GEO   ENG
სიახლეები
ცხინვალში ოპოზიციონერებზე ფიზიკური ძალადობა და რეპრესიები მატულობს
17.01.2025

ცხინვალში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, რომელშიც ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ, აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას კრიტიკისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

ამ ინციდენტებს შორის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა ეხება ალექსანდრე ქელეხსაევის, გაზეთ „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი მთავარი რედაქტორის და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას. გავრცელებული ინფორმაციით, ქელეხსაევი საღამოს საათებში, სოციალურ ქსელში ოდნავ ირონიული კომენტარის გამო, რომელიც კომუნალურების ზრდას ეხებოდა,  გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულ კომენტარში არც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი და არც ე.წ. ხელისუფლება არ იყო ნახსენები. ქელეხსაევის თქმით, კომენტარის დაწერიდან მალევე, ორი უცნობი პირი მის სახლთან გამოჩნდა და იგი მანქანაში ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს.  ამის შემდეგ ქელეხსაევი ე.წ. პრეზიდენტის კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც ალან გაგლოევმა მას აჩვენა ამონარიდი მისი დაწერილი კომენტარიდან და განაცხადა, რომ ის „ინფორმაციული ომის“ ნაწილი იყო. 14 იანვარს ალექსანდრე ქელეხსაევმა ფეისბუქზე დაწერა, რომ შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან გაგლოევს და მიიღო გარანტიები, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ არ სურს მათი დასჯა კანონის სრული სიმკაცრით და გამოაქვს განცხადება პროკურატურიდან. ქელეხსაევი აღნიშნავს, რომ ისინი „მოგვარდნენ“ და მსგავსი ინციდენტები მომავალში არ განმეორდება.

კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მოხდა კონსტანტინე პლიევის მიმართ, რომელიც დე ფაქტო პარლამენტში ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატია. გავრცელებული ინფორმაციით, პლიევს, რომელიც კონფლიქტის დროს ხალხს აშველებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ე.წ. მმართველი პარტიის „ნიხასის“ წარმომადგენლები. პლიევი აცხადებდა, რომ მისი დაზიანება პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო, რადგან იგი მხოლოდ აშველებდა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს. თუმცა, როგორც საუბრობენ სოციალურ ქსელებში, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები. პლიევს და მის ოჯახს დაემუქრნენ ფიზიკური ძალადობით, თუ ამ ფაქტს გაასაჯაროებდნენ. საბოლოოდ, მომხდარი მაინც გახდა საჯარო და როგორც საუბრობენ პლიევი იძულებული გახდა, გამოექვეყნებინა ,,დამამშვიდებელი ტექსტი“, რომელიც არავინ დაიჯერა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქელეხსაევის მსგავსად, პლიევიც მიიყვანეს გაგლოევის კაბინეტში. სოციალურ ქსელებში ხალხი შეშფოთებას გამოთქვამს, ერთმანეთთან აკავშირებენ პლიევის და ქელეხსაევის წინააღმდეგ მომხდარ ფაქტებს და წერენ, რომ ე.წ. რესპუბლიკის მთავრობამ ღიად დაიწყო რეპრესიები.

ქელეხსაევის და პლიევის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ე.წ. ოპოზიციური პარტიების მხრიდან. აცამატ ბიბილოვმა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა, მკაცრად დაგმო ძალადობა და გაიხსენა წინა შემთხვევები, როდესაც ამგვარი ინციდენტები სხვა პირების მიმართაც იყო განხორციელებული, მათ შორის ყოფილი პროკურორის, ალან კულუმბეგოვის წინააღმდეგ. ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პატივი უნდა სცეს მოქალაქეების უფლებებს, რომელიც დაცულია ე.წ კონსტიტუციით. 

სოციალურ ქსელებში მრავალი ადამიანი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მსგავსმა ინციდენტებმა შესაძლოა შექმნას კიდევ უფრო რთული პოლიტიკური ვითარება. მოსახლეობა კრიტიკულად ეკიდება ალან გაგლოევის ნაბიჯებს და უკიდურესად შეშფოთებულნი არიან, რომ ის შესაძლოა „კადიროვის“ გზას მიჰყვეს. მომხდარი ფაქტები და მათ უკან არსებული პოლიტიკური დინამიკა აშკარად მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ტონი მკვეთრად იზრდება, და რეპრესიები შესაძლოა უფრო ფართო მასშტაბებით გაგრძელდეს.

DRC: ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს

"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება  დააანონსა. 

03.02.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას.

03.02.2025