GEO   ENG
სიახლეები
სახელმწიფო ღალატის ბრალდებები — დე ფაქტო რეჟიმის ახალი იარაღი
27.05.2025

ბოლო პერიოდში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საქმიანობის ანგარიშები და საჯარო ინფორმაცია მიუთითებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება რეგიონში არსებული კრიმინოგენური და სოციალურ-პოლიტიკური კრიზისიდან ცდილობს ყურადღება საქართველოდან მომდინარე, სავარაუდო, საფრთხეებზე გადაიტანოს. ამის დასტურია, ადგილობრივი მოსახლეობის სახელმწიფო ღალატსა და ჯაშუშობაში დადანაშაულება, მათ შორის იმ პირების, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ წვდომა რაიმე სახის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე.

აპრილში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურებმა  ჯავის რაიონის მცხოვრები, 51 წლის მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული  სახელმწიფო საწარმოში მუშაობდა და მას ბრალად  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კავშირი, რუსეთის სამხედრო განლაგების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამგზავრების და შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციის გადაცემა ედება. დაკავებულს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით წაუყენეს. დე ფაქტო და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების განაცხადებით ირკვევა, რომ ეჭვმიტანილმა  დანაშაული აღიარა და  გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამხრეთ ოსეთის კიდევ ხუთი მოქალაქეა დაკავებული საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის ინფორმაციის გაზიარების ბრალდებით. თუმცა განცხადებაში აღნიშნულისა, რომ დაკავებულებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდათ. დე ფაქტო უწყების განმარტებით, მიუხედავად შესაძლო სახელმწიფო ღალატისა და საფრთხისა, ოფიციალური ბრალის წაყენების საფუძვლების არარსებობის გამო, ამ პირების მიმართ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

არსებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე,  დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე,  პრევენციული და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ე.წ. საზღვრის დაცვის მოტივით, დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა, აპრილის თვეში, საზღვრის კვეთის დარღვევისთვის 15 ადამიანი დააკავა: რვა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა“ და შვიდი „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევისთვის.[1] 13 დაკავებულიდან, ნაწილი დაჯარიმდა, ნაწილი გაძევებას დაექვემდებარა, ხოლო ორის მიმართ საქმისწარმოება შეწყდა.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ითანამშრომლონ სტრუქტურასთან. უწყება აქვე მიუთითებს, რომ  პირები, რომელთა ქმედებებიც არსებით ზიანს არ მიაყენებს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოებას, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაძლიერებული მეთვალყურეობა და კონტროლის ზომები, მხოლოდ  და მხოლოდ, ხელს უწყობს რეგიონში  რუსეთის ინტერესების  გაძლიერებასა და სასაზღვრო შეზღუდვების დაწესების ნორმალიზებას. აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს ქართველებსა და ოსებს  შორის ურთიერთობების მაქსიმალურ გაწყვეტას და ქმნის ე.წ. სახელისუფლებო კონტროლის ილუზიას. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაწესებას ქართული ჯაშუშობის ე.წ. ქსელის აღმოჩენით ამართლებს, ადგილობრივები ამ ინფორმაციის მიმართ მეტწილად სკეპტიკურად არიან განწყობილები, რაც რეგიონში არსებული ყოველდღიურ საჭიროებებითა და მოუგვარებელი პრობლემებით არის გამოწვეული.



[1] დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ არეგულირებს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის დაცვის გარანტიებს. ამ კანონის თანახმად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი მოიცავს საზღვრის მოვლა-პატრონობის, საზღვრის პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ გადაკვეთის, ტვირთის, საქონლისა და ცხოველების გადაადგილების, საზღვრის მახლობლად ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის და უცხო სახელმწიფოებთან სასაზღვრო ინციდენტების მოგვარების რეგულაციებს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო რეჟიმი კი მხოლოდ სახელმწიფო საზღვრის დაცვას ისახავს მიზნად. ის მოიცავს კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის ფარგლებში (ან მის ფარგლებს გარეთ, თუ იქ საინჟინრო ნაგებობებია) შესვლის, დროებითი ყოფნის, ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და სხვადასხვა სახის საქმიანობის განხორციელების წესებს. სხვა წესების არარსებობის შემთხვევაში, მოქალაქეთა უფლებების სამართლებრივი შეზღუდვები დაშვებულია. სასაზღვრო ზონის საზღვრებს და მის დანიშნულებას განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანოები დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წინადადებების საფუძველზე.