GEO   ENG
სიახლეები
მართვის სისტემური პრობლემები ოკუპირებული ახალგორის რაიონის ჯანდაცვის სექტორში
01.02.2024
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საზოგადოებრივი სექტორის ეფექტურად მართვას ვერ ახერხებს. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის ფარგლებში მიღებული დახმარების მიუხედავად, ახალგორის რაიონში დე-ფაქტო თვითმმართველობის და რესპუბლიკური დაქვემდებარების ინსტიტუტები სისტემურ პრობლემებს აწყდებიან და თავის ფუნქციებს ვერ ასრულებენ. განსაკუთრებულად პრობლემურია ჯანდაცვის სექტორი.

მწვავე საკადრო პრობლემების და შესაბამისად, მომსახურების დაბალი ხარისხის წინაშე დგას ახალგორის საავადმყოფო. მიუხედავად, ცხინვალიდან დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის თომას ჯიგკაევის სტუმრობისა, რომელმაც ადგილობრივ ექიმებს შესაბამისი მითითებები დაუტოვა და მხარდაჭერაც აღუთქვა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ფინანსური და საკადრო დეფიციტის ფონზე უჭირს პასუხისმგებლობის აღება. ახალგორის საავადმყოფოს სტაციონარის მთავარმა ექიმმა მონიკა ჯიოევამ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა, რამაც სტაციონარში არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ახალგორის სტაციონარს მომსახურების საჭიროების მქონე მოქალაქეების მიღება არ შეუძლია. პაციენტებს, ვისაც სტაციონარში დაწოლა სურს, უარით ისტუმრებენ. ამ მდგომარეობის შესაცვლელად მთავარმა ექიმმა გადაწყვიტა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმებმა არა მხოლოდ მოიყვანონ ავადმყოფი სტაციონარში, არამედ მასზე ზრუნვა სტაციონარშიც გააგრძელონ. თუმცა იმის გამო, რომ ზედმეტად არ დაიტვირთონ, გამოძახებებზე წასულ სასწრაფო დახმარების ექიმებს პაციენტები სტაციონარში მაინც არ მოჰყავთ. გადაუდებელ შემთხვევაში კი, ავადმყოფებს ცხინვალში ამისამართებენ.

ჯანდაცვის სექტორში პროფესიული კადრების დეფიციტი საავადმყოფოს ადმინისტრაციას აიძულებს მინიმალური კვალიფიკაციის და სფეროში განათლების არმქონე პირები დაასაქმოს, რაც სავარაუდო კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშანიცაა. მაგალითად, ახალგორის საავადმყოფოში ლაბორანტად მუშაობს ადამიანი, რომელსაც შესაბამისი განათლება არ აქვს. სამედიცინო პერსონალად გაფორმებული თანამშრომლები არათუ განათლების და კვალიფიკაციის დონით არ შეესაბამებიან სფეროს მოთხოვნებს, არამედ არც ჩანან სამუშაო ადგილას.

ადგილობრივები შიშობენ, რომ თუკი ახალგორის საავადმყოფოს დირექტორი ამ სიტუაციას თავს ვერ გაართმევს, ცხინვალმა შესაძლოა სამსახურიდან გაუშვას არა მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც სამუშაო ადგილზე ფორმალურადაა გაფორმებული და სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს, არამედ ისინიც, ვის მხრებზეც რეალურად დგას ახალგორის საავადმყოფო.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და კონკრეტულად ახალგორის მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია, რთული ეპიდვითარების და ჯანდაცვის სექტორში არსებული სხვა პრობლემების გამო, მისი ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილება სულ უფრო რთული გახდება. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, სამედიცინო დახმარების მსურველ მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მომსახურებაზე.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024