GEO   ENG
სიახლეები
DRI: აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად
13.05.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს, რაც ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებებად.

13 მაისის,  დაახლოებით დილის 6 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და  დემონსტრანტებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ პარლამენტის შენობის შესასვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს განცხადებით, გამოყენებული იქნებოდა „საპოლიციო ძალები“.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი. ასევე, აქციის მონაწილეების მხრიდან დეკლარირებული არ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირების განზრახვა. მიუხედავად აქციის ხაზგასმით მშვიდობიანი ხასიათისა, შსს-ს განცხადებიდან რამდენიმე წუთში, სამართალდამცავებმა ჟვანიას ქუჩის მიმდებარე მხარე ფიზიკური ძალის გამოყენებით იძულებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ დააკავეს აქციის 20 მონაწილე. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცავები დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და თავის არეში ანგარიშსწორების მიზნით ურტყამენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტთა დაკავების ფორმა არაკანონიერი და არაპროპორციული იყო - ათეულობით სამართალდამცავი, რომელთა უმრავლესობა ჩაცმულობის და აღჭურვილობის მიხედვით, არ წარმოადგენდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, წინასწარ მიზანში ამოღებულ აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდებოდა და პოლიციის კორდონში მიათრევდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ადვოკატების მიერ მონახულებულ დაკავებულთა უმრავლესობას აღენიშნება სერიოზული ფიზიკური დაზიანების ნიშნები.

საპროტესტო აქციის და მშვიდობიან მომიტინგეებთან ანგარიშსწორების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მხარი დაუჭირა.

პოლიციის უკანონო ძალადობრივი ტაქტიკების სანქცირება და დაუსჯელობა, ზრდის უკანონო ძალადობის მასშტაბებს და მიზნად ისახავს პროტესტის მუხტის ჩახშობას. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს:  

„ქართულ ოცნებას“:
  • დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • საქმიანობაში იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
  • მყისიერად და ეფექტიანად გამოიძიოს, როგორც 13 მაისის დილით, ისე გასული დღეების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026