2025 წლის 21 იანვარს,
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვს
15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს „სახელმწიფო ღალატში“ და
სამხედრო საიდუმლოს საქართველოსთვის გადაცემაში. სასჯელის მოხდას მურადოვი მკაცრი რეჟიმის
კოლონიაში გააგრძელებს.
ე.წ. აფხაზეთის პროკურატურის
განცხადებით, მურადოვი ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეა, თუმცა მისი დაკავების დროს დე ფაქტო
აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მას საქართველოს პასპორტიც
აქვს. მისი დაკავება სოხუმში 2024 წლის 14 მაისს მოხდა. მოგვიანებით, დე ფაქტო უსაფრთხოების
სამსახურმა გაავრცელა
მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო. ვიდეოში მურადოვი საუბრობს საქართველოს სპეცსამსახურებთან
კავშირებზე და აცხადებს, რომ მას დაევალა „აფხაზეთის ტერიტორიაზე ლოიალური ადამიანების
მოძებნა, რომლებიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას უჭერენ მხარს.“
მისი თქმით, საუბარი იყო 1 მილიონი ლარის გამოყოფაზე, რაც, აფხაზეთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო
პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარებოდა.
დე ფაქტო ხელისუფლების
ინფორმაციით,
მურადოვი „აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას საქართველოს სპეცსამსახურებს, რაც საფრთხეს
უქმნიდა აფხაზეთის უსაფრთხოებას.“ ასევე ითქვა, რომ მურადოვს „ჰქონდა კონტაქტები საქართველოს
სახელმწიფო საბჭოს ე.წ. გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, რადიკალური ნაციონალისტური
ჯგუფის „მხედრიონის“ წევრებთან და ქართული ლეგიონის წევრებთან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული
ძალების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.“
მურადოვის ერთ-ერთი დავალება, აფხაზური მხარის თქმით, იყო აფხაზეთში რუსეთის მხრიდან
შემოსული მატარებლების მონიტორინგი, რათა გაერკვია, გადაჰქონდათ თუ არა სამხედრო ტექნიკა.
საინტერესო ფაქტია, რომ მურადოვი 1994-1999 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელი იყო და დიდი ხანი დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა.
აფხაზი საზოგადოება
მურადოვის დაპატიმრებას და ე.წ ოფიციალური ბრალის წაყენებას სიხარულით შეხვდა.
მათი მთავარი მესიჯი დე ფაქტო ხელისუფლებისთვის არის, რომ გააგრძელონ მსგავსი აგენტების
ძიება და მათი უმკაცრესად დასჯა.
ამ დრომდე პატიმრობაში
მსგავსი ბრალდებებით რჩებიან: ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე და ასმათ თავაძე. აღნიშნულ
საქმეებს შორის ყველაზე მეტად ქრისტინე თაკალანძის პატიმრობაა ახლოს მურადოვის საქმესთან.
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა მას საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას ედავება. მარიონეტული
რეჟიმი ასეთ პრაქტიკას იყენებს ყველას წინააღმდეგ, ვინც დე ფაქტო ხელისუფლებას უპირისპირდება.
გარდა ამისა, აფხაზეთში
პოპულარულია სხვა ტიპის ბრალდებებთან ერთად დამატებით ორი პუნქტის წაყენება – იარაღის
უკანონო შენახვა/ტარება და ნარკოტიკული საშუალებების ფლობა. მაგალითად, ირაკლი ბებუასთვის
ბრალდების დასამძიმებლად ადგილობრივმა მილიციამ ხელყუმბარა „ჩაუდო“, ხოლო ასმათ თავაძეს
ნარკოტიკული საშუალებების შენახვას ედავებიან. დე ფაქტო ხელისუფლება მსგავს პრაქტიკას
აქტიურად იყენებს და საქართველოს მოქალაქეებს უსამართლოდ ასამართლებს აბსურდული ბრალდებებით.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს
ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას უზრუნველყოფდა.
კახა მურადოვის 15
წლიანი პატიმრობა, კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს დე ფაქტო ხელისუფლების
მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ არაერთ უსამართლო და აბსურდულ
ბრალდებას. შედეგად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება
აგრძელებს გაუმართლებელი და დამამცირებელი ბრალდებების წაყენებას საქართველოს მოქალაქეების
მიმართ.
5 თებერვალს, ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება დაუანონსა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, კანონმდებლობაში ცვლილებების
შეტანის გზით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას.