GEO   ENG
სიახლეები
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ
25.07.2024

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე 2024 წლის 17 ივლისს დაინიციირდა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის და მშენებლობის უფლება ექნებათ. აფხაზური ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზემოაღნიშნულის კატეგორიული წინააღმდეგია.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწის და უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. ე.წ. აპარტამენტების შესახებ  კანონპროექტით კი  უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს ბინების შეძენა „აპარტ-სასტუმროებში“ აღარ აეკრძალებათ. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, აპარტამენტის მფლობელობა არ წარმოადგენს მოქალაქეობის ან/და ბინადრობის მოწმობის მინიჭების საფუძველს.

ასლან ბჟანიას მოცემული კანონპროექტის მიღება ჯერ კიდევ 2023 ივლისში „სურდა“, თუმცა    საზოგადოებისგან წამოსული პროტესტის ფონზე,  კანონპროექტი დე ფაქტო  პრეზიდენტს უკან დაუბრუნდა. ვითარება 2024 წლის ივლისში შეიცვალა, როდესაც კანონპროექტის მოდიფიცირებული ვერსია დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა წარმოადგინეს. მთავარი განსხვავება კანონის გავრცელების არეალია და  ის მხოლოდ ტყვარჩელს, ოჩამჩირეს, და გალს მოიცავს.

საზოგადოების აზრით, კანონის მიღება მიწის ფარულ გაყიდვას გულისხმობს და მისი მიზანი აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში გადაცემა იქნება.  კანონის მოწინააღმდეგეების განსაკუთრებულ წუხილს კანონპროექტის მასშტაბი წარმოადგენს. „30 ათასი აპარტამენტი, აფხაზეთში 60 ათასი უცხოელის დასახლებას გულისხმობს - აფხაზური მოსახლეობის აზრით, ისეთი პატარა ტერიტორიისათვის, როგორიც აფხაზეთია, ამ სახის მიგრაციული პროცესი დემოგრაფიული კრიზისის მიზეზი გახდება.

კანონპროექტის  განხილვა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, დაპირისპირება მოხდა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტის მიმართულებით ორჯერ გაისროლა, რის გამოც ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ბრალდებით  დააკავეს.

საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, 17 ივლისს სოხუმში, შემდეგ კი 19 ივლისს ოჩამჩირეში ჩატარებულ მიტინგზე 3-5 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა მთავარ მოთხოვნას კანონპროექტის მიღებაზე უარის თქმა და მოსახლეობასთან შეხვედრა წარმოადგენდა.

აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პროგნოზის მიხედვით, მსგავსი მასშტაბის წინააღმდეგობის ფონზე პარლამენტი კანონს ვერ მიიღებს. რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ ისინი  კანონის მიღების წინააღმდეგ  მისცემენ ხმას. თუმცა, პირადად ასლან ბჟანია და რუსეთის მაღალჩინოსნები ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიღებას მიმდინარე პერიოდში, წინააღმდეგობის მიუხედავად, ღიად აანონსებენ.  აქციების პარალელურად კი, სოხუმში სოჭიდან უსეთის სახელმწიფო სპეცრაზმი შეიყვანეს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია.

DRC: ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს

"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება  დააანონსა. 

03.02.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას.

03.02.2025