GEO   ENG
ანგარიშები
მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიად იქცა
15.07.2024

15 ივლისს, 11:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ასახავს 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობების და აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია იმ პირების სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგები, რომლებიც უშუალოდ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ან აქციებთან დაკავშირებით დააკავეს.

დოკუმენტში მოცემულია შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო მოწესრიგების მოკლე მიმოხილვა. ასევე, საუბარია იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა მიღებაც უარყოფითად აისახება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე. დოკუმენტის მეორე ნაწილი 2023 წლის 6 ნოემბრიდან 15 აპრილამდე გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგების მიმოხილვას ეხება. ანგარიშის მესამე ნაწილი ეთმობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. რუსული კანონის დაინიცირებიდან 2024 წლის 30 მაისამდე განვითარებულ მოვლენებს. 

საპროტესტო აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების, კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის არაერთი უხეში დარღვევა, ძალადობის წახალისება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობა, აქციის მონაწილეთა დაშინებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები. კერძოდ:

  • საანგარიშო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წესი, დემონსტრანტები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
  • რუსული კანონისწინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე არც ერთ შემთხვევაში დემონსტრანტთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის იმ მასშტაბით დარღვევას, რაც მართლსაწინააღმდეგო შედეგს გამოიწვევდა ან მთლიან შეკრებას ძალადობრივად აქცევდა.
  • არც ერთ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, არ არსებობდა აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი.
  • რამდენიმე შემთხვევაში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სამართალდარღვევების სპორადული ხასიათიდან გამომდინარე, საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული სპეციალური ღონისძიებები არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულად, რამაც რამდენიმე შემთხვევაში აქციის დაშლის დროს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაშავება გამოიწვია.
  • რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს, შსს- არც ერთხელ არ დაიცვა აქციის დაშლის წინ, აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება.
  • რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს, სამართალდამცავებმა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში არაერთხელ შეუშალეს ხელი.
  • რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 200-ზე მეტი პირი დააკავეს. დაკავებულებს, როგორც წესი, არ განემარტებოდათ დაკავების საფუძველი და მათი საპროცესო უფლებები. ხშირად ეზღუდებოდათ ადვოკატის ყოლის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ აწვდიდა ინფორმაციას დაკავებული პირების ადგილსამყოფლის შესახებ.
  • სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა ერთ დაკავებულ პირს. რამდენიმე დაკავებულისთვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი (ძირითადად, დაშავებული სახე და ჩამტვრეული კბილები) მოწმობს, რომ დაზიანებები არ შეიძლება იყოს კანონიერი საპოლიციო ღონისძიებების შედეგი და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აშკარა ანგარიშსწორებას.
  • საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლოზე მტკიცებულებების სტანდარტი კვლავ უკიდურესად დაბალია.
  • ხელისუფლების მიერ ღიად მხარდაჭერილმა ორგანიზებულმა ჯგუფებმა აქციის მონაწილეთა დაშინების მიზნით კოორდინირებული სატელეფონო მუქარის კამპანია აწარმოვეს.
  • ორგანიზებულმა ჯგუფებმა დააზიანეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების ან მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები, შეურაცხმყოფელი წარწერებით, პლაკატებით და სტენსილებით ააჭრელეს ოფისების ან ორგანიზაციების ხელმძღვანელების საცხოვრებელი სახლების და ჭიშკრების ფასადები.
  • „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება და თანმხლები ვიდეო ადასტურებს, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ ახალისებს საპოლიციო ძალადობას, არამედ, ასევე, დგას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა და თავდასხმების უკან.

„საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“

დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024