საქართველოში ბავშვები
იზრდებიან გარემოში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სოციალური მოწყვლადობის,
ინსტიტუციური ხარვეზებისა და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამოწვევებზე
ეფექტიან რეაგირებას, რაც საფრთხეს უქმნის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით
გარანტირებული უფლებებით ეფექტიან სარგებლობას.
როგორც გაეროს ბავშვის
უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო ვალდებულია, ბავშვებთან
დაკავშირებულ ყველა მოქმედებაში უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო
ინტერესებს (მუხლი 3), დაიცვას ბავშვები ძალადობის ყველა ფორმისგან (მუხლი 19), აღიაროს
თითოეული ბავშვის უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე
სრულყოფილი მომსახურებით (მუხლი 24), უზრუნველყოს, რომ ბავშვი დაცული იყოს
თვითნებური ან უკანონო თავისუფლების აღკვეთისაგან (მუხლი 37), და უზრუნველყოს, რომ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა ორიენტირებული იყოს რეაბილიტაციასა და
საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე (მუხლი 40).
წინამდებარე ანალიზი
აფასებს ბოლო პერიოდში, საქართველოში, განხორციელებულ საკანონმდებლო და
ინსტიტუციურ ცვლილებებს საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის კუთხით.
I.
სოციალური მოწყვლადობა და ბავშვთა სიღარიბე
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებს 0-დან 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 278,628 ბავშვი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბავშვების თითქმის ერთი მესამედი სოციალურად დაუცველია. 2025 წლისთვის სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 379,957 ბავშვი, რომელთაგან 23,322 პირველად 2025
წლის განმავლობაში დარეგისტრირდა.[1]
ეს მონაცემები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ანგარიშში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „სიღარიბე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ადამიანის ყველა უფლების რეალიზებაზე და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.“ 2025 წელს 5,875 ოჯახი ჩაერთო ქვეპროგრამაში „კრიზისულ
მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება“, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წელს აღნიშნული მომსახურებით მოსარგებლე ოჯახების რაოდენობას.[2]
II.
სახელმწიფოს მიერ წახალისებული სიძულვილის ენა და ბავშვის კეთილდღეობა
ბოლო პერიოდის
ანგარიშები ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებისა“ და მასთან
აფილირებული პირების მიერ ისეთი რიტორიკის გამოყენებაზე, რომელიც ხელს უწყობს
პოლარიზაციით, დელეგიტიმაციითა და ძალადობის წახალისებით გამორჩეული საკომუნიკაციო
გარემოს ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვნად ზრდის სამიზნე ჯგუფების მიმართ
შევიწროებისა და ფიზიკური ძალადობის რისკს.[3] როგორც ბავშვთა უფლებების
შესახებ საერთაშორისო სტანდარტები აღიარებს, ბავშვები იზრდებიან იმ საკომუნიკაციო
გარემოს გავლენის ქვეშ, რომელშიც ცხოვრობენ. როდესაც პოლიტიკური თანამდებობის
პირები ამართლებენ ძალადობას, მსხვერპლებს ართმევენ ადამიანურ ღირსებას ან სამოქალაქო
საზოგადოების წინააღმდეგ დაშინების კამპანიებს წარმართავენ, ისინი ბავშვებს
უკიდურესად საზიანო გზავნილს აწვდიან იმის შესახებ, თუ რა ქცევაა მისაღები, რას
ნიშნავს ანგარიშვალდებულება და სად გადის სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმური
განხორციელების საზღვრები.
პარტია „ქართული
ოცნების“ წარმომადგენლები სწორედ ამგვარ რიტორიკასა და ქმედებებს საჯაროდ მიმართავენ.
2025 წლის სექტემბერში დემონსტრანტებზე თავდასხმის შემდეგ თბილისის მერის, კახა
კალაძის, მიერ ქალი აქტივისტების „განსხვავებულ ჯიშად“ მოხსენიება;[4] პარტიის მიერ აქტივისტებისა
და მათი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმული მშობლებისა და ბავშვების, წინააღმდეგ
მიმართული დაშინების კამპანიების საჯარო მხარდაჭერა;[5] ასევე სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ მასტიგმატიზებელი რიტორიკის სისტემატური
გამოყენება აყალიბებს იმგვარ „საკომუნიკაციო გარემოს“, რომელზეც საუბარია სიძულვილის
ენასთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2022)16 რეკომენდაციაში
და რომელიც სისტემურად ზრდის მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ზიანის მიყენების რისკს.
ძალადობისა და ადამიანის
ღირსების შემლახავი რიტორიკის საჯარო ნორმალიზებასთან მუდმივი შეხება ბავშვებს
მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ამახინჯებს მათ წარმოდგენას სამოქალაქო
ცხოვრების, დემოკრატიული ღირებულებებისა და საზოგადოებაში მისაღები ქცევის შესახებ.
III.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
„რეაბილიტაციის“ ინიციატივა: სტრუქტურულ ხარვეზზე სადამსჯელო პასუხი
2025 წლის 17 დეკემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი „კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“,[6] რომლის საფუძველზეც 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
შეიქმნა დახურული „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი“. კანონპროექტის
განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა წარმოდგენილია, როგორც
პასუხი სავარაუდო ხარვეზზე, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს
მიუღწეველი ბავშვების ქცევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების არარსებობას
უკავშირდება.[7]
ასეთი დასაბუთება როგორც ფაქტობრივად მცდარი, ისე ანალიტიკურად შეცდომაში შემყვანია.[8] წლების განმავლობაში
ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ არა არსებული
მექანიზმების არარსებობის, არამედ მათი ქრონიკული არასაკმარისი დაფინანსებისა და
ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფის შეუსრულებლობის გამო. შემოთავაზებული
დახურული დაწესებულება სისტემურ პრობლემას არ აგვარებს — არამედ ალტერნატიულ
ინსტიტუციურ მოდელს ქმნის.
ევროპის საბჭოს
სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ და ბავშვის
უფლებათა კომიტეტის №24 (2019) ზოგადი კომენტარი მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა უფლებების შესახებ მკაფიოდ მიუთითებს,[9] რომ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვების დახურულ დაწესებულებებში მოთავსება
შეუთავსებელია ბავშვთა უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებთან, როგორიცაა
რეაბილიტაციის, პროპორციულობისა და თავისუფლების აღკვეთის მხოლოდ უკიდურეს
ღონისძიებად გამოყენების მოთხოვნები.
თავისუფლების აღკვეთა,
მიუხედავად იმისა, თუ რა სახელწოდებით მოქმედებს შესაბამისი დაწესებულება, იწვევს
სტიგმატიზაციას, ზიანს აყენებს ბავშვის განვითარებას და აფერხებს მის
საზოგადოებაში ინტეგრაციას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები
თანმიმდევრულად ადგენს, რომ ასეთ შემთხვევებში უპირატესობა უნდა მიენიჭოს თემზე
დაფუძნებულ, ოჯახზე ორიენტირებულ და აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომებს. ინსტიტუციონალიზაცია,
რომელიც ცალკეულ შემთხვევებში, ხანგძლივი ვადით შესაძლოა გაგრძელდეს, რეაბილიტაციას
არ წარმოადგენს — იგი, კეთილდღეობის უზრუნველყოფის სახელით, სადამსჯელო იზოლაციას
ახდენს.
საჯარო პროტესტი და ბავშვის უფლებები
შეკრებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრება ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით წარმოშობს განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ პრობლემებს, როგორც იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უშუალოდ შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს, ისე იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებსაც სადამსჯელო რეჟიმი ეხებათ. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებდა გარკვეულ გარანტიებს თვრამეტ წლამდე ასაკის პირებისა და თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვების დედებისთვის, 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებებმა აღნიშნული დაცვა ჩაანაცვლა 5,000-დან 15,000 ლარამდე
(ორგანიზატორებისთვის) ადმინისტრაციული ჯარიმით. საშუალო შემოსავალთან მიმართებით ამგვარი არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები ქმნის იმის რისკს, რომ მშობლებმა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების დედებმა, საერთოდ უარი თქვან მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე, რაც პირდაპირ აისახება ოჯახის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და, შესაბამისად, ბავშვის კეთილდღეობაზე.[10]
ამავდროულად, არასრულწლოვნები აღარ არიან დაცულნი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზემოქმედებისგან: შეკრებასთან დაკავშირებული იმავე სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ბავშვებს უშუალოდ შეიძლება დაეკისროთ ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. ამგვარი ორმაგად
შემზღუდავი — მშობლებისთვის ფინანსურად სადამსჯელო, ხოლო ბავშვებისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხის შემცველი ზემოქმედება — სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციით (CRC) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. კონვენცია მოითხოვს, რომ ბავშვის ოჯახურ გარემოსა თუ თავისუფლებაზე გავლენის მქონე ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს პირველადი მნიშვნელობის მქონე. ხოლო, ბავშვის უფლებათა კომიტეტის საქართველოს შესახებ დასკვნითი შენიშვნების შესაბამისად
თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, უმოკლესი შესაძლო ვადით.[11]
IV.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა: ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ბავშვთა დაცვის უზრუნველყოფის ხარვეზები საჯარო
სივრცებში
საქართველოს საჯარო
სივრცეებში ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევები, მათ შორის
ფატალური შედეგით დასრულებული ინციდენტები, ცხადყოფს, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა
და დაცვის ეფექტიანი მექანიზმების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავ
სერიოზული სისტემური გამოწვევები არსებობს.
2022 წლის ოქტომბერში 13
წლის გოგონა ქ. თბილისში, ვაკის პარკის ახლადშეკეთებულ შადრევანში, რომელიც წინა
დღეს თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა,[12] დენის დარტყმის შედეგად
გარდაიცვალა. 2025 წლის იანვარში 16 წლის მოზარდი რიყის პარკში სათანადოდ დაულუქავ
ორმოში ჩავარდნის შედეგად დაიხრჩო, ხოლო გადაუდებელი დახმარების სამსახურს
შემთხვევის ადგილზე მისასვლელად 30 წუთზე მეტი დასჭირდა.[13] იმავე წლის თებერვალში,
ბათუმში, სამშენებლო სამუშაოების მიმდებარედ არსებულ თხრილში, ოთხი და ხუთი წლის
ორი ბავშვი დაიხრჩო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე
პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ სამშენებლო პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო
ღონისძიებაში მონაწილეობდა.[14]
ამ შემთხვევებში ანგარიშვალდებულების პრაქტიკა განსაკუთრებით საყურადღებოა. ვაკის პარკის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა მოყვა: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს დაუდევრობისთვის, ხოლო კონტრაქტორი კომპანიის ექსპერტს დოკუმენტის გაყალბებისთვის თავისუფლების აღკვეთა
შეეფარდათ, ხოლო საქმეში მონაწილე კომპანიებს ჯარიმები დაეკისრათ. თუმცა, სამართლებრივი
რეაგირება შეეხო მხოლოდ მშენებლობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებს და არა ინსტიტუციურ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. რიყის
პარკისა და ბათუმის შემთხვევებში სახელმწიფოს რეაგირება ამ მინიმალურ სტანდარტსაც
კი ვერ გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე
შემთხვევაზე ფორმალური გამოძიება დაიწყო, ოფიციალური პირების განცხადებები
სახელმწიფოს პასუხისმგებლობის უარყოფისკენ იყო მიმართული და ბავშვების
გარდაცვალება მათ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ყოფნას ან სხვა
გარემოებებს დაუკავშირა.
სამივე საქმეში გადაუჭრელი დარჩა ერთი და იგივე სისტემური პრობლემა — უსაფრთხოების სათანადო მონიტორინგის არარსებობა, საჯარო სივრცეებსა და მათ მიმდებარედ არსებული დაურეგულირებელი სამშენებლო მოედნები და არასაკმარისი ინსპექტირების მექანიზმები. სიცოცხლის დაცვის ვალდებულება მხოლოდ ფატალური შემთხვევების შემდეგ კონტრაქტორების სისხლისსამართლებრივ დევნას არ გულისხმობს; იგი სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას ეფექტიანი რეგულირების, ინსპექტირებისა და აღსრულების სისტემა, რომელიც შეძლებს სიცოცხლესთან
შეუსაბამო პროგნოზირებადი საფრთხეების თავიდან აცილებას.
კოორდინირებული დეზინფორმაცია
ბავშვის საუკეთესო
ინტერესის პრინციპის უზრუნველყოფის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიექცეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს. ამ მხრივ, ISFED-ის მიერ
დოკუმენტირებული,[15]
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე ბავშვების მშობლების წინააღმდეგ
მიმართული კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში ბავშვთა
უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას
წარმოაჩენს.
ერთ თვეზე მეტი ხნის
განმავლობაში, როდესაც ოჯახები საჯაროდ მოითხოვდნენ თანამედროვე სამკურნალო
საშუალებებზე ხელმისაწვდომობას, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
მთელი ქვეყნის მასშტაბით სოლიდარობის კამპანიას ახორციელებდნენ და 2 მილიონ ლარზე
მეტი შეაგროვეს,[16]
გავრცელებული ინფორმაციით, პროსამთავრობო მედია და არაავთენტური ანგარიშების
კოორდინირებული ქსელები პარალელურად ავრცელებდნენ ნარატივებს, რომლებიც ეჭვქვეშ
აყენებდა მოთხოვნილი მედიკამენტების ეფექტიანობას და მშობლების ადვოკატირების
კამპანიას პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩენდა.[17]
მხოლოდ მას შემდეგ, რაც
უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან 43 დღე გავიდა და საზოგადოებრივი სოლიდარობის
შესუსტებისკენ მიმართული კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანია წარუმატებელი
აღმოჩნდა, პრემიერ-მინისტრი საბოლოოდ შეხვდა მშობლებს და მედიკამენტებზე
ხელმისაწვდომობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის პირობა დადო.[18] აღნიშნული, სამწუხაროდ,
ვერ შეფასდება, როგორც კარგი მმართველობის მაგალითი. მოვლენათა თანმიმდევრობა
სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ არსებით დიალოგს ოჯახებთან ადგილი მხოლოდ
ხანგრძლივი საზოგადოებრივი მობილიზაციისა და მათი მოთხოვნების მიმართ საზოგადოებრივი
მხარდაჭერის შესუსტებისკენ მიმართული კოორდინირებული კამპანიის წარუმატებლობის
შემდეგ ჰქონდა.
V.
დასკვნები და რეკომენდაციები
საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შეფასება შეუძლებელია პოლიტიკური გარემოს, სოციალური მოწყვლადობის, ინსტიტუციური უყურადღებობისა და სადამსჯელო საკანონმდებლო მიდგომებისგან განცალკევებით. ეს ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებია, რომლებიც ქმნის მმართველობის ისეთ მოდელს, სადაც ბავშვის კეთილდღეობა სისტემატურად ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერესებს.
რეკომენდებულია:
v გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი „კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“, რა დროსაც ის სრულ შესაბამისობაში მოვა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. მათ შორის, მისი მოთხოვნები დაეყრდნობა იმ პრინციპს, რომლის თანახმადაც ბავშვთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება და უმოკლესი შესაძლო ვადით;
v უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ბავშვებზე ზეგავლენის მქონე ყველა საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმა შემუშავდეს დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და, საჭიროების შემთხვევაში, თავად ბავშვებთან არსებითი კონსულტაციების საფუძველზე;
v აიკრძალოს და აქტიურად იქნეს აღკვეთილი საჯარო თანამდებობის პირების მიერ ადამიანის ღირსების შემლახავი, ძალადობრივი ან დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება - ბავშვის განვითარებაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათ მიერ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობაზე ამ რიტორიკის მავნე გავლენების გათვალისწინებით;
v გაძლიერდეს ინსტიტუციონალიზაციისგან დაცვის გარანტიები ისე, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყოფა მხოლოდ მკაცრად აუცილებელ შემთხვევებში, სასამართლო კონტროლის საფუძველზე და შესაბამისი ოჯახზე და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის მომსახურებების წინასწარ უზრუნველყოფის შემდეგ განხორციელდეს;
v უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სასამართლო გადაწყვეტილებაში ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიხილებოდეს, როგორც პირველადი მნიშვნელობის მქონე გარემოება.
[1] საქართველოს სახალხო დამცველი, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში“, 2026, გვ.
343-348, ხელმისაწვდომია https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf
[2] იქვე, გვ. 344
[3] ევროპარლამენტმა 2024 წლის 9 ოქტომბრის პრესრელიზში აღნიშნა, რომ
„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სიძულვილის ატმოსფეროს აღვივებენ“ და შეშფოთება
გამოთქვა „სიძულვილისა და დაშინების იმ გარემოს გამო, რომელსაც საქართველოს მთავრობის
წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებები ახალისებს“, ხელმისაწვდომია:
https://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20241003IPR24429/parliament-says-georgia-s-democracy-is-at-risk
[4] საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) და სხვები, საქართველო: „ქართული
ოცნების“ მხარდამჭერები ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლას
აგრძელებენ, Media Freedom Rapid Response, 2025 წლის 12 სექტემბერი (სახელმწიფოს პასუხი
გამოქვეყნდა 2025 წლის 18 დეკემბერს), სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 9 სექტემბერს
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის მიერ ქალი დემონსტრანტის თავდასხმის ამსახველ კადრებზე
კომენტარის გაკეთებისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა: „ქალებს სად ხედავ
აქ? არც ერთი არაა ქალი, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია“; მან ასევე ჟურნალისტებს უწოდა
„ჩვეულებრივი აგიტატორები“, რომლებიც „საზოგადოებაში კონფლიქტს აღვივებენ“ და „ცდილობენ,
საზოგადოება დაყონ“, ხელმისაწვდომია: https://fom.coe.int/en/alerte/detail/107642934
[ENG]
[5] Human Rights Watch, World Report 2025 (Georgia), section on
Violence against Activists, available at https://www.hrw.org/world-report/2025/country-chapters/georgia
[ENG]
[8] არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (2015), რომელიც მიღებულ
იქნა UNICEF-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და რომელმაც დააწესა
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სპეციალური პროცედურები და მათთან მომუშავე სპეციალისტების
სპეციალიზებული მომზადების სავალდებულო მოთხოვნა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი
(2020), რომელიც ევროკავშირისა და UNICEF-ის მხარდაჭერით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შეიქმნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვების რეაბილიტაციისა
და რესოციალიზაციის კოორდინაციის მიზნით; Barnahus-ის მოდელი (2022), რომელიც
UNICEF-ისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით დაინერგა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის
ბავშვზე მორგებულ, მულტიდისციპლინურ მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს.
[9] გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, №24 (2019) ზოგადი კომენტარი ბავშვთა
მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა უფლებების შესახებ, გაეროს დოკუმენტი
CRC/C/GC/24 (2019 წლის 18 სექტემბერი), ხელმისაწვდომია: https://www.ohchr.org/en/documents/general-comments-and-recommendations/general-comment-no-24-2019-childrens-rights-child
[ENG]
[10] ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი
(ODIHR), გადაუდებელი მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა
და სისხლის სამართლის კოდექსში (2025 წლის 16 ოქტომბერს მიღებული რედაქცია) შეტანილი
ცვლილებების შესახებ, მოსაზრება № FOPA-GEO/564/2025 [ALC/TN], 2025 წლის 12 ნოემბერი
(საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშიდან), გვ. 18–19 და 23–28.
[11] იქვე, გვ. 28-30.
[12] Eurasianet, „ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა თბილისის
მერის პოლიტიკურ მომავალს გამოცდის წინაშე აყენებს“ (Tragic park incident puts
Tbilisi mayor's career to test), 2022 წლის 18 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://eurasianet.org/tragic-park-incident-puts-tbilisi-mayors-career-to-test
[13] Georgia Today, „ტრაგედია თბილისში: მოზარდი რიყის პარკში ორმოში ჩავარდნის
შედეგად დაიხრჩო“ (Tragedy in Tbilisi: Teenager drowns after falling into a pit
in Rike Park), 2025 წლის 29 იანვარი, ხელმისაწვდომია: https://georgiatoday.ge/tragedy-in-tbilisi-teenager-falls-into-an-open-ditch-in-rike-park-and-dies/
[16] ISFED, „„ქართული ოცნების“ კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია დიუშენის
სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ”, 20 აპრილი 2026, ხელმისაწვდომია https://www.isfed.ge/geo/blogi/qartuli-otsnebis-koordinirebuli-sainformatsio-kampania-diushenis-sindromis-samkurnalo-preparatebis-tsinaaghmdeg
[17] Civil.ge, „მთავრობის მხრიდან მედიკამენტზე უარის გამო, დიუშენის კუნთოვანი
დისტროფიით დაავადებულ ბავშვთა ოჯახებმა უწყვეტი აქციები დაიწყეს“, 22 აპრილი
2026, ხელმისაწვდომია https://civil.ge/ka/archives/731636
[18] Civil.ge, „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა
მთავრობასთან მკურნალობაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, 04 ივნისი 2026, ხელმისაწვდომია
https://civil.ge/ka/archives/737308
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.
DRI ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის
მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.
მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ძალის გამოყენებითა და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაკავება წარმოადგენს ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებას.