GEO   ENG
განცხადებები
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია
15.03.2024
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა. Მათ შორის მიუთითა, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო სისტემა, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ისეთ წამყვან თანამდებობებზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება, როგორებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ პირობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავეს და არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ. აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა უზენაესმა სასამართლომაც, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს.

უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბაქაქურმა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის ამოქმედების თაობაზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებას მხარი არ დაუჭირეს და საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ. მსგავსი მოსაზრება დააფიქსირეს პირველი და მეორე ინსტანციის სხვა მოსამართლეებმაც. მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ სურთ, გახდნენ საქართველოს ევროპული მომავლის შემაფერხებელი ფაქტორი, შესაბამისად, მზად არიან გაიარონ კეთილსინდისიერების გადამოწმების ტესტი. 
 
მოსამართლეთა განცხადებების შემდეგ, ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია  წამოიწყო. პრემიერ-მინისტრმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს ხოლმე მიმდინარე მოვლენებზე. განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ასევე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს პარლამენტის წევრებმა ბექა ოდიშარიამ და დავით მათიკაშვილმა. აღნიშნული ქმედებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მიუღებელია სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები. 
 
პოლიტიკური ხელისუფლების ქმედებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვაცხადებთ:
  • აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თავდასხმა სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეზე საქმეთა გაჭიანურების საფუძვლით, განსაკუთრებით პრობლემურია. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქმეთა ჭარბი რაოდენობა და გაჭიანურება მთელი სასამართლო სისტემის პრობლემაა. მისი მოგვარება უპირველესად სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა, ნაცვლად პრობლემის გადაჭრისა, საქმეთა ჭარბი ნაკადი და ამით გამოწვეული განხილვის გაჭიანურება მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენება.

  • მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია, სრულყოფილად შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
დემოკრატიის მცველები 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
სოციალური სამართლიანობის ცენტრი  
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 
უფლებები საქართველო 
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის ქართული ოცნების გამარჯვება დამაიმედებელია

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ 53.93%-ით ლიდერობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის მისაღები და დამაიმედებელი აღმოჩნდა. 

01.11.2024
სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

„სტატუსმეტრის“ მე-2 გამოცემა აღწერს ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრული 9 მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

31.10.2024
არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია

დამკვირვებლებისგან საარჩევნო დარღვევის შესახებ მიღებული ასობით შეტყობინების გაანალიზების საფუძველზე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ.

29.10.2024