რუსეთი ოკუპირებული
აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის
მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. კრემლის ახალი რეგულაციით, ამ ტერიტორიების
მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის განხილვის საკონსულო მოსაკრებელი
600 დოლარიდან 65 დოლარამდე უნდა შემცირდეს.
ერთი შეხედვით რუსეთის
ლოიალური პოლიტიკა მხოლოდ საკონსულო მოსაკრებლის შეღავათს ეხება, თუმცა ამ გადაწყვეტილების
კონტექსტი ბევრად უფრო ფართოა. რუსეთი პარალელურად მოქალაქეობის მიღების პროცედურასაც ამარტივებს.
მოქალაქეობის მიღების
გამარტივებული პოლიტიკა
2025 წლის მაისში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2008 წლის 26 აგვისტოს
მონაცემებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ,
რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ. მათთვის აღარ მოქმედებს
რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის კანონით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნები. განაცხადის
შეტანა შესაძლებელია თავად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების
მეშვეობითაც. 2026 წლის მაისში ანალოგიური მიდგომა გავრცელდა დნესტრისპირეთზეც.
ამ ფონზე 600-დან
65 დოლარამდე საკონსულო მოსაკრებლის შემცირება უბრალოდ საშეღავათო პოლიტიკის ნაწილს
აღარ წარმოადგენს. ეს არის კრემლის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ რუსეთის მოქალაქეობის
მიღების ფინანსური ბარიერი მინიმუმამდე შეამციროს, რათა ამ ტერიტორიების მოსახლეობისთვის უმრავლესობა გახდეს
რუსეთის ნაწილი.
რა მიზანს ემსახურება
რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა?
მოქალაქეობის მიღების
გამარტივებული პროცედურების შესახებ კრემლის ოფიციალური განმარტება რუსეთის მოქალაქეობის
მიღების ხელმისაწვდომობას უკავშირდება. თუმცა ამ პოლიტიკის მიზნები და შედეგი გაცილებით
ფართოა.
პირველ რიგში, რუსეთი
ამ გზით ზრდის საკუთარ სამართლებრივ და პოლიტიკურ კავშირს ოკუპირებული ტერიტორიების
მოსახლეობასთან. მოქალაქეობა ადამიანს რუსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირ სამართლებრივ
სტატუს აძლევს და შესაბამისად, რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს რუსეთის პასპორტი, მით უფრო
მეტი ადამიანი ექცევა მოსკოვის პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
მეორე მნიშვნელოვანი
ფაქტორია ე.წ. „რუსეთის მოქალაქეების დაცვის“ არგუმენტი. საქართველოსთვის არსებული
არგუმენტით ომის დაწყება კარგად არის ცნობილი. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის
მოქალაქეობის ფართო გავრცელება წლების განმავლობაში მოსკოვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მიმართულება იყო. მოქალაქეების რაოდენობის ზრდა მომავალში რუსეთისთვის დამატებით პოლიტიკურ
არგუმენტს ქმნის მათ „დასაცავად“.
არსებული პოლიტიკა
არ ნიშნავს, რომ მოქალაქეობის გამარტივება ავტომატურად ახალი სამხედრო მოქმედებისთვის
მომზადებას ნიშნავს, თუმცა ის წარმოადგენს რბილი ძალის მოქმედებას, რომელიც სამართლებრივ
და პოლიტიკურ გარემოს ქმნის, რაც ოკუპანტ რუსეთისთვის მომავალში დამატებითი ბერკეტების
გამოყენებას ამარტივებს.
რა საფრთხეა ეს
საქართველოსთვის?
ოკუპირებული
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის რუსეთის მოქალაქეობასთან კიდევ უფრო
მჭიდრო დაკავშირება, წარმოადგენს ამ ტერიტორიების საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი
სივრციდან კიდევ უფრო დაშორებას. მოსკოვის პოლიტიკა ამ შემთხვევაში რამდენიმე
მიმართულებით მოქმედებს:
პოლიტიკური გავლენა
- რაც უფრო მეტი ადამიანი იღებს რუსეთის პასპორტს და ხდება მოქალაქე, მით უფრო იზრდება
რუსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირ დაკავშირებული მოსახლეობის რაოდენობა.
უსაფრთხოების რისკი
- რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნეს რუსეთის
მხრიდან პოლიტიკური, დიპლომატიური ან უსაფრთხოების პოლიტიკის გამართლებად. სწორედ ამიტომ
მოქალაქეობის საკითხი მხოლოდ საკონსულო მომსახურების თემად არ უნდა განვიხილოთ და მისი
მიზნები უფრო შორს მიმავალი პოლიტიკის გაგრძელებად მივიჩნიოთ.
სამხედრო მობილიზაციის
საფრთხე - რუსეთ-უკრაინის
ომში, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მასობრივად სამხედრო ძალებში ჩართა და ფრონტზე გაწვევა. ამ
თვალსაზრისით, რუსეთს ამ რეგიონების მიმართ დღესაც აქვს ინტერესი, მათ შორის, როგორც
შედარებით იაფი ცოცხალი ძალის რესურსის მიმართ. მოქალაქეობის მინიჭებით ამ კუთხით დამაბრკოლებელი
გარემოებები უქმდება და სრული მობილიზაციისა და ფრონტზე გაწვევის ლეგიტიმური საფუძვლები
ეძლევა.
ანექსიის საფრთხე
- საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევა, სწორედ რუსეთის ინტერესები და ძლიერი გავლენებია. თუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი
ნაწილი კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის, სოციალური
სარგებლისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს რუსულ კავშირებს
საბოლოოდ, 65-დოლარიანი
საკონსულო მოსაკრებელი შეიძლება ერთი შეხედვით პატარა ადმინისტრაციულ ცვლილებად ჩანდეს,
მაგრამ როდესაც მას წინ უსწრებს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება, ხოლო
პარალელურად ათიათასობით ადამიანი უკვე მიმართავს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად,
ეს გადაწყვეტილება უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია და ემსახურება ტერიტორიების სრული
ანექსიის პოლიტიკას.
უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება.
ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ბენზინის გადატანა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ.