GEO   ENG
სიახლეები
რა ფასს იხდის ცხინვალი რუსეთ-უკრაინის ომში
03.06.2025

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულობას, რომელიც საერთაშორისო პოზიციაზე საკუთარი მნიშვნელობის გაძლიერების მცდელობას წარმოადგენდა, ჰუმანიტარული და ადამიანური საფასურის გადახდა მოჰყვა.

აპრილის თვის მონაცემებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი რუსეთ-უკრაინის ომში საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსით მონაწილეობს. ეს ერთის მხრივ განპირობებულია რუსული ე.წ. სიდიადის პროპაგანდით და მეორეს მხრივ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით. რეგიონში სამუშაო ადგილების დეფიციტის ფონზე, ომში წასვლის სანაცვლოდ, მოსახლეობის ნაწილი მოხალისედ დაქირავებას კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებისთვის თანხმდება. ოფიციალური მონაცემებით, რაც არ წარმოადგენს  ადამიანური დანაკარგების ზუსტ მაჩვენებელს, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სულ მცირე 27 დაღუპული და 15 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი ჰყავს. 

გასულ თვეში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ერთობლივი კომისიის შეხვედრაზე, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში უგზო-უკვლოდ დაკარგული მოხალისეების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პროცედურულ პრობლემებზე, რაც თან ახლავს ოჯახების ფინანსური მხარდაჭერისა და პირთა საომარ მოქმედებებში დაკარგულად აღიარების სამართლებრივი პროცედურები.

შეხვედრაზე დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეიმურაზ ტადტაევმა ხაზი გაუსვა უგზო-უკვლოდ დაკარგული მოხალისეების ოჯახებისა და მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი ბავშვის, მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, რაც ე.წ. მოხალისეებთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისა და კონტრაქტით გათვალისწინებული თანხების ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადაუხდელობით იყო გამოწვეული. გარდა ამისა, ტადტაევმა ასევე აღნიშნა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სასამართლოს მიერ „ადგილზე არმყოფებად“ აღიარების პროცედურის სირთულეებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოხალისეები მობილიზაციის ნაცვლად დაიქირავეს, რამაც განსხვავებული სამართლებრივი და ფინანსური ვალდებულებები წარმოშვა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს არ აქვს ოფიციალური იურიდიული სტატუსი, რაც ხელს უშლის ნათესავებს ფინანსური დახმარების მიღებაში ან მათი ქონების მართვაში, მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. „ადგილზე არმყოფად“ გამოცხადებული პირი იძენს უგზო-უკვლოდ დაკარგულის ოფიციალურ იურიდიულ სტატუსს, რაც ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევს მიიღონ მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ფინანსური დახმარება. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა, კონკრეტული პასუხის გასაცემად, დაკარგული პირების სიები მოითხოვა, რამაც რუსული მხარის მხრიდან საკითხისადმი ერთგვარი დაინტერესების ილუზია შექმნა.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რეგიონის მოსახლეობის პრობლემების კონკრეტული ფორმატით განხილვა წარმოადგენს მცდელობას, გაამართლოს სამხრეთ ოსეთის ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში  და გააძლიეროს პოზიციონირება რუსეთის ფედერაციის სისტემასთან ინტეგრაციის კონტექსტში. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებულად მწვავე ჰუმანიტარულ გავლენას ახდენს სოციალურ-პოლიტიკურად მოწყვლად რეგიონზე.

კან კვარჩიას განაჩენი და ოპოზიციის მასობრივი დევნის ახალი ტალღა

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული. 

15.06.2026
DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება,  ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

13.06.2026
პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. 

10.06.2026