GEO   ENG
სიახლეები
DRI: ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება
08.04.2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. დასკვნითი პროცესი,  რომელიც  26  თებერვალს უნდა  გამართულიყო,  მოსამართლის  შვებულებაში გასვლის გამო,  28 მარტისთვის გადაიდო. პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლის უარი და პროცესის გადადება მოჰყვა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიდისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის  წევრის  მიმართ  ძალადობრივი  ქმედების  განხორციელება და  სხვისი  ნივთის  დაზიანება) მაშინ „გააცოცხლა“, როდესაც  მარტის  აქციებთან დაკავშირებულ სისხლის  სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა - თავისუფლების  აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.  

პროკურატურის მიერ ძველი საქმის „გაცოცხლება“ და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს  მოქალაქე  გიორგი  უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას,  აღნიშნული  ვადის  ხელოვნურად  გაგრძელებას  სხვადასხვა  ფორმალურად  კანონიერი  მეთოდებითა  და  საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში  მოდის  იმ  სიკეთესთან,  რის დაცვასაც  ადამიანის უფლებათა   და  ძირითად  თავისუფლებათა   დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებს.[1] 

* * *
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლაზარეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავება. აღნიშნული დანაშაულისთვის კოდექსი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
[1] საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1030
 
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026