GEO   ENG
განცხადებები
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და დეზინფორმაციის მიმართულებით ახალ დათქმას ეხმაურება
13.11.2023

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს წინსვლას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის  ისტორიული არჩევანია, რომლის ურყევი ნება ბოლო წლებშიც არაერთხელ დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ. 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაახმოვანა.  

ევროკომისია შეთანხმდა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული დათქმებით. გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ჩამოთვლილი დათქმების ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, ნაწილი კი ახალია. მათ შორის, სიახლეს წარმოადგენს დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.  

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაერთიანებაში გაწევრების თაობაზე, შიდა და გარე აქტორების მხრიდან წარმოებული ანტიდასავლური კამპანია კიდევ უფრო მძლავრი გახდა. ამასვე ადასტურებს ევროკომისიის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა გახდა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების  კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. მიზანშეწონილი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან (დეზინფორმაციის) უფრო აქტიური გამოაშკარავება.“ ამას ადასტურებს კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშებიც, რომელთა მიხედვით, ანტიდასავლურ კამპანიაში გარე აქტორებთან ერთად, ჩართული არიან პროსახელისუფლებო ჯგუფებიც. 

გარდა ანტიდასავლური გზავნილებისა, ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს სხვა ტიპის დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციური ნარატივების გავრცელება არაავთენტური კოორდინირებული ქსელებით. ცნობისათვის 2023 წლის მაისში Facebook-ის მფლობელმა კომპანიამ, META-მ, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები წაშალა, რომლებიც ფეისბუქის ანგარიშით, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყვნენ დაკავშირებული.  

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაემიჯნოს ანტიდასავლურ გზავნილებს და მათ გამავრცელებელ ჯგუფებს, გამოიყენოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების რესურსი დანიშნულებისამებრ და, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებისთვის.  

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“, როგორც დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება, გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა მხარესთან ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების მიზნით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • ფრანკლინის კლუბი
  • ღია სივრცე კავკასია (COS)
  • დემოკრატიის მცველები
  • მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • აი, ფაქტი - Ifact 
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სოხუმი უცხოური აგენტების შესახებ კანონის განხილვას აჭიანურებს. პარალელურად, ოკუპირებულ გალში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა გრძელდება

აფხაზეთში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა და ვნებათაღელვა არ დამცხრალა.

24.05.2024
რას შეიძლება ველოდოთ ინალ არძინბას თანამდებობიდან წასვლის მერე?

ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას თანამდებობიდან წასვლამ თუ გადაყენებამ, აფხაზურ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

23.05.2024
მუჰაჯირობა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური შეფასების გარეშე
21 მაისს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები მუსლიმი აფხაზების მუჰაჯირობის დაწყების ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ.
21.05.2024