GEO   ENG
სიახლეები
DRC - საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების არ შემოშვების შემაშფოთებელი ტენდენცია გრძელდება
23.10.2024

ჩეხი ჟურნალისტი, რეპორტიორი და ფოტოგრაფი, რეი ბეისლი რომელიც აქტიურად აშუქებდა საქართველოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ  მიმდინარე საპროტესტო აქციებს, 22 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია ჟურნალისტმა თავად გამოაქვეყნა Twitter-ზე, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის არ განუმარტავთ საზღვრის კვეთის შეზღუდვის საფუძველი. დემოკრატიის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო კონტაქტი ჟურნალისტს სტუდია მონიტორთან ჰქონდა. კერძოდ,  მათ  განუმარტა, რომ  ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ.  ამის შემდგომ ჟურნალისტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ბოლო ინფორმაციით, ჟურნალისტი  საქართველოში იმყოფება და მისი ჩეხეთში გაბრუნება შაბათს, 26 ოქტომბერს იგეგმება. მას კვლავ შეზღუდული აქვს ტელეფონზე წვდომა. დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტმა თავად გამოაქვეყნა, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი და ბუნდოვანი  პუნქტი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.”  გამომდინარე იქიდან, რომ რეი ბეისლი აქტიურად აშუქებდა საპროტესტო აქციებს საქართველოში, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მისი საზღვარზე არშემოშვება დაკავშირებულია სწორედ 2024 წლის გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში ჟურნალისტის სტატუსით მონაწილეობასთან.  აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს ყოველგვარი განმარტების გარეშე აეკრძალათ საქართველოს საზღვრის კვეთა.  მაგალითად, იგივე ბუნდოვანი მიზეზით საქართველოში 2022 წლის ნოემბერში, არ შემოუშვეს  Pussy Riot-ის აქტივისტი ნიკა ნიკულინი და „მედიაზონის“ რედაქციის მენეჯერი გალა ლატიგოვსკაია. თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჟურნალისტისთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმა მეტ-ნაკლებად ახალი  და შემაშფოთებელი ტენდენციაა.

საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოა, ამ დრომდე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.  

დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროული რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას, თუ რის საფუძველზე შეეზღუდა მას ქვეყანაში შემოსვლა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება.

სახელმწიფო ვალდებულია კანონის ფარგლებში უზრუნველყოს, როგორც ადგილობრივი, ასევე  უცხოელი ჟურნალისტების მხარდაჭერა და წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. დემოკრატიის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ თუკი ბუნდოვანი და გაურკვეველი მიზეზით, გაგრძელდება უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არ შემოშვების პრაქტიკა, ეს სათანადოდ აისახება არჩევნების ხარისხზე და აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ გავლენას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზეც.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026