GEO   ENG
სიახლეები
DRI: ძალადობრივი რიტორიკა და არაფორმალური ჯგუფების პოლიტიკური მფარველობის საფრთხე
28.07.2026

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ  განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ. 

ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე დააანონსა, რომ სახალხო მოძრაობა „ბრძოლას“ იწყებს ყველ იმ პირისა და ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც შეურაცხყოფენ ქართულ იდენტობას, ტრადიციებს, ღირებულებებსა, და რელიგიას. მათი ძირითადი მიზანი იქნება „უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანების და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ“ ბრძოლა. ამასთან  მოძრაობის წევრები „არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან“ და მზად ყოფნას გამოთქვამენ საჭიროების შემთხვევაში თუ „გარემო პირობები სხვა გზას“ არ დაუტოვებთ, ციხეშიც კი წავიდნენ.

ახლად დაანონსებული მოძრაობის მიზნები და რიტორიკა, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საუბარია იმგვარი არაფორმალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანიც შესაძლოა იყოს განსხვავებული აზრის მქონე პირების დაშინება, ძალადობრივი ანგარიშსწორება და თვითნებური „დასჯა“. ამ ვარაუდის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს,  იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც ორგანიზაციის დამფუძნებელმა ქმედება „ქვეყნის დასაცავად“ განხორციელებულ მოქმედებად შეაფასა.

არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ჩნდება ეჭვი, რომ დაანონსებული მოძრაობის უკან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დგანან. იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირის, ნიკო ხურცილავას მიმართ ღია და საჯარო მხარდაჭერა გამოხატა არამხოლოდ გიორგი ქართველიშვილმა, რომელიც საინიციატივო მოძრაობის დაანონსებას ახორციელებს თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, არამედ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც. „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი სამხარაძემ ხურცილავა „პატრიოტად“ და „ნამდვილ ქართველად“ მოიხსენია, მისი ქმედება „გადალახულ ზღვარზე რეაგირებად“ წარმოაჩინა და საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა, თავისი საპარლამენტო მანდატი გამოეყენებინა მისი თავდებობისთვის. ამასთან, ნიკო ხურცილავას სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარტიის აქტივისტები და ხელისუფლებასთან აფილირებული პირები, რომლებმაც ხურცილავას გათავისუფლებას საჯაროდ დაუჭირეს მხარი.

ძალადობაში ბრალდებული პირის მიმართ გიორგი ქართველიშვილის და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ღია მხარდაჭერა ქმნის ლეგიტიმურ ეჭვს, რომ მოძრაობის წევრებს შესაძლოა ჰქონდეთ პოლიტიკური მფარველობის, დაუსჯელობის ან მხარდაჭერის მოლოდინი.

ისეთი არაფორმალური სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ მორალის, რელიგიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და აღსრულების ფუნქციას, ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს.

ორგანიზებული საინიციატივო ორგანიზებული ჯგუფის შექმნის, კონკრეტული იდეოლოგიური ჯგუფების წინააღმდეგ „ბრძოლის“ გამოცხადების, „მყისიერი რეაგირების“ და იმგვარი ქმედებების წინასწარი დაანონსების ერთობლიობა, რომლებიც შესაძლოა პატიმრობით დასრულდეს, საკმარის საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს მოძრაობის მიზნები, ორგანიზაციული სტრუქტურა, წევრობა, დაფინანსება, საქმიანობის მეთოდები, შეიცავს თუ არა მისი საქმიანობა ძალადობის, იძულების ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ნიშნებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას: დაუყოვნებლივ შეაფასონ გიორგი ქართველიშვილის განცხადებებში მუქარის, ძალადობისკენ მოწოდების, ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის მომზადების ან სისხლის სამართლის კოდექსის სხვა ნორმებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობა;
  • შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს: უზრუნველყონ აღნიშნული მოძრაობის ორგანიზაციული სტრუქტურის, წევრობის, დაფინანსების, საქმიანობის ფორმებისა და შესაძლო უკანონო მიზნების სრულყოფილი და მიუკერძოებელი შესწავლა;
  • სამართალდამცავ ორგანოებს: უზრუნველყონ ონისე ოქრიაშვილისა და იმ ყველა პირის ეფექტიანი დაცვა, რომლებიც აღნიშნული მოძრაობის განცხადებებით შესაძლოა პოტენციურ სამიზნეებად იქცნენ.
სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ფინანსური პაკეტი: ინფრასტრუქტურიდან სოციალურ მხარდაჭერამდე — როგორ იცვლება რუსეთის დაფინანსების პრიორიტეტები

ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს. 

17.09.2026
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026