GEO   ENG
განცხადებები
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, ნდობა არ გამოუცხადონ გახარიას კანდიდატურას
06.09.2019
ბოლო სამი თვის მანძილზე, საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ შესაბამისი ორგანოები საპოლიციო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს დროულად გამოძიებდნენ. თავად გახარიას განცხადებით, აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ სისტემური შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, ის არამხოლოდ დატოვებდა თანამდებობას, არამედ, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებდა.

ახლა, როცა ჯერ კიდევ - ფორმალურადაც კი - არ დასრულებულა 20-21 ივნისის აქციების გამოძიების პროცესი და არ არის გარკვეული სამინისტროს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენა საჯარო პოლიტიკური დაპირების შეუსრულებლობა და საზოგადოების კრიტიკული განწყობების უგულებელყოფაა. ასეთი მიდგომა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ისედაც სუსტ და მყიფე ნდობას მძიმე დარტყმის მიაყენებს და არსებითად გამორიცხავს მიმდინარე გამოძიების ობიექტურად და სამართლიანად დასრულების შესაძლებლობას.

არსებული მდგომარეობა მკაფიოდ გამოკვეთს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოსა და მთავრობის მაკონტროლებლის როლს, სამართლიანად შეაფასოს გახარიას საქმიანობის შედეგები. მიგვაჩნია, რომ - სულ მცირე - მანამ, სანამ მკაფიოდ არ დადგინდება 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საქმეზე მინისტრის პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს გახარიას აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისგან. პარლამენტის მიერ ამ პასუხისმგებლობის აღება, დამატებით ბიძგს მისცემს მმართველ პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ აზრთან კონსენსუსით შეარჩიოს პრემიერ მინისტრობის ღირსეული კანდიდატი და 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ზრდას და შექმნის სამოქალაქო დაპირირსპირების საფრთხეს. 


ხელმომწერი ორგანიზაციები:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

მწვანე ალტერნატივა

EU Georgia info

კავშირი საფარი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
აფხაზეთის „ეკონომიკური ანექსია“ და “სუვერენიტეტის” საფრთხეები

ე.წ. საინვესტიციო პროგრამების განხორციელებით შეფარული ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მოახდინოს რეგიონის სრული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ანექსია. 

09.07.2026
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ანგარიშსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

OHCHR ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკე თავი  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას ეთმობა.

07.07.2026
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და მოსალოდნელი ანექსია

23 ივნისს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსახლეობას, ვიდეომიმართვის საშუალებით, საკუთარი გადადგომის შესახებ შეატყობინა. 

30.06.2026