GEO   ENG
სიახლეები
საზოგადოებრივი მაუწყებელი "მაუწყებლობის შესახებ კანონს" არღვევს მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და დირექტორმა პოსტები უნდა დატოვონ
23.12.2024

2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის ეს გამოსვლა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ  ინსტიტუტში, ნებისმიერ დროს დაიმსახურებდა ქართული მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას, და განსაკუთრებით ახლა, როცა გამოსვლის თემა იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის მონაწილეობა ამ კრიზისიდან გამოსვლაში. მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  „ნ“  ქვეპუნქტი საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ დაუთმო პირდაპირი ეთერი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არსებული მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. უფრო მეტიც, ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს არა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშემწყობი, არამედ პირიქით ევროსკეპტიკური განწყობების გამაღვივებელ განცხადებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამჟამად უძღვება პოდკასტების სერიას, რომლის ძირითადი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე სისტემატურად გამოხატავენ ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს, ავითარებენ შეხედულებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროპიდან მზაობის არ არსებობის გამო, რომ საქართველოს სჭირდება ალტერნატიული საგარეო ინტეგრაციის მოდელები, როგორიცაა 3+3 და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკური მიკერძოება მმართველი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აშკარაა. მაღლაფერიძეს 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, შემდეგ 2021 წელს მცირე ხნით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს პოსტი მან როგორც საჯაროდ განმარტა, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა, მაგრამ აცხადებდა, რომ პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ შესცვლია. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პოსტიდან გადადგომის შემდეგ, მაღლაფერიძე დაბრუნდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაღალ თანამდებობაზე, ამჯერად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ის ევროსკეპტიკური დამოკიდებულება, რომელსაც მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოდკასტებში ავლენს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციის ვალდებულების შეუსრულებლობა, სრულიად ემთხვევა უკანასკნელ წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ ანტიდასავლურ პოლიტიკას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სრულიად შეუძლებლად მიგვაჩნია, არსებული მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს პარტიული ნეიტრალიტეტის დაცვა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციის გაგრძელება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად, მაუწყებლის მიერ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების და საზოგადოების ადეკვატურად ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მოვითხოვთ:

თანამდებობები დატოვონ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ და გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

 

დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)

"უფლებები საქართველო"

ადამიანის  უფლებათა ცენტრი(HRC)

"საფარი"

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

"მწვანე ალტერნატივა"

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (გრასი)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHP)

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026