DRI: ფარცხალაძის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სუს-მა საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს
2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა
[1] და ფინანსური და ეკონომიკური ოპერაციები შეუზღუდა. მიზეზად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში დასახელებულია ფარცხალაძეს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობა. ის მოხსენიებულია, როგორც ქართველ-რუსი ოლიგარქი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
აღნიშნულია ისიც, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენაში იყენებს.[2]
19 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა,
[3] რომ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება.
პროკურატურამ განცხადების გაკეთების საფუძვლად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და დეზინფორმაციული კამპანია დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ
სახელმწიფო უწყებები თავად საუბრობენ ფარცხალაძეს სანქცირებასთან დაკავშირებულ მაღალ საჯარო ინტერესზე, სუს-ის მიერ ამ დრომდე გაკეთებული ერთადერთი განცხადება აღნიშნულ საქმეზე მოკვლევის დაწყებას ეხება.
[4]
სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყნის ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვაა. ამასთან, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამსახურის ვალდებულებაა, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ (კანონმდებლობით დადგენილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვით), საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.
სამწუხაროდ, ამ დრომდე უცნობია, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი მუხლ(ებ)ით მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, სამსახურს არ გაუმჟღავნებია ოთარ ფარცხალაძის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი; უცნობია ისიც, სხვა რა საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს სუს-ი.
წლების განმავლობაში, ფორმალურად, ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.[5] თუმცა, იმ საქმეებზე, რომლებზეც შედეგი დადგა, ყოფილი მთავარი პროკურორი გამართლდა.[6]
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას უნდა აწარმოებდეს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე მუხლით, ისეთი დანაშაულისთვის, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ.
ყოფილი მთავარი პროკურორის სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება - ქართულ პოლიტიკასა და ქვეყნის მდგომარეობაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მხარდაჭერა - წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიულობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რაც საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას. თუმცა, წლების მანძილზე ოთარ ფარცხალაძის ხელშეუხებლობა, ეჭვქვეშ აყენებს საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ყოფილი მთავარი პროკურორის დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების ხარჯზე განხორციელებული კოორდინირებული ქმედებები ამყარებს ამ ეჭვებს.
საზოგადოების ლეგიტიმური წუხილის საპასუხოდ, რომ მაღალი თანამდებობის პირები შესაძლოა მფარველობდნენ ყოფილ მთავარ პროკურორს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ფორმალური განცხადების მიღმა, საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს შეძლებისდაგვარად ამომწურავი ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ.
ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სხვა საქმეების წარუმატებელი წარმოებიდან და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან მიმართებით გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონტროლის ყველა მექანიზმი, (მათ შორის, სუს-ის უფროსის ინტერპელაციის წესით დაბარება; პლენარულ სხდომაზე დაბარება; კომიტეტის სხდომაზე დაბარება; ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაბარება; წერილობითი კითხვის მექანიზმი).
[5] ლევან ყიფიანის გატაცების და მასზე ფიზიკური თავდასხმის საქმე, მთავარ პროკურორად დანიშვნის დროს ყალბი დიპლომის წარდგენის ფაქტი, მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი.