GEO   ENG
განცხადებები
ქართული არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება - რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!
29.05.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხალისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით!

ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე!

მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს - ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს!

ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს.

ჩვენს ბრძოლას ხედავს და მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული მსოფლიო. რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, მაგრამ ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!

ეს საქართველოა! ჩვენ არ გავრუსდებით! ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით.

ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას - არა რუსულ კანონს! კი ევროპას!

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026