GEO   ENG
სიახლეები
DRI: შსს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას არღვევს
02.05.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

2024 წლის 1 მაისს, შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზის ჭურვები, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, აკრძალულია ცრემლსადენი გაზის, წიწაკის გაზის ჭურვებისა და ხელყუმბარების გამოყენება უშუალოდ სამართალდამრღვევი პირის მიმართ, ან ადამიანების ჯგუფში, ან მათი განმეორებითი გამოყენება გაზგაშვებულ ადგილას, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც განმეორებითი გამოყენება აუცილებელია პირის ან პირთა ჯგუფის ძალადობისგან დასაცავად ან სხვა მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად.

შსს-მ სპეციალური საშუალებები თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე გამოიყენა, რასაც წინ უძღოდა აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სხვადასხვა საგნების სროლა და ჭიშკარზე ზემოქმედებით ხმაურის გამოწვევა. პარლამენტის ეზოში განლაგებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა მიმართ წყლის ჭავლი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ცრემლსადენი გაზი და წიწაკის გაზის ჭურვები ერთდროულად და ინსტრუქციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაერთგზის გამოიყენეს. შსს-მ აღნიშნული სპეციალური საშუალებები (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები) ერთდროულად და დიდი რაოდენობით გამოიყენა აქციის იმ მონაწილის მიმართ, რომელიც პარლამენტის ჭიშკრის თავზე ცდილობდა ევროკავშირის დროშის დამაგრებას.

შსს-ს ინსტრუქცია ასევე კრძალავს არალეტალური იარაღისა და არალეტალური ჭურვის გამოყენებას ოცი მეტრის დისტანციაზე ახლოს მყოფი პირის წინააღმდეგ, ასევე, სხეულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში (თავი, კისერი, მუცელი, გენიტალიები). ჩიტაძის ქუჩის სივიწროვე, პარლამენტის ეზოში სამართალდამცველებისა და ქუჩის პერიმეტრზე აქციის მონაწილეთა განლაგება არ იძლეოდა 20 მეტრიანი რადიუსის დაცვის შესაძლებლობას. სწორად ამით შეიძლება აიხსნას აქციის მონაწილეებისთვის მიყენებული დაზიანებების ხარისხი.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებოდ გამართული ბრიფინგის დროს უარყო რეზინის ტყვიების გამოყენება, საჯაროდ გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ აქციის მონაწილეებმა მიიღეს აღნიშნული სპეციალური საშუალებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში, მათ შორის, თვალისა და მუცლის არეში.

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, სამართალდამცავების უპირველესი ვალდებულება ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით მოქმედებაა. ამასთან, შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, სავარაუდო სამართალდარღვევის პრევენციისთვის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რაც ასევე გულისხმობს აქციის მონაწილეებთან/ ორგანიზატორებთან მოლაპარაკებას. სამკვირიანი პროტესტის განმავლობაში, შესაბამის პირებს აღნიშნული მექანიზმი არც ერთხელ არ გამოუყენებიათ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • გაასაჯაროოს სპეციალური ღონისძიებებისა და აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, სპეციალური ღონისძიების მიზნები და ამოცანები, ასევე, ინფორმაცია გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ;
  • უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება; დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი შემთხვევების დადასტურებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას სამართალდარღვევა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე;
  • ხელმძღვანელმა პირებმა გასცენ მხოლოდ კანონიერი მითითებები/ბრძანებები, ხოლო შესაბამისმა საპოლიციო ძალებმა არ შეასრულონ უშუალო ხელმძღვანელის უკანონო მითითებები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
  • სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებზე ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და იმოქმედოს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად;
  • შეამოწმოს შინაგან საქმეთა მინისტრისა ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის კანონიერება;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024