GEO   ENG
სიახლეები
საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება
09.12.2025

2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო პრაქტიკულად ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება.  ერთი მხრივ, რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მისი აღსრულების მეთოდებმა და მეორე მხრივ, დამოუკიდებელი უწყებების არარსებობამ, ადამიანის უფლებების უკიდურესი კრიზისი გამოიწვია. ,,ქართული ოცნების“ ბოლო წლების რეპრესიულმა პოლიტიკამ და პრაქტიკამ, საქართველო 2025 წელს ავტორიტარულ ქვეყნად აქცია.

,,ქართული ოცნების“ მხრიდან 2025 წელს განხორციელებული ქმედებები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან, წარმოადგენს 2024 წელს დაწყებული პოლიტიკის გაგრძელებას. 2024 წელს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ,[1] მიმდინარე წელს პარტიამ, სხვა უფლებებთან ერთად, სრულად უგულებელყო საარჩევნო უფლება, გაერთიანების უფლება, მედიის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებისა და გამოხატვის უფლება.  

მიუხედავად 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამართალდამცავებისა და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი სავარაუდო ფაქტისა, 2025 წლის განმავლობაში არც ერთი იდენტიფიცირებული/გამოძიებული შემთხვევა არ არსებობს. მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო მედიის, BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით, სავარაუდოდ, 2024 ნოემბერ-დეკემბერში აქციების დარბევის დროს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შსს-მ აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.  სავარაუდო უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით, Amnesty International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც უკიდურესად გააკრიტიკა ,,ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკა და შესაბამის აქტორებს საერთაშორისო გამოძიებისკენ მოუწოდა.

 2025 წელს სისხლის სამართლის წესით დაკავებული პოლიტიკური პატიმრების რიცხვი 81-ით გაიზარდა. მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები. დამძიმებული კანონების პარარელურად, 1000-ზე მეტი პირის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

საანგარიშო პერიოდში ,,ქართულმა ოცნებამ“ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი დაუპირისპირა პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ. გარდა ამისა, სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებითა და ე.წ ,,პირბადეების საქმეზე” უფლებადამცველების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით ,,ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრი საბოლოოდ გააქროს.

ქვეყანაში 2025 წელს ადამიანის უფლებების სრული რეგრესი, ასევე ნათლად ჩანს საერთაშორისო აქტორების კრიტიკულ შეფასებებში. 2025 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა  გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ,,ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებების და მათი პრაქტიკული აღასრულების გზით პროტესტისა და განსხვავებული აზრის კრიმინალიზებას ახდენს.

რეპრესიული კანონების მიღების (როგორც წესი, დაჩქარებული წესით), შეკრებისა და გამოხატვის უფლების კრიმინალიზების, უკანონო თვითნებური დაკავებების, მიკერძოებულმა მართლმსაჯულების, დამოუკიდებელი უწყებების არარსებობის, მედიის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების დევნის ფონზე, უკიდურესად გართულებულია 2025 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა საქართველოში. მიუხედავად ამისა, ქვემოთ, მოკლედ მიმოვიხილავთ რამდენიმე საკვანძო უფლებასა და საკითხს, რომელთა არსებობაც/დაცვაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით.



[1] ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციის მონაწილეთა დაშლისა და დაკავების პროცესში გამოყენებული საპოლიციო ძალადობა წამებად და არაადამიანურ მოპყრობად შეფასდა.

საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ადამიანისუფლებების გარეშე ხვდება 

კორუფციის წინააღმდეგ არა შერჩევითი, არამედ რეალური ბრძოლაა საჭირო

23 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შესახებ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

25.12.2025
მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ?

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.

02.12.2025