GEO   ENG
განცხადებები
მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თემა ვერ დაიხურება, რადგან ქართველი ხალხის დაკვეთა სასამართლოს გაჯანსაღება და ევროკავშირის წევრობაა
20.03.2024
ვეხმიანებით პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, ისინი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის საკითხს დახურულად აცხადებენ. სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა  საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების საკითხი.

დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს. ასევე, საგულისხმოა, რომ რამდენიმე გავლენიანი მოსამართლე სანქცირებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

ვფიქრობთ, პირველ რიგში, ხელისუფლების და თავად მოსამართლეების ინტერესი უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვის მოხსნა, რომლებიც მართლმსაჯულების პრობლემებსა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას ეხება. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა  კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს.

წამყვან პოზიციებზე დანიშნული მოსამართლეების და კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის მიზანი მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და ევროკავშირში გაწევრებაა.  შესაბამისად, ხელისუფლება ამ საკითხის დახურვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს.

სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შემოწმება საზოგადოებისთვის ვერ დაკარგავს აქტუალობას იქამდე, ვიდრე არ მიიღწევა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანი.

ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება.

სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
დემოკრატიის მცველები
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
სამოქალაქო იდეა
ეკო ცენტრი
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
შშმ ქალთა ალიანსი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიაომბუდსმენი
ქალი და განვითარება
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026