GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლების შერჩევითი დამოკიდებულება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ახალისებს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიას
11.01.2024
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 10 იანვარს ნატა ფერაძეს სახლთან „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის რეაგირებას. პოლიციამ უზრუნველყო აქტივისტის დაცვა, თუმცა სამართალდამცველების განსხვავებული დამოკიდებულება აქციის მოძალადე მონაწილეების მიმართ, კიდევ ერთხელ  ადასტურებს ხელისუფლების ლოიალურ პოლიტიკას ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ და ახალისებს შემდგომ ძალადობას. შედარებისთვის, 2023 წლის 2 ივნისის მშვიდობიან აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცარიელი ფურცლის გამო დააკავა.

9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ მატრონა მოსკოველის ხატს, სადაც იოსებ სტალინია გამოსახული, პროტესტის ნიშნად საღებავი შეასხა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა კი სამოქალაქო აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი მოწოდებები გაავრცელეს.  

10 იანვარს ნატა ფერაძის სახლთან „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ხატზე საღებავის შესხმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ნატა ფერაძე „ხატის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა“. ძალადობრივი აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოწოდებას და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. ისინი აჟღერებდნენ მუქარის შემცველ განცხადებებს, როგორც ნატა ფერაძის, ასევე, ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ შსს-მ ეფექტიანად უზრუნველყო აქტივისტის დაცვა პოლიციელთა დიდი რაოდენობით მობილიზებით და აქტივისტის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზის პოლიციის კორდონით გადაკეტვით. საჯაროდ გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციამ არ დაუშვა აქციის მონაწილეების მიერ სამართალდამცველთა ჯაჭვის გარღვევა.

მიუხედავად ამისა, აშკარა იყო სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება ძალადობრივი აქციის მონაწილეების მიმართ - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის სამართალდამცველებს აქციის მოძალადე მონაწილეების მიმართ არ გამოუყენებიათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებები, რაც აგრძელებს ხელისუფლების დათმობით პოლიტიკას და ახალისებს ძალადობას.  DRI-ის დაკვირვებით, პოლიციელების რეაგირება მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ბევრად მეტი სიხისტით ხასიათდება, ვიდრე ძალადობრივი აქციების მონაწილეების აგრესიული ქმედებების მიმართ.  

აქციის დასრულების შემდეგ, ნატა ფერაძის მხარდამჭერ აქტივისტებს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც, ამ დროის მონაცემებით შსს-ს გამოძიება არ დაუწყია.

DRI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში,  დაიწყოს გამოძიება  თავდასხმის ფაქტზე და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების საპროტესტო აქციაზე არ დაუშვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აღკვეთოს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026