GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
01.05.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2024 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი მშვიდობიანი აქციის დაშლის ფაქტს და აცხადებს, რომ შსს-ს აქციის დასაშლელად არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, ასევე, აქციის მონაწილეთა დაკავების უკანონო პრაქტიკა მოწმობს, რომ შსს თავის ქმედებებში გასცდა კანონიერების ფარგლებს. 

საჯაროდ გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პროტესტს არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი. შესაბამისად, აქციის ხაზგასმით მშვიდობიანი მიზნიდან[1] და შეკრების მონაწილეთა უმრავლესობის მშვიდობიანი ქცევიდან გამომდინარე, აქციის დაშლას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.

გარდა ამისა, საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი ახლო მანძილიდან და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე არაერთხელ გამოიყენეს, რის შედეგადაც, არაერთი ადამიანი დაშავდა. შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის თანახმად, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. აქციის დაშლის საწყის ეტაპზე შსს-ს დანაყოფების მიერ სრულად უგულებელყოფილი იყო აღნიშნული მოთხოვნა, მოგვიანებით კი, გაფრთხილებიდან საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებამდე გასული ვადა არ აკმაყოფილებდა გონივრულობის მოთხოვნებს.  

აქციის დასაშლელად საპოლიციო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოყენების გარდა, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას. აქციის მონაწილეთა დასაკავებლად გამოყენებული ტაქტიკა, რა დროსაც, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7-8 ნიღბიანი თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი მიზანში იღებდა ცალკე მდგომ დემონსტრანტებს, წრეში აქცევდა, სამართალდამცველების კორდონისკენ მიათრევდა ან უზღუდავდა ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას, არ წარმოადგენს კანონიერ საპოლიციო ღონისძიებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანების ხასიათი ასევე მოწმობს, რომ დაზიანებები (ძირითადად სახის მიდამოებში, ჩამტვრეული კბილები) არ შეიძლება იყოს კანონიერი  საპოლიციო ღონისძიებების შედეგი და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აშკარა ანგარიშსწორებას.
სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებასა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ თავდასხმას თან ერთვოდა შეკრების მონაწილეთა, მათ შორის, არასრულწლოვანთა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც. ამ დროისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელთ არსებული მონაცემებით, დაახლოებით 60-მდე ადამიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • აქციების დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან უკანონო ქმედებების შემდგომი პრევენციისთვის, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა ფაქტები;
  • შეამოწმოს 2024 წლის 30 აპრილს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის უკანონოდ დაშლის მანკიერი პრაქტიკა;
  • იმოქმედოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოს დემონსტრანტთა ფიზიკური უსაფრთხოება;
  • დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის იდენტიფიცირებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.
 
[1] როდესაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს განზრახული არ ჰქონდათ ძალადობა და არ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს ძალადობისკენ, CASE OF CISSE v. FRANCE (Application no. 51346/99, https://bit.ly/3kxQRxz.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026