GEO   ENG
ანალიზი
ბიომეტრიული ზედამხედველობა და თვალთვალი საქართველოში
01.07.2026

2024–2026 წლებში საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივმა დაკავებებმა მკაფიოდ წარმოაჩინა სახელმწიფოს სამეთვალყურეო ინფრასტრუქტურის მასშტაბი და დანიშნულება. 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს 9,822 კამერისგან შემდგარ ქსელს, რომელიც ინტეგრირებულია პროგრამაშიუსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა მოიცავს 7,233 ზოგადი ხედვის კამერასა და 2,589 სანომრე ნიშნების ავტომატური ამომცნობ მოწყობილობას.[1] ეს ინფრასტრუქტურა ინტეგრირებულია სხვადასხვა მწარმოებლის მიერ მიწოდებულ სახის ავტომატური ამოცნობის ტექნოლოგიებთან და რეალურ დროში სახელმწიფო მონაცემთა ბაზებთან ბიომეტრიული მონაცემების შეჯერების შესაძლებლობას იძლევა.

თბილისში CCTV კამერების კონცენტრაცია ემთხვევა საპროტესტო შეკრებების დოკუმენტირებულ ადგილებსა და დემონსტრაციების დადგენილ მარშრუტებს. ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) მიერ შესწავლილი სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა და თბილისის მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დაახლოებით 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვიდეოსამეთვალყურეო კამერები და მათთან დაკავშირებული ლიცენზიები შეისყიდეს, მათ შორის — ჩინური კომპანია Dahua Technology-ის 251 კამერა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ამოცნობის შესაძლებლობით არის აღჭურვილი.[2]

ამის შედეგად შესაძლებელი გახდა საპროტესტო აქციების მონაწილეთა იდენტიფიცირება მათ მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ (პოსტფაქტუმ) და დაკავება — ცალკეულ შემთხვევებში, შესაბამისი აქცია/მანიფესტაციაში მათი მონაწილეობიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც კი. აღნიშნული პრაქტიკა მიუთითებს, რომ მეთვალყურეობის სისტემა გამოიყენება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი, ვიწროდ განსაზღვრული მიზნებისთვის, არამედ შეკავების (deterrent) ეფექტის მისაღწევად.

I.                   მშვიდობიანი დემონსტრანტების მიზანში ამოღება

2024 წლიდან დოკუმენტირებული საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებები მთლიანად ან ნაწილობრივ ეფუძნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერირებადი „112“-ის ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მეშვეობით განხორციელებულ ბიომეტრიულ შეჯერებას. აღნიშნული სისტემა აერთიანებს ვიდეოსამეთვალყურეო (CCTV) კამერებიდან მიღებულ გამოსახულებებს სახის ავტომატური ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მიღებულ შედეგებს სახელმწიფო მონაცემთა ბაზებში დაცულ პირთა ფოტოსურათებთან ადარებს. ამგვარი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებიდან გამომდინარეობს.

აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ „კანონის ხარისხის“ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-8 მუხლის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების მიმართაც გამოიყენება. შესაბამისი არც მინისტრის ბრძანებები და არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი არ უზრუნველყოფს საკმარის გარანტიებს, რომლებიც დაარეგულირებდა ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ფარგლებს, პირობებს, შენახვის ვადებს, ზედამხედველობასა და გამოყენებას. შესაბამისად, შსს-ს მინისტრის ბრძანება, რომელიც თავად ეფუძნება ბუნდოვან საკანონმდებლო დელეგირებას და რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით საკმარისად ხელმისაწვდომ, ზუსტ და განჭვრეტად სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული მონაცემები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და კონვენცია 108+-ის მიხედვით წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის (მოწყვლად) მონაცემებს და დაცვის გაძლიერებულ სტანდარტს საჭიროებს.[3]

ევროპის საბჭოს სახის ამოცნობის ტექნოლოგიების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები (დამტკიცებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2021 წელს) ცალსახად ადგენს, რომ სამართალდამცავი მიზნებისთვის სახის ამოცნობის ტექნოლოგიების გამოყენება, სულ მცირე, მოითხოვს:[4]

Ø  მკაფიო და კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველს;

Ø  აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასებას;

Ø  იმ პირთა მიმართ ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვას, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ ძირითად უფლებებს, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებას;

Ø  და დამოუკიდებელ საზედამხედველო მექანიზმს.

არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული გარანტიები საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოში ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ან არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი. მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ მაღალი ინტენსივობის ჩარევის მქონე ბიომეტრიული მეთვალყურეობის სისტემის გამოყენება — იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რაიმე  ინდივიდუალური რისკი, რომელიც ამგვარი მონაცემების დამუშავებას გაამართლებდა — სერიოზულ ეჭვებს აჩენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლებთან მისი თავსებადობის შესახებ.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით დემონსტრაციების დასრულების შემდეგ სახის ამოცნობის ტექნოლოგიის დოკუმენტირებული გამოყენება მნიშვნელოვან შემაკავებელ ეფექტს ახდენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღიარა, რომ ეს გარემოება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლებთან შესაბამისობის შეფასებისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

როდესაც პირებმა იციან ან გონივრულად შეიძლება მიიჩნიონ, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობა მათი ბიომეტრიული იდენტიფიკაციითა და შესაძლო სანქცირებით დასრულდება, მშვიდობიანი შეკრების უფლების ეფექტიანი განხორციელება სტრუქტურულად იზღუდება. იგივე მსჯელობა კიდევ უფრო დიდი ძალით ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურა თვალსაჩინოდ არის კონცენტრირებული საპროტესტო აქციების ჩატარების ადგილებში და დემონსტრანტების მიმართ მისი გამოყენება საჯაროდ არის დოკუმენტირებული.[5]

II.                პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტების არაეფექტიანობა

უმოქმედობა საპროტესტო პერიოდის განმავლობაში

2024–2026 წლების მასობრივი საპროტესტო აქციების პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აშკარად ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მანდატი. აღნიშნული სამსახური 2022 წელს შეიქმნა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო.

2025 წლის თებერვალში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) ოფიციალურად მიმართა სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სახის ამოცნობის სისტემების გამოყენების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.[6] სამსახურს აღნიშნულ მიმართვაზე არსებითი პასუხი არ გაუცია.

პირებმა, რომლებიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებების შემდეგ თვითნებური ვიდეოსამეთვალყურეო (CCTV) კონტროლისა და პირადი ელექტრონული მოწყობილობების სავარაუდო ჩამორთმევის მსხვერპლი გახდნენ, სამსახურს შესაბამისი საჩივრებით მიმართეს, თუმცა არც მათ მიუღიათ რაიმე არსებითი პასუხი.

სამსახურის უმოქმედობა მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეთა ბიომეტრიული მონაცემების ფართომასშტაბიანი დამუშავების ფონზე — იმ კატეგორიის მონაცემთა დამუშავების მიმართ, რომელსაც კონვენცია 108+ და ევროპის საბჭოს სახის ამოცნობის ტექნოლოგიების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები დაცვისა და კონტროლის უმაღლეს სტანდარტს უწესებს — წარმოადგენს დაკისრებული მანდატის შეუსრულებლობას. ამ ფუნქციურმა უმოქმედობამ ხელი შეუწყო წინამდებარე თავში აღწერილი დარღვევებისათვის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმება

2025 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობა პარტიაქართული ოცნებისწევრები არიან, გამოაცხადა 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალურ დასაბუთებად დასახელდა ინსტიტუციური ოპტიმიზაცია და რესურსების რაციონალიზაცია. სამსახურის ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.[7]

გადაწყვეტილების მიღების დრო და თანმდევი გარემოებები მიუთითებს, რომ აღნიშნულმა რეფორმამ შეასუსტა პერსონალური მონაცემების დაცვაზე დამოუკიდებელი ზედამხედველობა იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს მეთვალყურეობის შესაძლებლობები ფართოვდებოდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო და ფუნქციურად შეესაბამებოდა მონაცემთა დაცვის ეროვნულ ორგანოს, რომელიც მოიზარება კონვენცია 108+-ში (Data Protection Authority – DPA).

მიუხედავად იმისა, რომ სამსახური პრაქტიკული დამოუკიდებლობა ხელისუფლებისგან დაარსების დღიდანვე არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, იგი მაინც წარმოადგენდა ერთადერთ ინსტიტუციურ ორგანოს, რომელსაც ფორმალურად ჰქონდა სახელმწიფო ორგანოების მიერ მონაცემთა უკანონო დამუშავების შესახებ საჩივრების გამოძიების მანდატი. მისი გაუქმება ნებისმიერ მემკვიდრე ინსტიტუტს მკაფიო ინსტიტუციურ გზავნილს უგზავნის იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამოუკიდებელ საქმიანობას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა — კონსტიტუციური ორგანოსთვის, რომლის მანდატი საჯარო ფინანსების აუდიტით შემოიფარგლება და რომელიც არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ინდივიდუალური საჩივრების განხილვისთვის და არც მეთვალყურეობის პრაქტიკის გამოძიებისთვის არის შექმნილი — თავისთავად აჩენს კითხვებს ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. კონვენცია 108+-ის მე-15 მუხლი ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს, შექმნან დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოები, რომლებსაც გააჩნიათ ეფექტიანი საგამოძიებო და მაკორექტირებელი უფლებამოსილებები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების ზოგადი აუდიტის ორგანოსთვის ფორმალური გადაცემა, შესაბამისი სტრუქტურული დამოუკიდებლობისა და სპეციალიზებული კომპეტენციის უზრუნველყოფის გარეშე, სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა საქართველო ამ ვალდებულების არსებითად შესრულებას და არა მხოლოდ მის ფორმალურად დაკმაყოფილებას.

III.             დასკვნა

მშვიდობიანი დემონსტრანტების მასობრივი ბიომეტრიული მეთვალყურეობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში დამოუკიდებელი ზედამხედველობის სისტემის დემონტაჟი და სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გაფართოება ერთობლივად არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში.

Top of Form

 

Bottom of Form

 



[2] OCCRP, Georgia’s Surveillance Surge: Chinese Cameras Spark Protest Crackdown Fears, 28 March 2025, available at https://www.occrp.org/en/news/georgias-surveillance-surge-chinese-cameras-spark-protest-crackdown-fears [ENG]

[3] კონვენცია 108+ და მისი ოქმები, ხელმისაწვდომია: https://www.coe.int/en/web/data-protection/convention108-and-protocol

[4] ევროპის საბჭო, „სახის ამოცნობის ტექნოლოგიების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები“ (2021), ხელმისაწვდომია https://edoc.coe.int/en/artificial-intelligence/9753-guidelines-on-facial-recognition.html [ENG]

[5] Amnesty International და 170-ზე მეტი ორგანიზაცია ბიომეტრიული მეთვალყურეობის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის, 2021 წლის 7 ივნისი, ხელმისაწვდომია: https://www.amnesty.org/en/latest/press-release/2021/06/amnesty-international-and-more-than-170-organisations-call-for-a-ban-on-biometric-surveillance/

[6] საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა, 10 თებერვალი 2025, ხელმისაწვდომია https://gyla.ge/post/saia-mowodeba-sheswavlil-iqnes-amomcnobi-kamerebis-gamoyenebis-praqtika?fbclid=IwY2xjawIWnJZleHRuA2FlbQIxMAABHZfCGJS9gjpJIuI1VGrR3s79jk-TLSUbkNMbp-6jsdVIqwCKe38Usd71UQ_aem_-F9e-mSiFa--jdObuKZC_Q

[7] საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტი, 2025 წლის 2 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.parliament.ge/en/media/news/adamianis-uflebata-datsvisa-da-samokalako-integratsiis-komitetma-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb-kanonshi-tsvlileba-meore-mosmenit-ganikhila

ოკუპირებული აფხაზეთი საარჩევნო პროცესში უცხოელთა ჩარევისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას. 

30.07.2026
DRI: მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებაა

მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ძალის გამოყენებითა და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაკავება წარმოადგენს ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებას. 

26.07.2026