„ქართული ოცნება“ აგრძელებს სამოქალაქო ორგანიზაციებზე
და უფლებადამცველებზე ზეწოლას. „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ
რეპრესიულ აპარატს, შესაბამისად, იყენებს სხვადასხვა შემზღუდავ ზომებს სამოქალაქო სექტორის
წინააღმდეგ. კერძოდ: იღებს კანონებს, რომლის
მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაფინანსების წყაროების შეზღუდვა. ასეთი კანონების
მაგალითებია: 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და 2025 წელს მიღებული
FARA-ს კანონები, ისევე როგორც „გრანტების შესახებ“ კანონში
ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დონორმა ორგანიზაციამ საქართველოში გრანტის გაცემამდე
ნებართვა საქართველოს მთავრობას უნდა სთხოვოს.
რეპრესიული კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, „ქართული
ოცნების“ პროპაგანდა მიზანმიმართულად აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის
კამპანიას, მოიხსენიებს მათ უცხოეთის აგენტებად, სამშობლოს მოღალატეებად. დამოუკიდებელი
ორგანიზაციების საქმიანობას, უცხოელების, ან ქართული ოპოზიციური პარტიების მიერ მართულად წარმოაჩენს.
2024 წლის განმავლობაში ორგანიზებული თავდასხმები განხორციელდა არა ერთ სამოქალაქო
ორგანიზაციის ოფისთან, მათ შორის „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ოფისთან დატოვეს
შეურაცხმყოფელი წარწერები, ფოტოები. მსგავსი შინაარსის წარწერები დატოვეს ორგანიზაციის
დამფუძნებლის უჩა ნანუაშვილის და მისი მშობლების სახლთან. განხორციელდა ძალადობის მუქარის
შემცველი სატელეფონო ზარებიც. თითოეული ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია და არც ერთი
თავდასხმის ორგანიზატორი თუ მონაწილე არ დასჯილა.
სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ საინფორმაციო პროპაგანდისტული
თავდასხმების და მათი დაფინანსების შეზღუდვის გარდა, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო თვეების
განმავლობაში კიდევ უფრო გაამკაცრა მოქმედება და პროკურატურის მეშვეობით სისხლის სამართლებრივი
დევნის მექანიზმების გამოყენება დაიწყო. საბოტაჟის და „სახელმწიფო გადატრიალების“ აბსურდული
გამოძიებების ფარგლებში, რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია
და საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებისთვის გამოწერილი არაპროპორციული ჯარიმების გადახდა
კიდევ უფრო გართულდა. იმავე გამოძიებების ფარგლებში პერიოდულად მიმდინარეობს ჩხრეკა
სხვადასხვა ორგანიზაციების თუ აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში.
სწორედ ამ კონტექსტში ექცევა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტზე
და მის დირექტორზე უჩა ნანუაშვილზე თავდასხმები. რუსეთის პირველი არხის მიერ გავრცელებული
ფალსიფიცირებული და პროპაგანდისტული სიუჟეტი, იმის შესახებ, რომ უჩა ნანუაშვილი არაფორმალურ
ჯგუფებს ქმნის და მაიდანს აწყობს, სწრაფად იქნა ატაცებული „ქართული ოცნების“ პროპაგანდის
მიერ. რეალურად, რუსი პრანკერ ჟურნალისტებთან საუბარი შეეხებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში
თბილისში აქციების მონაწილეებზე განხორციელებულ თავდასხმებს ნიღბიანი პირების მხრიდან,
რასაც სამართალდამცავების რეაგირება და ეფექტური გამოძიება არ მოჰყოლია.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ფაქტების გადამოწმების
გარეშე სრულიად „ბრმად“ გაიმეორეს პუტინის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის
მომზადებული ფალსიფიცირებული საუბრის ჩანაწერები. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ღიად
მოითხოვეს უჩა ნანუაშვილის მიმართ გამოძიების დაწყება. კერძოდ, ირაკლი
ზარქუამ აღნიშნა: „არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან,
სახელმწიფო ღალატსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან. ამ ადამიანების ვიდეოზარის
შინაარსით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.“
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა
სეფაშვილის განცხადებით: „ამ ადამიანმა (ნანუაშვილი) ისეთი ინფორმაციები
გააჟღერა, რომ შესაძლოა, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას. მისი თქმით,
თურმე არსებობენ კერძო პირები, რომლებიც დაცვის სამსახურებში მუშაობენ და მზად არიან
იმისათვის, რომ საჭირო დროს იარაღი გაისროლონ და ადამიანის სიცოცხლე ხელყონ ან დააზიანონ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია და ჩემი აზრით შესაბამისი სამსახურები უნდა
დაინტერესდნენ.“
ფალსიფიცირებულ ვიდეოს გამოეხმაურა ქალაქ თბილისის მერი
და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
კახა
კალაძეც: „გუშინდელი ვიდეოჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო
მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ
გარედან ბრძანებებს, დავალებებს. მათ არც სამშობლო გააჩნიათ, არც საკუთარი ოჯახი. ისინი
პირდაპირ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ და იმართებიან გარედან“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის არჩილ
გორდულაძის განცხადებით: „სალომე ზურაბიშვილს ჩანაწერში წამოსცდა, რომ ქვეყანაში
მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელიაო და თანხები ამისთვის სჭირდებოდათ,
უჩა ნანუაშვილის სიტყვებიც იყო ძალადობრივ ჯგუფებზე. კეთილი ინებონ და პასუხი გასცენ,
უცხო ძალებისგან მიღებული თანხები რას უნდა მოხმარებოდა?“
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის
შეფასება: „დაფინანსებიდან დაწყებული, ჯგუფების შექმნას რომ ცდილობდნენ, ამაზე ხომ
ვლაპარაკობდით?! ახლა უფრო კარგად გამოჩნდა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. სრულ აგონიაში
არიან [ოპოზიცია] ერთი მთავარი მიზეზის გამო – რეალურად ეს კი არ იყო გულწრფელი პროტესტი.
ვიღაც შეიძლება აღმოჩნდა იქ, ვინც მოტყუვდა და გულწრფელად გააპროტესტა, დაიჯერა, რომ
ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მაგრამ რეალურად პირდაპირ პროპორციული გახდა პროტესტის და მუხტის
ხარისხი ფულის შემოდინებასთან.“
„ქართული ოცნების“
ვიცე-სპიკერის გიორგი
ვოლსკის განცხადება: „წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ არც ერთხელ, არც
ერთი თეთრი, არც ერთი ცენტი იმ ფულიდან, რაც მიიღეს, სიკეთისთვის არ დახარჯულა. ეს
არის აბსოლუტურად მოღალატეობრივი გეგმა, რომელიც ვერ ასრულდა იმიტომ, რომ ელემენტარულად
მასხრად აიგდეს“.
ფაქტია, რომ სრულიად იდენტური ნარატივი განავითარეს
რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და ასევე მათ კონტროლ
ქვეშ მყოფმა ქართულმა მედია საშუალებებმა. აქტიური სამოქალაქო პროტესტის
ფონზე, „ქართული ოცნება“ რეპრესიებს
ამკაცრებს, ხოლო რუსეთი აშკარად პროპაგანდისტულ დახმარებას უწევს მათ ქართული სამოქალაქო
საზოგადოების წინააღმდეგ.
„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას.
21 მაისს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები მუსლიმი აფხაზების მუჰაჯირობის დაწყების ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ.
20 მაისს, ოსი ხალხი ქართულ-ოსური კონფლიქტის 1991-1992 წლების ყველაზე საზარელ თარიღს იხსენებს.