GEO   ENG
სიახლეები
ვიტალი კარბაიას საქმე: ეთნიკური დისკრიმინაციის მორიგი ინსტიტუციური დადასტურება ოკუპირებულ აფხაზეთში
21.06.2024

„ქართული ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს ასამარებს. კანონი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უკარგავს.

გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი 44 წლის ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობაში მონაწილე პოლიციელები გალის დე ფაქტო რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს ფაქტი ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური დისკრიმინაციის მორიგი ინსტიტუციური დადასტურებაა.

ვიტალი კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ის 2023 წლის 6 დეკემბერს გალის დე ფაქტო მილიციის თანამშრომლებმა შეპასუხების გამო სასტიკად სცემეს. კლინიკაში მიყვანილ ვიტალი კარბაიას ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები, ჰქონდა ტვინის შერყევა და  სისხლს აღებინებდა. მოგვიანებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი სიკვდილის თარიღად გაფორმებულია 9 დეკემბერი.

თავდაპირველად, გალის დე ფაქტო მილიცია და აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვალების მიზეზად დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაკავებისას მის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ქვეშ ყოფნას ასახელებდა. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიერ  მიღებული  ოფიციალური  ინფორმაციის თანახმად, „კარბაია უცენზურო სიტყვებით მიმართავდა პოლიციის თანამშრომლებს და მათ შენიშვნებზე არ რეაგირებდა. კარბაიას  შემოწმებისა და იდენტიფიცირების შემდეგ, ის გადაყვანილი იქნა გალის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც გამეტებით ცდილობდა საკუთარ სხეულზე მიეყენებინა დაზიანებები, რის შემდეგ ის გადაყვანილი იქნა რაიონის საავადმყოფოში მედიკამენტური ჩარევის მიზნით“.

კარბაიას თვითდაზიანების მიყენების შედეგად გარდაცვალების  შესახებ თავდაპირველ ვერსიას საზოგადოებაში დიდი მღელვარება მოყვა. გარდაცვლილის ოჯახის ახლო ნათესავების ჩარევითა და მოსახლეობის ზეწოლის შედეგად, აფხაზეთის დე ფაქტო  შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა კარბაიას დაკავებაში მონაწილე მილიციელების  წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო, რასაც ხელი შეუწყო აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველის ანას ქიშმარიას დროულმა  ჩარევამ, რომელმაც  აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კარბაიას საქმეზე შემოწმების მიზნით  მიმართა. მოგვიანებით, საქმეში ჩართული მილიციელების დაკავებამ და მათმა სასამართლო პროცესმა, სამართლიანობის აღდგენის იმედი გააჩინა. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა.

2024 წლის 28 მაისს, გალის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დახურულ რეჟიმში ჩატარებულ სასამართლო პროცესზე დაადგინა, რომ თემურ კარბაიას სიკვდილი მილიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი არა წინასწარ განზრახული, არამედ დაუდევარი ქმედებების შედეგად დადგა და დაკავებული პოლიციელები ალბერტ ზარაკუა და ვიანორ აბშილავა სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. მკვლელობაში ბრალდებულებს ჯარიმის სახით ორმოცდაათი ათასი რუბლის (ათას ექვსასი ლარის ეკვივალენტი) გადახდა მოუწევთ. მათ, ასევე, ერთი წლის ვადით აეკრძალათ საჯარო თანამდებობების დაკავების უფლება. ვარაუდობენ, რომ თითოეულმა დაკავებულმა მოსამართლეს ასი ათასი რუბლის (დაახლოებით სამი ათას ორასი ლარი) ქრთამი გადაუხადა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის უცნობია საქმის განმხილველი მოსამართლის ვინაობა.

ამასთან, თებერვალში ზუგდიდში დაკავებული იქნა  კარბაიას საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი - აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომელი, უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კვეკვესკირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის  უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით. აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, კვეკვესკირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო სისხლის სამართლის  საქმის მასალები აღნიშნულ საქმეზე ცალკე წარმოებად  არის გამოყოფილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურ ქართველებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა მხოლოდ აფხაზი ნათესავების გამოსარჩლებით და საშუალებით შეუძლიათ. სწორედ ასე შებრუნდა გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილების თანამშრომლების ალბერტ ზარაკუას და ვიანორ აბშილავას საქმე აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოში. თუმცა, შესაბამისი შედეგის გარეშე. ოკუპირებულ გალში მაცხოვრებელი ქართველებს ყოველდღიური ყოფითი შეხება აფხაზურ დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ან მილიციასთან კიდევ უფრო მეტად აუცხოებს მათ აფხაზებისგან, რაც რუსეთის მედიატორულ და პროტექტორულ როლს ზრდის, განსაკუთრებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პასიური, სტრატეგიული ხედვის არმქონე პოლიტიკის ფონზე.  

მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიად იქცა

ანგარიში ასახავს 6 ნოემბრიდან 30 მაისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობების და აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს. 

15.07.2024
ცხოვრება ენგურს მიღმა და ადამიანის უფლებები

11 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამართა დისკუსია „ცხოვრება ენგურს მიღმა - ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა გალში“. 

12.07.2024
მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს
27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. 
04.07.2024