GEO   ENG
სიახლეები
სააპელაციო სასამართლოებმა სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს
10.11.2024

საარჩევნო დავები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დასრულდა. საბოლოო ჯამში, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში კოალიციური სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ მონაწილეობით დავა მიმდინარეობდა საქართველოს მასშტაბით 245 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, რომელშიც 415 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ყველა მოთხოვნა უარყოფილ იქნა ქუთაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებებით. 

29 საოლქო საარჩევნო კომისიამ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ საჩივრები წარდგენილი მტკიცებულებების სათანადო და ობიექტური შესწავლის გარეშე, დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს. სააპელაციო განხილვის ეტაპზე ქუთაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა ასობით საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის თაობაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების ერთ წარმოებად გაერთიანებით დაარღვია საარჩევნო დავების განხილვის საერთაშორისო სტანდარტები, რომელთა თანახმად, საარჩევნო დავები სამართლიანმა სასამართლომ ეფექტიანად და მხარეთა თანასწორობის პრინციპის საფუძველზე უნდა განიხილოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 5 და 6 ნოემბერს განიხილა და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრები, რომლებითაც ვითხოვდით დასავლეთ საქართველოს 66 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას. 7 ნოემბერს, თითქმის 22 საათიანი უწყვეტი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის სააპელაციო  სასამართლომ ასევე უარი განაცხადა ჩვენი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რომლებითაც მოთხოვნილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების 16 გადაწყვეტილებისა და 163 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წალკის საარჩევნო ოლქში  შემავალ 2 უბანზე, ხმის ფარულობის დარღვევის გამო  კენჭისყრის შედეგების ბათილობის თაობაზე. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან მიღებული შეტყობინების თანახმად, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა ჩვენი სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო გორის საარჩევნო ოლქში 14 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობა. 

ჩვენი სააპელაციო საჩივრები ეფუძნებოდა ხმის ფარულობის დარღვევას, დამკვირვებლებისათვის დაკვირვების პროცესში ხელშეშლას, საჩივრების რეგისტრაციაზე დამკვირვებლების მოთხოვნაზე უარს, ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას, ხმის რამდენჯერმე მიცემას, მარკირების წესების დარღვევას, სხვის მაგივრად ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობის ან პირადი ნომრის გამოყენებით, საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას და სხვა.

ორივე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ „ქართულ ოცნებასთან“ ან სასამართლოში არსებულ „კლანთან“ დაახლოებული ან თავად კლანის წევრი მოსამართლეები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლეები იყვნენ: ზაზა რამიშვილი, ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე და ხობის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამა - შოთა სირაძე; ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოში: დავით ახალბედაშვილი, გოჩა დიდავა და კლანის ერთ-ერთი ლიდერი - დიმიტრი გვრიტიშვილი.

სადამკვირვებლო მისიის  „ჩემი ხმა“ დამკვირვებლები კენჭისყრის დღეს 1131 საარჩევნო უბანს  მუდმივად, ხოლო ასობით უბანს მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდნენ. აღნიშნული უბნებიდან: დამკვირვებელს ხელი შეეშალა დაკვირვებაში - 160 საარჩევნო უბანზე; მარკირება არ შემოწმებულა  - 191 საარჩევნო უბანზე; მარკირება არ კეთდებოდა - 153 საარჩევნო უბანზე; ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 365 უბანზე; ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა  დაფიქსირდა - 85 უბანზე; არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ - 259 საარჩევნო უბანზე. ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, ანუ ჩვენ მიერ დაკვირვებული უბნების 17%, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემური ხასიათი. 

აღნიშნული დარღვევები გასაჩივრებულ იქნა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებში, ხოლო შემდეგ საერთო სასამართლოებში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველა საარჩევნო დავა ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარით დასრულდა.


დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024