GEO   ENG
ანგარიშები
ოკუპირებული რეგიონები და ადამიანის უფლებები
10.10.2024

10 ოქტომბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის - „ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან“ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და რუსეთის მიერ ანექსიური პოლიტიკის გაძლიერება.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაში და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმებში გამოიხატა. თბილისისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ორ თვეზე ნაკლებ დროში მიიღო, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, ჯერ კიდევ არ დაუწყია 2024 წლის თებერვალში ბჟანიას მიერ წარდგენილი კანონპროექტის „არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ“ განხილვა. თავის მხრივ, ოკუპირებულ ცხინვალში, 2014 წელს რუსეთის ანალოგიური კანონმდებლობის მიღებამ, ფაქტობრივად, გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია.

ანგარიშში ასევე საუბარია ოჩამჩირეში განთავსებულ რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე, რომელიც, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის დეკლარირებული ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. საგანგაშოა დაკავებებისა და საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი ეთნიკურად ქართველების მდგომარეობა. გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიციის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა გალის მკვიდრი ვიტალი კარბაია, ამასთანავე მეოთხე წელია უკანონო პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა. ამას ემატება განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რაც 2024 წლიდან აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების არარსებობა აფხაზეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადინების მთავარი მიზეზია - დემოგრაფიული პრობლემები ყველაზე მწვავედ გალის რაიონში დგას.

ცხინვალის რეგიონში არსებულ პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი გადაადგილების თავისუფლების კუთხით შექმნილ დაბრკოლებას უჭირავს. ადამიანებს, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს, დე ფაქტო უწყებები გადაადგილების თავისუფლების კუთხით სხვადასხვა ბარიერების უქმნიან, რაც მოსახლეობის მდგომარეობას ამძიმებს და მათ სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისების მიღების, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენის და ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობას ართმევს. ცხინვალში კვლავ გამოწვევად რჩება განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საკითხი. თუ ახალგორის სკოლებში სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან სწავლება სრულად რუსული პროგრამით ჩანაცვლდა.

ოკუპირებული ცხინვალის მხარეს კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები. 2023 წელს საქართველოს 31 მოქალაქე გაიტაცეს, რაც 2022 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება. ხაზგასასმელია, რომ დაკავებების ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოხდა. საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისის ეკლესიის მიდამოებში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სოფელ კირბალის მკვიდრი საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია იმ რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებმაც თამაზ გინტურს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას მათთვის ბრალი არ წაუყენებია.

 „ადამიანის უფლებებისაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან“

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026