GEO   ENG
სიახლეები
„ქართული ოცნების“ ოცნების ხელისუფლებამ განაახლა დაუსაბუთებელი დაკავებების რეპრესიული ტალღა
29.03.2025

28 მარტს „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციაზე „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავა. როგორც უწყებიდან მედიას აცნობეს, ორი პირი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციაზე შეკრებილებს პოლიცია აკავებდა 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის საპირისპირო მხარეს მდებარე ტროტუარზე. მათ არ აძლევდა ქუჩის გადაკვეთის და უშუალოდ პარლამენტის შენობის გასწვრივ არსებულ ტროტუარზე გადასვლის შესაძლებლობას, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრულიად დაუსაბუთებელი შეზღუდვაა. სწორედ აქ მოხდა პირველი დაკავება, როდესაც პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. შემდგომ დაკავებები გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე. როგორც ცნობილი გახდა, 2 დაკავებული პირი ხელწერილის საფუძველზე უკვე თავისუფალია.

გარკვეული დროის შემდეგ, საპოლიციო ძალებმა სრულიად გადაკეტეს პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილისა და ჩიტაძის ქუჩები, სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ შენობაში მყოფ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებს მისცენ საშუალება საპროტესტო აქციის გვერდის ავლით დატოვონ ტერიტორია.

„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაჟღერებული განცხადებების გამო აღშფოთებული ხალხი განაგრძობს პროტესტს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქცია მშვიდობიანია და შეკრებილ ადამიანებს სრულად უნდა მიეცეთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.  თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში საპოლიციო ძალების უსაფუძვლო გამოყენების მავნე პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებობს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების რისკი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

  • საქართველოს სახალხო დამცველს - საკუთარი მანდატის შესაბამისად,  გაესაუბროს დაკავებულ ადამიანებს, დაიწყოს მიმდინარე საპროტესტო აქციის მონიტორინგი და როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო  საზოგადოებას სწრაფად აცნობოს საკუთარი შეფასება, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტების და პოლიციის მოქმედებების შესახებ. 
  • საერთაშორისო საზოგადოებას - განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მიმართ სამართალდამცავთა ქმედებებზე და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიული მოპყრობის შესაჩერებლად, მათ შორის გამოიყენონ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სანქცირების მექანიზმებიც.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026