2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა.
უმეტეს შემთხვევაში ძალადობა მიმართულია ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩეველთან მათი შეხვედრების ჩაშლას. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში პარტიების წარმომადგენლები ადგილზე გადაღებული ვიდეო მასალის მეშვეობით თავად ახერხებენ თავდამსხმელი პირების იდენტიფიცირებას, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გამოძიება თავდასხმის რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა ფიზიკური თავდასხმის იმ ფაქტებზე, რომელსაც ისინი თავად შეესწრნენ. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოჩენილი დემონსტრაციული მიკერძოებულობა ხელისუფლების მხარდამჭერების სასარგებლოდ და ნულოვანი რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე, შეუძლებელს გახდის არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებას.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი პარტიების პრესსამსახურების მიერ მოწოდებული და საჯარო წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდასხმის რამდენიმე შემთხვევას აჯამებს.
1. 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ჩაშლა სცადა პირთა ჯგუფმა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მათ შორის იყვნენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ნათესავი – მანუჩარ რიჟვაძე, ნუგზარ ინაიშვილი – ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ქართული ოცნების“ კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია – ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ქართული ოცნების“ კოორდინატორი) და გაბი კამაევი (ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სპეციალისტი).
2. 8 სექტემბერს, ქარელში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ წევრებს ქარელის მერის მოადგილის ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე და თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით და გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ საპატრულო პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენია.
3. 14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ლექსო ვალიაური გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა პარტიის საარჩევნო შეხვედრის მიმდინარეობისას სცემეს. ვალიაურის განცხადებით, მასზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრის მიმართ „მონის“ და „მოღალატის“ დაძახებას მოჰყვა. ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ვალიაურმა განაცხადა, რომ თავდასხმის მომენტში ახლოს იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის ესკორტიც, საიდანაც ირაკლი კობახიძეს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტის დანახვა შეეძლო. ოპოზიციონერის განცხადებით, თავდასხმას შეესწრო კრიმინალური პოლიციაც, რომელსაც ცემის ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია.
4. პარტია „ახლების“ რეგიონული შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, 18 სექტემბერს ქუთაისში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებს სააგიტაციო მასალის დარიგების დროს, რამდენიმე პირი ავტომობილით მიუახლოვდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შელაპარაკების შემდეგ, ბეისბოლის ჯოხით ფიზიკურად გაუსწორდა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ ახალგაზრდას თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. მომხდარის შედეგად დაზიანებები მიიღო მისმა მამამ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნულ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროებთანაც აზუსტებს.
5. 19 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს დაესხა 50-მდე პირი, რომელთა ნაწილს პარტია „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვა. პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მათ თავდასხმაზე არ აღუკვეთავთ. ნაციონალურმა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ თავდასხმაში მონაწილე პირები დაასახელა: შოთა ბაჯალაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, გოგა მოსია - ა(ა)იპ ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე; დიმა გოგოხია, რამაზ ბაღბაია, დათა დარსანია - „ქართული ოცნების“ აქტივისტები; ზვიად მალაზონია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული მოხელე; თეონა ქარდავა - სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელი.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შემჭიდროებულ ვადებში ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევები და საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.