GEO   ENG
სიახლეები
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს
09.12.2019

კონსტიტუციის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს.[1] სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 5 დეკემბერს ამოეწურა.

კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გამწესდეს ახალი მოსამართლე.[2] თუმცა უზენაეს სასამართლოს ქალბატონი მაია კოპალეიშვილის შემცვლელი დღემდე არ აურჩევია, რითაც ის კანონის მოთხოვნებს არღვევს. ამაზე კი პასუხისმგებლობა უპირველესად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ მზია თოდუას ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა.[3]

კანდიდატის მოსამართლედ ასარჩევად საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების 2/3.[4] საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობა კრიტიკულად არის შემცირებული, თუმცა, პლენუმის გადაწყვეტილებაუნარიანობისთვის, მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა დადგენილი არ არის. ამდენად, ეს ფაქტორი ვერ ჩაითვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და პლენუმის მხრიდან საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის სათანადო მიზეზად. ამ ეტაპისთვის პლენუმის შემადგენლობაში 12 მოსამართლეა (უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები.)

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება 10 წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება[5] და მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება დღევანდელი მოცემულობით დაუშვებელია, მათ შორის მიმდინარე საქმეების დასრულების მიზნით. ამის გათვალისწინებით, გამოკლებული მოსამართლის დროულად ჩაუნაცვლებლობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებისთვის დამატებითი გამოწვევაა.

კოალიცია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსა და პლენუმს უმოკლეს ვადებში დანიშნოს მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში.


[1] საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი.

[2] საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი.

[3] საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი.

[4] იქვე.

[5] საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული შესახებ კანონის მე-18 მუხლი.

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026