ახალგორელებს კვლავ
შეზღუდვები აქვთ გადაადგილების კუთხით, რაც რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისის გაღრმავებისკენ
არის მიმართული. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასაკვეთი ნებართვები გამჭვირვალე
პროცედურების გარეშე გაიცემა. რიგ შემთხვევებში, დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ნებართვები
ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებზე გაიცემა, რაც გადაადგილების თავისუფლებას
ერთგვარ პოლიტიკურ პრივილეგიად წარმოადგენს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ
მგზავრობის ნებართვების გაცემა 2025 წლის იანვარში იმ პირების მიმართ შეწყვიტა, ვინც
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ახალგორში ჯანდაცვის
მწვავე კრიზისის ფონზე, ნათესაური კავშირების ამგვარმა შეზღუდვამ მნიშვნელოვნად
იმოქმედა დაბაში მცხოვრებ ასაკოვან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოწყვლად მოსახლეობაზე.
ამასთანავე, აპრილის თვეში გავრცელდა ინფორმაცია უშუალოდ დაბაში მცხოვრები დე ფაქტო
საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ,
რაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ იყო ინიციირებული.
2025 წლის ივლისში
დე ფაქტო ხელისუფლებამ, 6 თვიანი პაუზის შემდეგ,
საშვების გაცემა განაახლა, თუმცა ნებართვების გაცემა ახალგორში არ მცხოვრები პირების
მიმართ, კიდევ უფრო შემზღუდავი და არათანმიმდევრული პროცედურებით გაგრძელდა. ნებართვა მაქსიმუმ 3 თვიანი ვადით გაიცემა, თუმცა აგვისტოს
მონაცემებით, ეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და
ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის ნებართვის მოქმედების ვადა
სამი თვიდან ათ დღემდე შემცირდა. ამ შეზღუდვამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა დაბის
მაცხოვრებლების კონტაქტი ნათესავებთან და შეასუსტა ოჯახური კავშირები.
დე ფაქტო ხელისუფლებამ
ავტომანქანის მფლობელებისთვისაც ახალი რეგულაციების დააწესა, მათ ქართული სანომრე ნიშნების
ოსურით შეცვლა დაევალათ. ნებართვების გაცემის არათანმიმდევრულ პროცედურასთან ერთად,
ამ რეგულაციებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს
საარსებო წყაროზე წვდომა შეუზღუდა.
დე ფაქტო ხელისუფლება,
მათთვის მიუღებელ პერსონებს, თვითნებურად არ უგრძელებს სამგზავრო დოკუმენტების (დე
ფაქტო პასპორტი და ე.წ. საშვი) ვადებს და უზღუდავენ გადაადგილების უფლებას. სწორედ
ამ შეზღუდვების მსხვერპლია სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. წარსულში, მის
მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მას დე ფაქტო პასპორტი ჩამოერთვა, რომელსაც ამ პერიოდში ვადაც გაუვიდა. საქმე დაიხურა, ვადაგასული დე ფაქტო
პასპორტი მფლობელს დაუბრუნდა, თუმცა ახლა დე ფაქტო ხელისუფლება ახალი სამგზავრო დოკუმენტის
გაცემაზე ეუბნება უარს. დე ფაქტო ხელისუფლება
მგზავრობის ნებართვების გაცემას არასასურველ პერსონების წინააღმდეგ შურისძიების ინსტრუმენტად
იყენებს.
დე ფაქტო ხელისუფლების
გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებსა და გადაადგილების
თავისუფლების უფლებას, რაც დამატებით ზიანს აყენებს ისედაც სოციალურად და ეკონომიკურად
მოწყვლად მოსახლეობას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო
ორგანიზაციებს, დიპლომატიურ მისიებს და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს, დაუყოვნებლივ
განიხილონ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხი შესაბამისი ფორმატის ფარგლებში,
ამასთან მოითხოვონ საშვების გაცემის თვითნებური და დისკრიმინაციული პრაქტიკის დაუყოვნებლივ
დასრულება.
23 დეკემბერს
საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილ
უფროსს გრიგოლ
ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ქრთამის
აღების შესახებ
ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება ოკუპირებულ ახალგორში ქართველი სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკავებას.
2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო პრაქტიკულად ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება.