

პარლამენტის წევრის თინათინ ბოკუჩავას კითხვა[8] ასევე ეხება აგვისტოს თვეში შოვში დატრიალებულ ტრაგედიას.
  • კითხვის ავტორი ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ ნაბიჯისა და ღონისძიების შესახებ, რომელიც განხორციელდა გამაფრთხილებელი შინაარსის შეტყობინების მიღების შემდგომ და, ასევე შემუშავებულ პროტოკოლს, სტრატეგიას, ნორმატიულ ბაზას, რომლის მეშვეობითაც ხდება მოსალოდნელი რისკის მართვა, პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება.
საგულისხმოა, რომ უფრო ადრე, მსგავსი შინაარსის კითხვა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააგზავნა, თუმცა, თინათინ ბოკუჩავასგან განსხვავებით, ანა ნაცვლიშვილი ასევე ითხოვდა ინფორმაციას პასუხისმგებელი პირის შესახებ („რომელსაც ევალება [გამაფრთხილებელი შეტყობინების] მიღება/დამუშავება და სამომავლო ნაბიჯების კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება“).[9]

მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ორივე დეპუტატის კითხვას დროულად უპასუხა, პასუხები შინაარსობრივი თვალსაზრისით პრობლემური, ზოგადი და არასრულია.[10] მაგალითად, ანა ნაცვლიშვილისთვის გაცემული პასუხის მიხედვით, „შეტყობინება იყო ზოგადი ხასიათის და ამ კონკრეტული შეტყობინებით, სტიქიის საშიშროების პროგნოზი და ზუსტი ლოკაციის განსაზღვრა შეუძლებელი იყო“ და ეს შეტყობინებები უკავშირდება სტანდარტულ მეტეოროლოგიურ მოვლენებს.[11] მიუხედავად იმისა, რომ კითხვების შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდება (ანა ნაცვლიშვილი ასევე ითხოვდა ინფორმაციას პასუხისმგებელი პირების შესახებ), ორივე დეპუტატის კითხვას იდენტური პასუხი გაეცა.

პასუხების მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამინისტროს ერთადერთი ამოცანა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა. თინათინ ბოკუჩავასთვის გაცემულ პასუხში არ არის ნახსენები იმ პროტოკოლის, სტრატეგიის, ნორმატიული ბაზის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ხდება მოსალოდნელი რისკის მართვა, პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება.

ყველაზე მეტი წერილობითი კითხვა, პარლამენტის წევრს ანა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. მის მიერ გაგზავნილი 9 კითხვიდან, ერთზე პასუხის გაცემის ვადა არ არის გასული, ხოლო 4 უპასუხოდ არის დატოვებული. უპასუხოდ დატოვებული კითხვები შეეხება:

  • აგვისტოს თვეში შსს-ს მინისტრის შვებულებაში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.[12]
  • ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ობიექტური გარემოების საფუძველზე გადაწყდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარების მიღება და რა ობიექტური გარემოების საფუძველზე ჩაითვალა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არ იდგა საერთაშორისო დახმარების მიღების აუცილებლობა.
  • საქართველოში სახანძრო-სამაშველო დანიშნულების საავიაციო პარკის საკითხს.[13]
საგულისხმოა, რომ ბოლო კითხვა დეპუტატმა განმეორებით გააგზავნა, რადგან პასუხი არ ჰქონდა მიღებული. თუმცა, უწყებას გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

დეპუტატის კიდევ ერთი უპასუხოდ დატოვებული კითხვა შეეხება:

  • „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიასთან“ და ზოგადად, წყალდიდობის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს.[14]
ამავე საკითხს შეეხება ანა ნაცვლიშვილის კიდევ ერთი კითხვა. კერძოდ, დეპუტატი ითხოვდა ინფორმაციას,[15]

  • „დაიწყო თუ არა გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით? დაიწყო თუ არა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე სხვა მუხლის საფუძველზე? დადებითი პასუხის შემთხვევაში, დანიშნულია თუ არა ექსპერტიზები და მოხდა თუ არა ღვარცოფის გამომწვევ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.“
იმავე დღეს, დეპუტატმა განმეორებით მიმართა შსს-ს და გამოითხოვა ინფორმაცია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების თარიღისა და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების შესახებ, რითაც გამოძიება დაიწყო.
სამინისტრომ ორ კითხვას ერთი წერილით უპასუხა და დეპუტატს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდა.[16]
ანა ნაცვლიშვილის კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა,[17]

  • იმ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც უწყება თავიანთი ნებით დატოვეს. ამასთან, ინფორმაციას - კადრების გადინების შესაძლო მიზეზების შესახებ.
სამინისტროს მიერ მიწოდებულ პასუხში მითითებულია სტატისტიკური ინფორმაცია, ხოლო მიზეზებთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ ეს ბუნებრივი პროცესია.[18]

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვა შეეხებოდა:

  • 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, თვეების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნით საქართველოში შემოსული, გასული და ამჟამად აქ მყოფი ავტომობილების რაოდენობას.[19]
კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული (31 ოქტომბრის მდგომარეობით) და არც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადა არ არის ამოწურული.

პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის კითხვა შეეხებოდა:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ (შტატგარეშე) პირთა და საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა რაოდენობას.[20]
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხი, რომლის მიხედვითაც, შსს დეპუტატს დანართის სახით უგზავნის გამოთხოვილ ინფორმაციას, თუმცა დანართი გამოქვეყნებული არ არის.[21]

საერთო ჯამში, გაგზავნილი კითხვებიდან ერთადერთი კითხვა ეკუთვნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა ლომინაძემ შსს-ს შემდეგი შინაარსის კითხვით მიმართა:

  • „2023 წლის პერიოდისთვის გამოვლენილია თუ არა თქვენს მიერ კანონდარღვევები ე.წ. რეიდის (პროაქტიული შემოწმება) საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ სტატისტიკა შესაბამისი მუხლების მითითებით.“[22]
უწყებამ კითხვის ავტორს სრული წერილობითი პასუხი მიაწოდა.[23]
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროს 7 წერილობითი კითხვა გაეგზავნა. აქედან 4 კითხვაზე პასუხი გაცემულია, ორ შემთხვევაში, პასუხის გაცემის ვადა გასულია, ხოლო ერთ კითხვასთან მიმართებით, ადრესატისთვის დადგენილი დრო ამოწურული არ არის. თავდაცვის სამინისტროსთვის ყველაზე მეტი წერილობითი კითხვა პარლამენტის წევრს თეონა აქუბარდიას აქვს გაგზავნილი. მისი ერთ-ერთი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში:

  • მემორანდუმის ფარგლებში თავდაცვის სფეროში რამდენ მოხალისე ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტრო ბოლო წლებში? თავდაცვის სფეროში მოხალისე ორგანიზაციებში რომელი ორგანიზაციები იგულისხმებიან თავდაცვის კოდექსის თანახმად? გთხოვთ მომაწოდოთ მათი სია და თითოეული ორგანიზაციის სპეციფიკა.“[24]
ორგანიზაციის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხი შინაარსობრივად გამართულია. მასში ჩამოთვლილია ორგანიზაციები, მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულების მითითებით, რომლებთანაც აქტიურად თანამშრომლობს სამინისტრო.[25]

უპასუხოდ არის დატოვებული პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის კითხვა, რომლითაც გამოთხოვილია შემდეგი ინფორმაცია:

  • 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამ წერილზე პასუხების მომზადების პერიოდამდე საქონელსა და მომსახურებაში გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, კომპანიების, შესყიდული საქონლისა და გაწეული მომსახურების დასახლების მითითებით.[26]
პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის კითხვა შეეხებოდა:

  • თავდაცვის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ (შტატგარეშე) პირთა და საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა რაოდენობას.[27]
მიუხედავად იმისა, რომ პასუხის გაცემისთვის რეგლამენტით დადგენილი ვადა გასულია, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ მოუწოდებია.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

წლების განმავლობაში არსებული დაკვირვება ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებიდან, ყველაზე სუსტი კონტროლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ხორციელდება. სექტემბერი-ოქტომბრის თვეში დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ ორი წერილობითი კითხვით მიმართეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეიმურაზ ჯანაშიას კითხვა მდგომარეობს შემდეგში:

  • „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. რომელი მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენი პირი იქნა გამოკითხული, რა ეტაპზეა გამოძიება და რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების ფარგლებში.“[28]
სუს-მა კითხვის ავტორს მიაწოდა ინფორმაცია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, რა ღონისძიებები გატარდა და რა ეტაპზეა გამოძიება, პასუხში მითითებული არ არის.[29] გამომდინარე იქიდან, რომ საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, აუცილებელია სამსახურმა საქმის მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წევრებს მიაწოდოს უწყებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის საკმარისი ინფორმაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გაგზავნილი მეორე შეკითხვა თეონა აქუბარდიას ეკუთვნის. კერძოდ, კითხვა ეხებოდა:[30]

  • საქართველოს მიერ IPRM-ის შეხვედრაზე გამოთქმულ მოთხოვნას („ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი საფლავები მოინახულონ, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში“) და ამ მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებულ პროგრესს.
ვებგვერდის მიხედვით, კითხვაზე პასუხი გაცემულია, თუმცა არ არის გამოქვეყნებული. თუ პასუხი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, რის გამოც მისი საჯაროობა მიზანშეწონილი არ არის, გარე კონტროლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მითითება გაკეთდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, საზოგადოებამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.[31] ოფიციალურად, უწყებას არც იმის შესახებ ჰქონდა განცხადება გაკეთებული, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი გამოკითხვაზე დაიბარა. უცნობია ისიც, სხვა რა საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს სუს-ი.[32] საგულისხმოა, რომ ფარცხალაძეს საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არც ერთ დეპუტატს წერილობითი კითხვა არ გაუგზავნია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების კონტროლისთვის, უფრო აქტიურად გამოიყენონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული  წერილობითი კითხვის მექანიზმი.


[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 148.1.
[2] parliament.ge, 10.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28891
[3] 2023 წლის 3 ნოემბერი
[4] formulanews.ge, 10.10.2023, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/99069
[5] formulanews.ge, 13.10.2023, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/99341
[6] parliament.ge, 28.09.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28783
[7] parliament.ge, 16.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28783
[8] parliament.ge, 02.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28800
[9] parliament.ge, 13.09.2023, ხელმისაწვდომია:  https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28592
[10] parliament.ge, 11.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28909
[11] parliament.ge, 28.09.2023, ხელმისაწვდომია:  https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28771
[12] parliament.ge, 13.09.2023, ხელმისაწვდომია:  https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28591
[13] parliament.ge, 06.09.2023, ხელმისაწვდომია:  https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28529
[14] parliament.ge, 06.09.2023, ხელმისაწვდომია:  https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28536
[15] parliament.ge, 06.09.2023, ხელმისაწვდომია:  https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28524
[16] parliament.ge, 28.09.2023 ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28775
[17] parliament.ge, 13.09.2023  ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28585
[18] parliament.ge, 09.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28855
[19] parliament.ge, 18.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28920
[20] parliament.ge, 18.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28930
[21] parliament.ge, 01.11.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/29110
[22] parliament.ge, 06.09.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28551
[23] parliament.ge, 26.09.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28683
[24] parliament.ge, 03.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28822
[25] parliament.ge, 16.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28915
[26] parliament.ge, 02.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28805
[27] parliament.ge, 18.10.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28935
[28] parliament.ge, 25.09.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28796
[29] parliament.ge, 29.09.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28677
[30] parliament.ge, 14.09.2023, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/28610
[31] publika.ge, ლილუაშვილი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა, 19.10.2023, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/liluashvili-otar-farckhaladzem-saqartvelo-gamokitkhvidan-meore-dghes-datova/
[32] democracyresearch.org, DRI: ფარცხალაძის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სუს-მა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, 19.10.2023, ხელმისაწვდომია: https://www.democracyresearch.org/geo/1316/
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024