GEO   ENG
ანალიზი
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში
27.08.2026

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები პოლიტიკურ ოპონენტებს, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს, საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ან მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავენ, მაშინ როდესაც სამართალდამცავი ორგანოები სისტემატიურად ვერ უზრუნველყოფენ ამ ჯგუფების სათანადო დაცვას. ამგვარმა რიტორიკამ, დაშინებამ და მოძალადეთა სისტემურმა დაუსჯელობამ, ერთობლიობაში, ხელი შეუწყო ღრმა პოლარიზაციისა და დელეგიტიმაციის გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც არასამთავრობო სექტორი შევიწროებისა და ფიზიკური ძალადობის მომეტებული რისკის წინაშე დგანან.[1] ამ ვითარებაზე საპასუხო ადეკვატური პოლიტიკის შემუშავების ნაცვლად, მასტიგმატიზირებელი გარემო კიდევ უფრო გაძლიერდა სამართლებრივი მექანიზმების შერჩევითი გამოყენებით.[2]

2026 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სიძულვილის ენის პრევენციის სამმართველო. მის ხელმძღვანელად დაინიშნა შსს-ს ის წარმომადგენელი, რომელიც დანიშვნამე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სამინისტროს ინტერესებს წარმოადგენდა. ამ მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის მიზნით ფორმალურად შექმნილი ეს სამართლებრივი მექანიზმები არ ყოფილიყო გამოყენებული ხელისუფლების კრიტიკოსებისა და იმ ჯგუფების წარმომადგენლების დასასჯელად, რომელთა დაცვასაც, ჩვეულებრივ, მსგავსი ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს.[3]

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო იზოლირებულ კონტექსტში არ შექმნილა. ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საჯარო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მათ შორის სოციალურ მედიაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა. მას შემდეგ, ამ ნორმის საფუძველზე, საჯარო პირების რამდენიმე კრიტიკოსი უკვე დაჯარიმდა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას დაექვემდებარა. შესაბამისად, ახალი სამმართველო საქმიანობას იწყებს გარემოში, სადაც კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვის სამართლებრივი ინსტრუმენტი უკვე მოქმედებს, ხოლო საჯარო გამოხატვის მუდმივი და რეაქტიული მონიტორინგი მისი გამოყენების კიდევ უფრო გაფართოების რისკს ქმნის.

1.    სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობით სიძულვილის ენა, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი

2024 წელი: სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დაშინების კამპანიები

2024 წელს დაწყებულმა შემზღუდავი კანონმდებლობის ტალღამ ახალი ბიძგი მისცა ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ დაშინების კამპანიას.[4] მაისსა და სექტემბერში, ათობით აქტივისტმა და მათი ოჯახის წევრებმა შუაღამისას მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მიიღეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ოფისებსა და მათი თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებზე გაჩნდა შეურაცხმყოფელი წარწერები და პლაკატები, მათ შორის: „უცხოეთის აგენტი“, „მოღალატეები“ და „აგენტების ადგილი საქართველოში არ არის“. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კამპანია 17-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას შეეხო. ვანდალური აქტით არაერთხელ დაზიანდა ავტომობილები და საცხოვრებელი კორპუსები, ხოლო შევიწროების ფაქტები მხოლოდ თავად აქტივისტებით არ შემოიფარგლა: მათი მსხვერპლი გახდა მათი ნათესავები, მათ შორის ხანდაზმული მშობლები, მეუღლეები და შვილები. სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ფაქტების შესახებ შეატყობინეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მას რეაგირება არ მოუხდენია ან საჩივრები უბრალოდ უგულვებელყო.[5]

2024 წლის 31 მაისს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ ფაქტობრივად პასუხისმგებლობა აიღო ამ კამპანიის ნაწილზე. Facebook პოსტში, რომელიც ერთგვარ გაფრთხილებას შეიცავდა, დაწერა, რომ ისინი, ვის წინააღმდეგაც კამპანია იყო მიმართული, „გამოჩენას აღარ მოინდომებდნენ“ და რასაც ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შეეცდებოდნენ, „ათასჯერ უარესად“ დაუბრუნდებოდათ. პოსტს მან დაურთო ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახული იყო ორგანიზაციების ოფისებისა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლების შეურაცხმყოფელი წარწერებით დამახინჯება. მის ქმედებებსა და განცხადებებთან დაკავშირებით არც ოფიციალური გამოძიება დაწყებულა და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.[6]

დაშინების ერთ-ერთი უახლესი ფაქტი 2026 წლის ივლისში მოხდა, როდესაც კომიკოს ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი ხუმრობის არასწორი ინტერპრეტაციის კვალდაკვალ.[7] თავდასხმის შემდეგ, 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლმა და პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა „სახალხო მოძრაობის“ შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც ქართული „ღირებულებებისა და ტრადიციების“ დაცვა იქნებოდა „უცხოეთიდან დაფინანსებული“ და „ფსევდოლიბერალური“ ჯგუფებისგან. მან აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოძრაობის წევრები მზად იყვნენ, „საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც წასულიყვნენ“.[8] ეს განცხადება გაკეთდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ქართველიშვილი საჯაროდ გამოესარჩლა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, და იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, მათ შორის დიმიტრი სამხარაძემ[9] და პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებმა.[10] ერთობლიობაში, ეს გარემოებები საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი გამოხატვის გამო სამიზნედ ქცეული პირების დაშინების ან მათ წინააღმდეგ არაფორმალური ანგარიშსწორების რისკებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით თვალსაჩინო მაგალითია 2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისის მერის გადარჩევის კამპანიის დროს განვითარებული მოვლენებიც. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად თავს დაესხნენ მოქმედი მერის და მერობის კანდიდატი კახა კალაძის, საარჩევნო შტაბის წინ შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის ქალ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ძალადობის მკაფიო დაგმობის ნაცვლად, კალაძემ განაცხადა, რომ თავდასხმის მსხვერპლი ქალები სინამდვილეში საერთოდ არ იყვნენ ქალები და, მისივე სიტყვებით, ისინი „სხვა ჯიშის“ იყვნენ.[11] პარტია „ქართული ოცნების“ სხვა თანამდებობის პირებმაც იგივე რიტორიკა გამოიყენეს და მსხვერპლები „პროვოკატორებად“ მოიხსენიეს.[12] როდესაც განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ კრიტიკულად განწყობილი პირების  წინააღმდეგ დეჰუმანიზებული ენა მოქმედი თბილისის მერისა და მერობის კანდიდატისგან მოდის, იგი ვერ იქნება მიჩნეული ჩვეულებრივ პოლიტიკურ რიტორიკად. მაღალი თანამდებობის პირის მიერ თავდასხმისთანავე გაკეთებული და შემდგომ „ქართული ოცნების“ პარტიის სხვა წარმომადგენლების მიერ გამეორებული მსგავსი განცხადებები ქმნიან მსხვერპლთა მიმართ მტრული დამოკიდებულების ლეგიტიმაციის, მათ წინააღმდეგ ძალადობის ნორმალიზებისა და დაუსჯელობის გარემოს გაღრმავების რისკს — რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ თავად თავდასხმისთვის დღემდე არავის დაკისრებია რეალური პასუხისმგებლობა.

ეს შემთხვევები რთულად თავსებადია მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2022)16 რეკომენდაციასთან,[13] რომელიც საჯარო თანამდებობის პირებს, განსაკუთრებით ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ პირებს, მოუწოდებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მხარდაჭერისა თუ გავრცელებისგან და სთხოვს მათ დაუყოვნებლივ დაგმონ იგი გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის პარალელურად. კონტექსტის, გამომსვლელის თანამდებობისა და განცხადებების გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, აღნიშნული შემთხვევები ასევე აჩენს საფუძვლიან კითხვას, ხომ არ გასცდა ეს რიტორიკა დასაშვები გამოხატვის ფარგლებს და ხომ არ გადაიზარდა მტრობის ან ძალადობის წაქეზებაში. თუმცა, ამგვარი დასკვნის გასაკეთებლად აუცილებელი იქნებოდა მისი შეფასება რაბათის სამოქმედო გეგმით დადგენილი ზღვრული ტესტის ყველა კრიტერიუმის საფუძველზე, მათ შორის განზრახვისა და შესაძლო ზიანის დადგომის ალბათობის გათვალისწინებით.[14]

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რაბათის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სიძულვილის ენის სიმძაფრის შეფასების ტესტი კონკრეტულად ეხება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ICCPR) 20(2) მუხლით გათვალისწინებულ მაღალ ზღვარს — ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის ისეთ ადვოკატირებას, რომელიც დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას წარმოადგენს. შესაბამისად, იგი უნდა გაიმიჯნოს CM/Rec(2022)16-ის ფარგლებში მავნე გამოხატვის უფრო ფართო ახსნისგან და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-10 მუხლის საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შეფასებებისგან.

II. სიძულვილის ენის პრევენციის სამმართველო: დაცვა თუ შეზღუდვების დაწესების საბაბი?

2026 წლის 1 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში ახლად შექმნილმა სიძულვილის ენის პრევენციის სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო.[15] სამმართველოში დაახლოებით ათი სამართალდამცავი მუშაობს და მისი ამოცანაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლების საფუძველზე შეურაცხმყოფლად, დამამცირებლად ან სიძულვილის ენად მიჩნეული საჯარო განცხადებების მონიტორინგი, სავარაუდო სამართალდამრღვევთა იდენტიფიცირება, ადმინისტრაციული საქმის მასალების მომზადება და მათი სასამართლოში გადაგზავნა.[16]

სამმართველოს შექმნიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია მის წარმოებაში არსებული პირველი საქმეების შესახებ, რამაც ექსპერტების და კრიტიკოსების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას კონკრეტული საფუძველი მისცა. 2026 წლის 15 ივნისისთვის, საქმიანობის დაწყებიდან სულ რაღაც ორი კვირაში, სამმართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში გამოვლენილი სიძულვილის ენის სავარაუდო 60 საქმე ჰქონდა გადაგზავნილი.[17] დაჯარიმებულთა შორისაა ცნობილი ადვოკატი შოთა თუთბერიძე,   რომელმაც პარლამენტის წევრ ნინო წილოსანის Facebook-ის პოსტზე კომენტარი დატოვა. სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა შსს-ს სამმართველოს პოზიცია, რომ მისი კომენტარის შინაარსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას წარმოადგენდა.[18]

მოგვიანებით, 2026 წლის 10 ივლისს, „ფორმულასჟურნალისტი ვახო სანაია სამმართველოს მიმართვის საფუძველზე 6 000 ლარით დაჯარიმდა პოლიტიკური თანამდებობის პირების შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. ამის შემდეგ მან ჯარიმის საპასუხოდ სარკასტული კომენტარი გამოაქვეყნა, რაც ახალი საქმის დაწყების საფუძველი გახდა, ხოლო 22 ივლისს მას აღნიშნულის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.[19]

გავრცელებული ინფორმაციით, 1 აგვისტოსთვის, სამმართველოს სასამართლოში უკვე 300-ზე მეტი საქმე ჰქონდა გადაგზავნილი,[20] ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹ მუხლის (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფა) და 166- მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი ქცევა) საფუძველზე, რომელთაგან დაახლოებით 130 საქმე უკვე განხილული იყო.[21] ამგვარი აღსრულების მასშტაბი და სისწრაფე, იმასთან ერთად, რომ საჯაროდ არ არის ცნობილი, რა კრიტერიუმებით ხდება სოციალურ მედიაში მონიტორინგისთვის კონკრეტული შემთხვევების შერჩევა, კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობასთან, გამჭვირვალობასთან და ყველას მიმართ კანონის თანასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული განსხვავების დანახვა მნიშვნელოვანია დისკრიმინაციული ან შერჩევითი აღსრულების შეფასებისათვის, თუმცა საბოლოო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს მსგავს გარემოებებში არსებული საქმეების შედარებით ანალიზს, მათ შორის სამმართველოს მიერ სასამართლოში გადაგზავნილ საქმეებს, მომჩივნებისა და პასუხისგებაში მიცემული პირების ვინაობას, სადავო გამოხატვის შინაარსს, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და სასამართლო შედეგებს.

26-31 ივლისს საპროტესტო ბანერებთან დაკავშირებით განხორციელებული დაკავებები, რომელიც ბანერებზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიმართ სარკასტული ფორმით დასმულ შეკითხვას მოჰყვა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ შეშფოთებას სამმართველოს უშუალო საქმიანობის ფარგლებს მიღმაც აჩენს. რამდენიმე დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე დააკავეს;[22] საიდანაც ხუთი მათგანი დაჯარიმდა, ხოლო ოთხს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.[23] თორნიკე თოშხუას, რომელიც 29 ივლისს თავდაპირველად 3 000 ლარით დაჯარიმდა, 31 ივლისს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, მას შემდეგ რაც იგი შეცვლილი წარწერის მქონე ბანერით დაბრუნდა.[24]

საქართველოს უახლეს კონტექსტში, სიძულვილის ენასთან ბრძოლის მანდატი, რომელიცშეურაცხმყოფელადანღირსების შემლახველადმიჩნეული შინაარსის კომენტარების თუ განცხადებების პროაქტიულ მონიტორინგს ეფუძნება, ზუსტად განსაზღვრული ზღვრული კრიტერიუმებისა და სასამართლოს მხრიდან მკაცრი შეფასებების გარეშე, ქმნის პოლიტიკურ განსხვავებულ აზრზე, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და ჟურნალისტიკაზე მსუსხავი ეფექტის რეალურ რისკს.

მართალია, სიძულვილის ენის შეზღუდვა ლეგიტიმური მიზანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, თუმცა გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები მკაფიოდ და ვიწროდ უნდა იყოს განსაზღვრული და პროპორციულობის მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. რაბათის სამოქმედო გეგმა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 20(2) მუხლით აკრძალული წაქეზების შესაფასებლად ექვსფაქტორიან ზღვრულ ტესტს ადგენს, ხოლო CM/Rec(2022)16 მოითხოვს, რომ სიძულვილის შესაძლო ენაზე რეაგირება მავნე გამოხატვის სიმძიმის პროპორციული იყოს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ცალკე მოითხოვს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყოს კანონით გათვალისწინებული, აუცილებელი და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს ეროვნული და  საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ჯანმრთელობის ან მორალის, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის, კონფიდენციალურობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დასაცავად.

ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დაცვა არ ნიშნავს, რომ საჯარო თანამდებობის პირები მათ მიმართ მიმართული პოლიტიკური თუ პირადი კრიტიკის ყველა ფორმისგან იმუნიტეტით სარგებლობენ. საქმეში Miladze v. Georgia (19 მაისი, 2026) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მე-10 მუხლით დადგენილ ფარგლებში იმსჯელა არა თანამდებობის პირების გაძლიერებული დაცვის უფლების ჭრილში, არამედ შეაფასა გამოხატვის შინაარსი და ფორმა, მისი კონტექსტის, გავრცელების მასშტაბის, და სანქციის პროპორციულობის კონტექტსში.[25]

საქართველოს კონტექტსში, კითხვები ჩნდება სიძულვილის ენის პრევენციის სამმართველოს სტრუქტურულ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.[26] ამ კუთხით მთავარი კითხვაა სამინისტრომ, განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, შექმნა თუ არა საკმარისი გარანტიები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონიტორინგის ეს ახალი უფლებამოსილება პასუხისმგებლიანად, თვითნებობისა და პოლიტიკურად შერჩევითი აღსრულების გარეშე განხორციელდეს. ამ შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს სამინისტროს უფრო ფართო პრაქტიკა: დოკუმენტირებულია მისი თანამშრომლების მიერ დაკავებული დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობის შემთხვევები,[27] ხოლო სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს 2025 წლის იანვარში სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ, მიუხედავად იმისა, რომ დაჯილდოვებული პირებიდან რამდენიმე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს გარემოებები კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რამდენად აუცილებელია სამმართველოს საქმიანობაში სანდო გარანტიების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არსებობა.[28]

მაშინ, როდესაცქართული ოცნებისწარმომადგენლების და მხარდამჭერების მხრიდან მუქარის შემცველი რიტორიკა და დაშინების შემთხვევები სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშეა დატოვებული, ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული მექანიზმები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული და შერჩევითი ფორმით გამოიყენებოდეს.

III. დასკვნები და რეკომენდაციები

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებისა და პოლიტიკის ბოლოდროინდელი ტალღის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის პრაქტიკა შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებთან.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას:

Ø  მოითხოვოს საჯარო თანამდებობის პირების მიერ ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის, ლგბტქ+ თემისა და ქალების წინააღმდეგ დამამცირებელი და დეჰუმანიზებული რიტორიკის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამგვარი რიტორიკის საჯაროდ დაგმობა. აღნიშნული მოწოდება პირდაპირ უნდა მიუთითებდეს მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2022)16 რეკომენდაციის 28- პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაზეთავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მხარდაჭერისა და გავრცელებისგან და დაუყოვნებლივ დაგმონ ამგვარი გამოხატვა. ამასთან, მოწოდებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის დაკისრებაქართული ოცნებისიმ წევრებისა და მხარდამჭერებისთვის, რომლებიც ღიად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სიტყვიერ ან ფიზიკურ თავდასხმებში.

Ø  მოუწოდონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სპეციალური ნორმების გაუქმების ან არსებითად შეცვლისკენ, რომლებიც საჯარო თანამდებობის პირების მიმართ ადგენს გაძლიერებულ სამართლებრივ დაცვას იმ ფარგლებს მიღმა, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი უშვებს, ან როდესაც არ ხდება კონტექსტის გათვალისწინებით გამოხატვის ზღვრების პროპორციულობის შეფასება. სიძულვილის ენის შემზღუდავი მექანიზმების გამოყენებისას მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს დაცული პოლიტიკური კრიტიკა პირადი შეურაცხყოფის იმ ფორმებისგან, რომელთა შეზღუდვაც კონვენციის შესაბამისად შეიძლება ლეგიტიმური იყოს.

Ø  სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოსთან მიმართებით, მოუწოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნას მკაფიო, განჭვრეტადი და საჯაროდ ხელმისაწვდომი გარანტიები, რაც უზრუნველყოფს სიძულვის ენის დასჯადი ფორმების გამიჯვნას საერთაშორისო სტანდარტებით დაცული პოლიტიკური კრიტიკისგან. ამგვარი გარანტიები უნდა მოიცავდეს მონიტორინგისა და სამართლებრივი რეაგირებისთვის საქმეების შერჩევის გამჭვირვალე კრიტერიუმებს, ასევე გამოხატვის თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევის ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო კონტროლს.

Ø  მოუწოდონ შესაბამის საერთაშორისო და რეგიონულ ადამიანის უფლებათა მექანიზმებს (მათ შორის ECRI-, გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და OSCE/ODIHR-), თავიანთი მანდატების ფარგლებში შეაფასონ საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები და მათი აღსრულების პრაქტიკა, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებაზე მათი გავლენის, შერჩევითი გამოყენებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები.

Ø  მოიწვიონ ვენეციის კომისია, შეაფასოს სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს სამართლებრივი საფუძველი და მისი შესაბამისობა ევროპის საბჭოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე კომისიის მიერ ადრე განხორციელებული შეფასების გათვალისწინებით.

 

 

 



[1] World Report 2025, Georgia, Events of 2024, available at https://www.hrw.org/world-report/2025/country-chapters/georgia; Amnesty International Georgia Report 2025, available at https://www.amnesty.org/en/location/europe-and-central-asia/eastern-europe-and-central-asia/georgia/report-georgia/; European Parliament Georgia resolutions / reports 2024–2025; TDI, Freedom of Religion or Belief, Equality, and Secularity, 2025, available at https://tdi.ge/sites/default/files/report_forb_equality_and_secularity_may_2025.pdf

[2] რადიო ტავისუფლება, „მე ვცემეგამოცხადებული ძალადობის ქრონიკა“, 2023 წლის 28 ივნისი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/32480662.html

[3] Interpressnews, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა“, 2026 წლის 1 ივნისი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/871421-sizulvilis-enis-cinaagmdeg-brzolis-axlad-shekmnili-sammartvelo-punkcionirebas-sheudga/

[4] რადიო თავისუფლება, „ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით“, 21 მაისი 2024, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32957881.html

[5] სამიზნეებს შორის აღმოჩნდა ყოფილი სახალხო დამცველი და უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილიცდამამცირებელი შინაარსის პლაკატები და წარწერები გამოჩნდა მის სამუშაო ადგილზე, რეგისტრირებულ საცხოვრებელ მისამართზე და მისი ხანდაზმული მშობლების საცხოვრებელ სახლთან. ოჯახის წევრების მიზანში ამოღება ასახავს კოლექტიური დაშინების მიზანმიმართულ სტრატეგიას, რომლის მიზანია უფლებადაცვითი საქმიანობის შეფერხება და მისი განხორციელებისგან თავის შეკავების იძულება.

[6] 2024 წლის 31 მაისს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი სამხარაძემ აღიარა, რომ დამამცირებელი და მუქარის შემცველი პლაკატებისა და წარწერების უკან ის და მისი ჯგუფის წევრები იდგნენ. მან Facebook-ზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც განაცხადა: „ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ!“  სამხარაძემ სტატუსს დაურთო ვიდეო, რომელიცქართული ოცნებისსამიზნედ ქცეული ორგანიზაციების ოფისებთან და აქტივისტების სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთების პროცესში იყო გადაღებული. ხელმისაწვდომია: https://sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/kartuli-otsnebis-deputati-aghiarebs-rom-sidzulvilisa-da-dzaladobis-kampaniis-organizatoria

[7] Amnesty International, “Georgia: Journalist jailed and comedian attacked for political satire”, 23 July 2026, available at https://www.amnesty.org/en/latest/news/2026/07/georgia-journalist-jailed-and-comedian-attacked-for-political-satire/ and OC-Media, “Georgian Dream MP admits to attacks on NGO and opposition offices”, 1 June 2024, available at https://oc-media.org/georgian-dream-mp-admits-to-attacks-on-ngo-and-opposition-offices/

[8] Civil.ge, “MMA-ის მებრძოლიქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნითმოძრაობას აფუძნებს“, 27 ივლისი 2026, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/746116

[9] Front News Georgia, “დიმიტრი სამხარაძე - თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, მინდა, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ”, 24 ივლისი 2026, ხელმისაწვდომია: https://frontnews.ge/ge/news/dimitri-samkharadze-tu-niko-khurtsilavas-survili-ikneba-minda-tavdebshi-davudge-rata-giraos-sanatsvlod-gaatavisuphlon

[10] Civil.ge, კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმისთვის ბრალდებული პირი გირაოთი გაათავისუფლეს

[11] ინციდენტის შემდეგ, კომენტარის თხოვნით მიმართულ ჟურნალისტს კალაძემ უპასუხა:ქალებს სად ხედავ აქ, არცერთი არ არის ქალი, ქალი არ არის აქ არცერთი, არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის, სად არის ქალი ერთი მაჩვენეთ, რომელია ქალი. თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნო შტაბს”, JAMnews, "ქალი არ არის არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია" - როგორ ეხმაურება ხელისუფლება აქტივისტებზე თავდასხმას, 9 სექტემბერი, 2025, ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/ge/aqtivistebze-tavdaskhma/

[12]  იქვე

[13] ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტი, რეკომენდაცია CM/Rec(2022)16 „სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ“, მიღებული 2022 წლის 20 მაისს, ხელმისაწვდომია: https://search.coe.int/cm#{%22CoEIdentifier%22:[%22091259488023a459%22],%22sort%22:[%22CoEValidationDate%20Descending%22]}

[14] United Nations Human Rights Council, Annual Report of the United Nations High Commissioner for Human Rights: Addendum – Report on the Expert Workshops on the Prohibition of Incitement to National, Racial or Religious Hatred, UN Doc. A/HRC/22/17/Add.4, 11 January 2013, available at https://www.ohchr.org/sites/default/files/Rabat_draft_outcome.pdf [ENG]

[15] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა“, 1 ივნისი 2026, ხელმისაწვდომია https://police.ge/news/sidzulvilis-enis-tsinaaghmdeg-brdzolis-akhlad-shekmnili-sammartvelo-punktsionirebas-sheudga/10969?locale=ka

[16] რადიო ტავისუფლება, „გინებაც, წყევლაც და „დაფიფქული“ სიტყვებიც - ჯარიმები სიძულვილის ენის სასამართლოებიდან“, 23 ივნისი 2026, ხელმისაწვდომია https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C/33787138.html

[17] რადიო თავისუფლება, „"ვსქროლავთ თუ არ ვსქროლავთ, ფაქტი სახეზეა" - რას, ვის და როგორ ეძებს შსს სოციალურ ქსელებში“, 17 ივნისი 2026, ხელმისაწვდომია https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98/33782996.html

[18] მოსამართლემ ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო „ქართული ოცნების“ წევრისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნინო წილოსანის, მიმართ შეურაცხმყოფელი და სალანძღავი ლექსიკის გამოყენებისა და მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის 16¹ ნაწილის საფუძველზე. საქმის წარმოება დაიწყო სიძულვილის ენის პრევენციის სამმართველოს ინსპექტორმა, რომელმაც განაცხადა, რომ კომენტარი Facebook-ზე აღმოაჩინა, მტკიცებულების სახით ეკრანის ე.წ. „ფოტოსურათი“ (სქრინშოთი) შეაგროვა და ავტორის ვინაობა სახელმწიფო ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაადგინა. მტკიცებულებები ძირითადად სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებისა და ეკრანის ფოტოსურათებისგან შედგებოდა. თუთბერიძეს არ მიეცა შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვის წესით დაეკითხა საქმის წარმოების ინიციატორი პოლიციის ინსპექტორი, რადგან იგი სასამართლო განხილვას არ დასწრებია.

[19] რადიო ტავისუფლება, „ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფეისბუკპოსტის გამო“, 22 ივლისი 2026, ხელმისაწვდომია https://www.radiotavisupleba.ge/a/33809713.html

[20]  შინაგგან საქმეთა სამინისტრო, Facebook პოსტი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა, ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/MIAofGeorgia/photos/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-/1335762022065961/

[21] პუბლიკა, „ვინ მუშაობს ე.წ. „სქროლვა-სქრინვის" სამმართველოში“, 27 ივლისი 2026, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/article/vin-mushaobs-e-w-sqrolva-sqrinvis-sammartveloshi/

[22] Caucasian Knot, “An activist with a poster about Ivanishvili was detained in Tbilisi on the 607th day of protests,” 27 July 2026, available at https://www.eng.kavkaz-uzel.eu/articles/77258

[23] Civil.ge, “ივანიშვილის „შეურაცხმყოფელი ბანერების“ გამო დაკავებულთაგან ხუთს ჯარიმა, ოთხს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა”, 29 ივლისი 2026, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/746317

[24] OC-Media, “Georgian authorities sentence man for poster mocking Ivanishvili days after arrest on same grounds,” 3 August 2026, available at https://oc-media.org/georgian-authorities-sentence-man-for-poster-mocking-ivanishvili-days-after-arrest-on-same-grounds/

[25] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, Miladze v. Georgia, № 41585/23, 2026 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, მეოთხე სექცია, პუნქტები 68–69, ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/?i=001-250113

[26] რადიო თავისუფლება, ვინ არის შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს უფროსი, 01 ივნისი 2026, ხცელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33770029.html

[27] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, კომისრის მიერ 2026 წლის აპრილში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ გამოცმული მემორანდუმი საქართველოს შესახებ: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობის დადგენის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს და შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიული თავისუფლებების მზარდი შეზღუდვის გამო, სტრასბურგი, 2026 წლის 19 ივნისი, პუნქტი 10, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/memorandum-on-georgia-on-accountability-of-law-enforcement-and-freedom/48802c0ac8

[28] Civil.ge, “„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა შსს-ს სანქცირებული თანამდებობის პირები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა”, 30 იანვარი 2025, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/657897

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026
აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შედის: ჰუმანიტარული მიზნები თუ რუსული ინტერესები?

ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ბენზინის გადატანა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ. 

20.08.2026