გალის რაიონში დე ფაქტო უსაფრთხოების სტრუქტურების აქტივობამ
მოსახლეობაში აშკარა უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია. სანდო წყაროების მიხედვით,
განსაკუთრებით გააქტიურდა თვალთვალისა და ინფორმაციის კონტროლის პრაქტიკა ადგილობრივი
ადმინისტრაციისა და მისი თანამშრომლების მიმართ. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურები ამ ქმედებებს
რუსული მხარის მოთხოვნით ამართლებენ, თუმცა არსებობს ასევე საფუძვლიანი ვარაუდი, რომ
მიმდინარე პროცესები შესაძლოა იყოს ამჟამინდელი დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა,
რომლის მიზანიც კრემლის კეთილგანწყობის მოპოვებაა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, გასულ კვირას გალის საჯარო
უწყებებზე, მათ შორის საავადმყოფოსა და კულტურის სახლში, დე ფაქტო უსაფრთხოების ძალებმა
მასშტაბური რეიდები ჩაატარეს. რეიდის ფარგლებში თანამშრომლებს შეუფერხებლად შეუმოწმეს
პირადი ელექტრონული მოწყობილობები და კომუნიკაციის არხები. განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო სოციალური ქსელების, მათ შორის Facebook-ისა და WhatsApp-ის, პირად მიმოწერას,
პოსტებსა და ფოტომასალას. გავრცელებული ცნობებით, შემოწმების მიზანი „ანტისახელმწიფოებრივი“
ნებისმიერი შინაარსის მატარებელი შეტყობინების, დოკუმენტაციის, ძალოვანი სტრუქტურის
ან სამთავრობო შენობების ამსახველი ფოტომასალის
გამოვლენა იყო.
სოციალური ქსელების შემოწმება, ცენზურის გაფართოებული
და სისტემური ტენდენციის ნაწილად აღიქმება. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე გახშირდა
ადგილობრივი მედიის, თეატრებისა და სკოლების არაგეგმური ინსპექტირება და შიდა აუდიტი.
განსაკუთრებით საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც სკოლის თეატრალურ წარმოდგენებში პოტენციურად
„ანტისახელმწიფოებრივი“ ან „ანტირუსული“ შინაარსის გამოვლენის მიზნით, ტარდება შემოწმებები.
გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
დარღვევის ფაქტები, ადგილობრივებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით,
მიმდინარე ქმედებები ქმნის შიშისა და დაშინების ატმოსფეროს, რაც ხელს უშლის ღია კომუნიკაციას
საზოგადოებაში და ზღუდავს განსხვავებული აზრის გამოხატვას.
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.
DRI ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის
მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.