GEO   ENG
სიახლეები
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს
28.02.2024
ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ძალადობრივ პოლიტიკას წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლოიალური დამოკიდებულება ასაზრდოებდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა „ალტ-ინფოს“ და „ქართული ოცნების“ ლიდერების თანხვედრაში მყოფ ან სულაც იდენტურ ანტილიბერალურ რიტორიკაზე, ხაზგასმით ლოიალურ დამოკიდებულებაზე ერთმანეთის მიმართ, უმოქმედობით წახალისებულ ძალადობაზე ან ხელისუფლების დემონსტრაციულ უარზე - გამოეძიებინა ღიად პრორუსული დაჯგუფების მიერ ორგანიზებული მასობრივი ძალადობის შემთხვევები, რამაც, საბოლოო ჯამში, „ალტ-ინფოს“ ხილვადობა და ლეგიტიმაცია შესძინა.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ და „ქართული ოცნების“ რიტორიკა ერთმანეთს 2023 წლის ნოემბერში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ დაშორდა, თუმცა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ ხელისუფლების ღია კრიტიკა მხოლოდ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ბექა ვარდოსანიძის რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დაიწყო. რიტორიკის მკვეთრი ცვლილების მიუხედავად, ამ ეტაპზე იმის მტკიცება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ნაადრევი, უფრო მეტიც, შეუძლებელია. მითუმეტეს, რომ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2024 წლის არჩევნებისთვის დაუბრკოლებლად ემზადება. 

რეგიონული შეხვედრები

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ერთ-ერთი პირველია, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში რეგიონებში ვიზიტებით დაიწყო. 2023 წლის განმავლობაში „ალტ-ინფომ“ შეხვედრები შვიდ ქალაქში - თელავში, გორში, ქუთაისში, რუსთავში, მცხეთაში, ბათუმსა და ზუგდიდში გამართა. პირველი შეხვედრა თელავში 2023 წლის პირველ ოქტომბერს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა.

2024 წელს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ აქტიურად აგრძელებს რეგიონულ ვიზიტებსა და მოსახლეობასთან შეხვედრებს. 2024 წლის 18 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით, ექვსი დღის განმავლობაში, დაჯგუფებამ  რეგიონული შეხვედრები კახეთის რვა  რეგიონულ ცენტრში: საგარეჯოში, წნორში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანში, ყვარელში, დედოფლისწყაროში და ლაგოდეხში გამართა.

ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ცენტრალურ ოფისში

22 იანვარს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალურმა დაჯგუფებამ თბილისის ცენტრალურ ოფისში თანამოაზრეებთან ყოველდღიური შეხვედრები დაიწყო. განცხადების მიხედვით, შეხვედრები შაბათ-კვირასაც ჩატარდება.

ოფიციალური ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეო მასალებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 22 თებერვლამდე, „კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ“ ცენტრალურ ოფისში სულ მცირე ექვსი შეხვედრა გამართა. დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის შოთა მარტინენკოს განცხადებით, ხალხის მხრიდან დიდი ჩართულობა და ინტერესია: „იმდენად დიდი ინტერესია, რომ ჩვენი მიზანი, რომელიც თბილისში 10.000 კაცის მობილიზებას ისახავდა, გეგმაზე ადრე სრულდება."

რადიკალური დაჯგუფების ფინანსური მდგომარეობა

ერთი შეხედვით, პრორუსულ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსური კრიზისი აქვს. მოძრაობის ოფიციალურ იუთუბ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ზურაბ მახარაძე ხალხს პარტიისა და ტელევიზიის დახმარებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად ამისა, ჯგუფი აგრძელებს ინტენსიურ რეგიონულ ვიზიტებს და შეხვედრებს თბილისის ცენტრალურ ოფისში. შესაბამისად, რადიკალური და ღიად პრორუსული დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობაო/ალტ-ინფოს“ შემოსავალი შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, ვიდრე ეს ღია წყაროებში ჩანს. 
დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024