საქართველოში, 2019–2026 წლების საპროტესტო მოძრაობის
ფონზე, გამოიკვეთა თანმიმდევრული ტენდენცია, რომელიც ხასიათდება:
Ø აქციების მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული და, რიგ შემთხვევებში, აკრძალული ძალის გამოყენებით;
Ø წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო
ფაქტების ნაკლებად მძიმე დანაშაულებად სისტემური გადაკვალიფიცირებით;
Ø სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მანდატის მქონე ერთადერთი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმებით;
Ø საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სახელმწიფო დაჯილდოებით;
Ø და დაზარალებულებისთვის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების მუდმივი უარყოფით.
საერთაშორისო
საზოგადოების გადაწყვეტილებები და შეფასებები ერთობლივად ქმნის იმ სამართლებრივ და
ფაქტობრივ კონტექსტს, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შეფასდეს საქართველოს
სამართალდამცავ სისტემაში არსებული მდგრადი პრობლემები.[1]
I.
განმეორებადი პრაქტიკა:
პოლიციის ძალადობა საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში და მათ ფარგლებს გარეთ
(2019–2026)
2019: „გავრილოვის ღამე“ და ანგარიშვალდებულების არარსებობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2025 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებამ, რომელიც ეხებოდა 2019 წლის 20–21 ივნისის საპროტესტო აქციების, ე.წ. „გავრილოვის ღამის“, დაშლას, დაადასტურა საქართველოს საგამოძიებო ორგანოების სისტემური არაეფექტიანობა პოლიციის ძალადობის ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით.[2]
ამ ფაქტიდან ექვსი წლის შემდეგაც კი, არსებითი ანგარიშვალდებულება კვლავ არ არსებობს.
2019 წლის ივნისის მოვლენების დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ მიღებული მძიმე დაზიანებების მიუხედავად, საპოლიციო ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ძირითადად არ მომხდარა. რამდენიმე დაბალი რგოლის პოლიციელის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა მოგვიანებით ამნისტიის საფუძველზე შეწყდა, მაშინ როდესაც აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვისთვის, ბრძანების
გაცემისთვის და ოპერაციის შესრულების ზედამხედველობისთვის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, შემდგომში პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა. 2019 წლის ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით
მას ბრალი 2025 წლის ნოემბერში წარედგინა — მოვლენათა განვითარება, რომელიც როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.[3]
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოვლენილი სტრუქტურული ხარვეზები შემდგომ საპროტესტო ტალღებშიც შენარჩუნდა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი და ევროპის საბჭოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.
2023: დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება
2023 წლის მარტში, ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს,[4] პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები. სულ მცირე 169 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობაც ამტკიცებდა, რომ დაკავებისას ან დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან ცემისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა პირმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.[5]
დღემდე, ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებას არც ამ დაზიანებაზე აუღია პასუხისმგებლობა და არც აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრები გამოუძიებია.
2024: დოკუმენტირებული ძალადობა და აკრძალული საშუალებების სავარაუდო
გამოყენება
2024 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ფართოდ დაადასტურეს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის ძალადობის ფაქტები.[6] ანგარიშებში აღწერილია დაკავებისას ცემა, დაკავების პირობებში ღირსების შემლახავი მოპყრობა, სიტყვიერი და სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა, უკანონო ჩხრეკა, პირადი ნივთების ჩამორთმევა, აგრეთვე მასების კონტროლის საშუალებების, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება. აღნიშნული ფაქტები ხშირ შემთხვევაში ვიდეომტკიცებულებებით იყო დადასტურებული და თან ახლდა მძიმე დაზიანებები.[7]
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლიდან ერთი წლის
გასვლის შემდეგ, 2025 წლის 1 დეკემბერს, BBC Eye Investigations-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც
გამოთქვამდა ვარაუდს, რომ 2024 წლის აქციების დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერებით (Camite) შერეული წყლის ჭავლი. გამოძიება ეფუძნებოდა დაზარალებულთა ჩვენებებს.[8]
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, თუმცა იგი ხუთ დღეში დაასრულა იმ დასკვნით, რომ აკრძალული ნივთიერება Camite არ ყოფილა გამოყენებული. ამავე დროს, სამსახურმა დაიწყო
სისხლის სამართლის გამოძიება ინტერვიუში მონაწილე პირების
მიმართ „უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში“ მათ
მიერ შესაძლო დახმარების გაწევის საქმეზე.
პოლიციის ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი
გამოძიების არარსებობის ფონზე, ამგვარმა რეაგირებამ სერიოზული კითხვები გააჩინა გამოძიების გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის
და ასევე საქართველოს მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დროული და სრული გამოძიების თაობაზე.[9]
სისტემური ხარვეზები გამოძიებაში
2019–2026
წლებში პოლიციის ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე დაწყებული გამოძიებები სისტემატურად და არამართლზომიერად გადაკვალიფიცირდებოდა. წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით გამოძიების ნაცვლად, საჩივრები სისტემატურად კვალიფიცირდებოდა როგორც „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულს წარმოადგენს, ითვალისწინებს უფრო მსუბუქ სანქციებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით მოთხოვნილი ანგარიშვალდებულების სტანდარტის უზრუნველყოფას. დამნაშავე პირების იდენტიფიცირება იშვიათად ხდებოდა, დაზარალებულებს ხშირად არ ენიჭებოდათ შესაბამისი საპროცესო სტატუსი და არ ჰქონდათ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე წვდომა, ხოლო გამოძიების სისტემური უმოქმედობა დაუსჯელობის განმტკიცებულ კულტურას კიდევ უფრო ამყარებდა.
საქართველოს სახალხო
დამცველის 2024 წლის წლიური ანგარიში სისტემური ხარვეზების არსებობის მნიშვნელოვან
რაოდენობრივ მტკიცებულებებს შეიცავს. საპოლიციო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი
პირების მიმართ დოკუმენტირებული ფიზიკური ძალადობის ფორმებს შორისაა მუშტებით
ცემა, ფეხების დარტყმა, ხელბორკილების ზედმეტად მოჭერა, ხელების გადაგრეხა და
იძულებითი ფიზიკური შეკავება. დაზიანებების შესახებ ინფორმაციით დადასტურებული
შემთხვევების წილმა 39.4%-ს მიაღწია, რაც 2020–2024 წლების საანგარიშო პერიოდში
ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ეს მაჩვენებელი 26%-დან 34.4%-ის
ფარგლებში მერყეობდა. მონაცემები მდგომარეობის გაუარესების ტენდენციას ცხადყოფს.[10]
საქართველოში, 2024–2025
წლების საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე
დააფიქსირა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. სახალხო დამცველის აპარატის მიერ
მონახულებული 624 დაკავებულიდან 360-მა პირმა (57.7%) განაცხადა, რომ
დაექვემდებარა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არაადამიანურ
ან დამამცირებელ მოპყრობას ან ძალის გადამეტებულ გამოყენებას. განსაკუთრებით
მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2024 წლის აპრილ–მაისსა და 2024 წლის ნოემბრიდან
2025 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში, როდესაც დაკავებულთა შორის არასათანადო
მოპყრობის შესახებ განცხადებების წილმა 60%-ს მიაღწია. სახალხო დამცველმა ასევე
მიუთითა სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობის ხანგრძლივ სისტემურ ხარვეზზე და ხაზი
გაუსვა პრევენციული გარანტიების მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს, მათ შორის
აუდიო-ვიდეო მონიტორინგის არასაკმარისობასა და სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომელთა მკაფიო იდენტიფიკაციის არარსებობას.[11]
ანგარიშვალდებულების ხარვეზები სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობის სისტემაში
2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს თერთმეტი მაღალჩინოსანი, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი პირები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.[12] პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო სრულად აუნაზღაურებდა იმ თანამდებობის პირებს სანქციების შედეგად მიღებულ ნებისმიერ ფინანსურ ზარალს.[13] აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე დაგმობილი ქცევის ინსტიტუციური მხარდაჭერის მკაფიო გამოვლინებას და შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენციასა და აღკვეთას ისახავს მიზნად.
სისტემური გამოწვევების კონტექსტი
კიდევ უფრო გაუარესდა. 2025 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა გააუქმა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც 2022 წლის მარტში, ევროკავშირის
რეკომენდაციების საფუძველზე, სპეციალურად სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომლებისა და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების
მანდატის მქონე დამოუკიდებელ საგამოძიებო სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბებულიყო. 2025
წლის 1 ივლისიდან მისი უფლებამოსილება თბილისის პროკურატურას გადაეცა — უწყებას,
რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არ არის და თავად
წარმოადგენს იმ სამართალდამცავი სისტემის ნაწილს, რომლის წარმომადგენელთა შესაძლო
დანაშაულებიც მან უნდა გამოიძიოს.[14]
საქართველოს
პროკურატურის 2025 წლის წლიური ანგარიშის თანახმად, საჯარო მოხელეების მიერ
სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება 196 სისხლის
სამართლის საქმეზე დაიწყო. აქედან 121 საქმე პოლიციის თანამშრომლებს
უკავშირდებოდა, 7 — პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებს, 5 — სასამართლო
აღმასრულებლებს, ხოლო 1 საქმე ერთდროულად ორივე კატეგორიას მოიცავდა.
დაზარალებულის სტატუსი 74 პირს მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ სისხლისსამართლებრივი
დევნა მხოლოდ 196 საქმიდან 6-ზე დაიწყო, რაც ნათლად წარმოაჩენს საქართველოში
არასათანადო მოპყრობის წინაშე არსებული დაუსჯელობის მასშტაბს.[15]
2025–2026: განგრძობადი ძალადობა და ინსტიტუციური უკუსვლა
2026 წლის მაისსა და ივნისში, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერებმა პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დამატებითი
ფაქტები გამოავლინა. ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც 2022 წელს მომხდარ მოვლენებს უკავშირდებოდა, მონაწილე პოლიციის
თანამშრომელი პირების დაკავებით მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დასრულდა — ფაქტიდან ოთხი წლის შემდეგ. მათ ბრალი ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარედგინათ.[16]
სხვა ვიდეოჩანაწერზე ასახული იყო, თუ როგორ სცემდა სულ მცირე ათი პოლიციის თანამშრომელი ერთ პირს გორში, სავარაუდოდ, პარკირებასთან დაკავშირებული დავის გამო.[17] საზოგადოებრივი აღშფოთების შემდეგ ბრალი ექვს პოლიციელს წარედგინა, თუმცა კვლავ მხოლოდ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
2026 წლის 7 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააკავა 2024 წლის თბილისის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ ძალადობის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოების ხუთი მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი. მიუხედავად თავდასხმის განსაკუთრებული სიმძიმისა, რომელიც არაერთი წყაროთი იყო დოკუმენტირებული, ამ საქმეში ბრალდებულ პირებს ბრალი მხოლოდ ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარედგინათ. გარდა ამისა, ერთ-ერთ მათგანს ბრალი წარედგინა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლაში, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.[18]
აღნიშნული ბრალდებები ასახავს უფრო ფართო და ღრმად შემაშფოთებელ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც ქმედებები, რომლებიც შესაძლოა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდეს, სისტემატურად კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
ან ნაკლებად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულად. შედეგად, ძალადობაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობაში
მხილებული პირები თავს არიდებენ ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამის ანგარიშვალდებულებას, ხოლო დაზარალებულებს ერთმევათ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები.
II.
საერთაშორისო შეფასებები და რეკომენდაციები
საქართველოს
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი წამებისა და
არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობა არაერთ
საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუტსა თუ მექანიზმს თანმიმდევრულად აქვს გამოვლენილი
და დაგმობილი.
ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ (2025 წლის დეკემბერი) დაადასტურა, რომ
პოლიციის ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისას საგამოძიებო ორგანოები სისტემურად
არაეფექტიანად მოქმედებდნენ.
ეუთოს მოსკოვის
მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში, წამებისა და სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის აკრძალვის საკითხზე
სპეციალურმა მომხსენებელმა (2026 წლის მარტი) რეკომენდაცია გაუწია, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ:
Ø დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაპროპორციული ძალის
გამოყენება, მათ შორის, წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები;
Ø უზრუნველყოს, რომ ძალის ნებისმიერი გამოყენება
მკაცრად შეესაბამებოდეს პროპორციულობის პრინციპს;
Ø უზრუნველყოს ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტის
დროული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება;
Ø უზრუნველყოს დაკავების, გადაყვანისა და
პატიმრობაში ყოფნისას პირებისადმი ჰუმანური მოპყრობა;
Ø სამართალდამცავი ოპერაციების დროს ბავშვების
დასაცავად დანერგოს ბავშვზე მორგებული საპოლიციო პრაქტიკა.[19]
ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა (2026 წლის მაისი) დაგმო პოლიციის
სისასტიკის ფაქტებზე სარწმუნო გამოძიებების არარსებობა და განსაკუთრებული
შეშფოთება გამოხატა „თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური
საშუალებების გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების“ გამო.[20]
2026 წლის ივნისში გამოქვეყნებულ მემორანდუმში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ გააკრიტიკა გამოძიებების არსებითი გაჭიანურება და შეზღუდული პროგრესი, მოითხოვა პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ყველა სავარაუდო ფაქტის, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებული წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ ბრალდებების, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, და მოუწოდა საქართველოს, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების განხორციელება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების სრულ შესაბამისობაში.[21]
ეროვნულ დონეზე,
საქართველოს სახალხო დამცველის 2024–2025 წლების წლიური ანგარიშები ხაზს უსვამს
პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის
შესახებ საჩივრებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო დონეზე ჩამოყალიბებულ
კონსენსუსს პრობლემის მასშტაბისა და მისი სისტემური ხასიათის შესახებ.[22]
ეს მიგნებები
ერთობლიობაში მიუთითებს, რომ პრობლემა კვლავაც სტრუქტურულ ხასიათს ატარებს და მის
აღმოსაფხვრელად სისტემური რეფორმების განხორციელებაა საჭირო.
III.
დასკვნები და რეკომენდაციები
საქართველოს სახელმწიფოს
მიერ პოლიციის ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი
დევნისა და დაზარალებულთათვის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების
უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს როგორც კონვენცით ნაკისრ,
აგრეთვე 2025 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი
პალატის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებების განგრძობად დარღვევას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება, ძალადობის დაუსჯელობის ნორმალიზება
და სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მძიმე
ფორმების სისტემური გადაკვალიფიცირება ნაკლებად მძიმე დანაშაულებად, სისტემის
ეფექტიანობის უკუსვლაზე მიუთითებს.
საქართველოში პოლიციის
ძალადობისა და დაუსჯელობის განმეორებადი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად რეკომენდებულია:
v უზრუნველყოფილი იქნეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტებული გამოყენების, თვითნებური დაკავებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების შესახებ ყველა სავარაუდო ფაქტის სწრაფი, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
v უზრუნველყოფილი იქნეს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია, რათა ასეთი ქმედებები გამოძიებული და სათანადო წესით დასჯადი იყოს შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლებით და არა ნაკლებად მძიმე დანაშაულებად გადაკვალიფიცირების გზით;
v უზრუნველყოფილი იქნეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ან აღდგენა, რომელიც იქნება თავისუფალი პროკურატურის და აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენებისგან და რომელსაც ექნება ინსტიტუციური, ოპერატიული და ფინანსური დამოუკიდებლობა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად;
v უზრუნველყოფილ იქნეს ანგარიშვალდებულება საზედამხედველო მენეჯმენტის ყველა დონეზე, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ ხელმძღვანელი და ზედამხედველი პირებისათვის, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს, იწონებენ, ვერ აღკვეთენ ან სათანადოდ ვერ რეაგირებენ სავარაუდო წამების, არასათანადო მოპყრობის ან ძალის უკანონო გამოყენების ფაქტებზე;
v დაზარალებულებს მიეცეთ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები, მათ შორის, სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომა, ადეკვატური კომპენსაცია, რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და დანაშაულის განმეორების თავიდან აცილების გარანტიები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
v გააძლიეროს გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ზედამხედველობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების, დაწყებული გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნის, დისციპლინური წარმოებების, გამამტყუნებელი განაჩენებისა და დაზარალებულთათვის უზრუნველყოფილი რეპარაციების შესახებ სრულყოფილი და ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებით;
v უზრუნველყოფილი იქნეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან სრული თანამშრომლობა, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა ორგანოების მიერ მიღებული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების შესრულება, აგრეთვე ხელი შეეწყოს სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკის დამოუკიდებელ მონიტორინგს;
v ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში სარწმუნოდ მხილებული თანამდებობის პირების დაჯილდოებისგან ან საჯარო მხარდაჭერის გამოხატვისგან, მათ შორის, სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების, დაწინაურების, ფინანსური სარგებლის ან ოფიციალური აღიარების სხვა ფორმების მეშვეობით, დამოუკიდებელი გამოძიების დასრულებამდე;
v გადაიხედოს და რეფორმირება გაუკეთდეს კანონმდებლობას, ინსტიტუციურ პოლიტიკასა და ოპერაციულ პრაქტიკას, რომლებიც არეგულირებს საპოლიციო საქმიანობას, ძალის გამოყენებას, დაკავების პროცედურებსა და პატიმრობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაბამისობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალთან და წამების აბსოლუტური აკრძალვის პრინციპთან;
v სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომლის,
პროკურორისა და მოსამართლისთვის დაინერგოს ადამიანის უფლებების სფეროში
სავალდებულო სწავლება, რომელიც მოიცავს წამების აბსოლუტურ აკრძალვას,
არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებათა
დარღვევების ეფექტიან გამოძიებას, აგრეთვე შეკრების თავისუფლებისა და სხვა
ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეკრებებისა და საჯარო დემონსტრაციების დროს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების არსებითი შესრულება მოითხოვს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც იქნება გაზომვადი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი მონიტორინგის ქვეშ მოქცეული და ეფექტიანად შეძლებს მომავალში დარღვევების პრევენციას, ამასთან, დაასრულებს პოლიციის არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული დაუსჯელობის ხანგრძლივ ციკლს.
[1] 2026 წლის 9–11 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „მაკარაშვილი
და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს მოუწოდა, გადაეხედა
შეკრების თავისუფლების შესახებ კანონმდებლობისთვის და უზრუნველეყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად ხელშემწყობი გარემო. იხ.: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, Makarashvili
and Others v. Georgia (განაცხადი № 23158/20), CM/Del/Dec(2026)1563/H46-14, მინისტრთა
მოადგილეების 1563-ე შეხვედრის (DH) გადაწყვეტილებები, 2026 წლის 9–11 ივნისი, მიღებულია
2026 წლის 11 ივნისს; ასევე იხ.: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისი (ODIHR), OSCE Fact-Finding Mission on Georgia (2026) under Paragraph 12
of the Moscow Mechanism: Report on Developments in Georgia in Respect of Human
Rights and Fundamental Freedoms since Spring 2024, პროფესორ პატრიცია გჟებიკის, სოლო
მომხსენებლის, ანგარიში, ODIHR.GAL/9/26/Corr.1 (2026 წლის 12 მარტი); და ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა კომისარი, Memorandum on Georgia: Council of Europe
Commissioner Calls for Accountability of Law Enforcement and Expresses Concerns
Regarding Mounting Restrictions on Democratic Freedoms, სტრასბურგი, 2026 წლის
19 ივნისი, საქართველოში 2026 წლის აპრილში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, პუნქტები
9–10.
[2] EHRAC, „გავრილოვის ღამე“ — პრეცედენტული გადაწყვეტილებით დადგინდა,
რომ საქართველოს საპროტესტო აქციების მონაწილეები და ჟურნალისტები არასათანადო მოპყრობის
მსხვერპლნი გახდნენ, 2025 წლის 11 დეკემბერი; ხელმისაწვდომია: https://ehrac.org.uk/en_gb/gavrilovs-night-european-court-judgment-georgia-protestors-journalists/
[ENG]
[3] Civil.ge, “გახარიას „გავრილოვის ღამისა“ და ჩორჩანას საქმეზე ბრალი
დაუსწრებლად წაუყენეს”, 12 ნოემბერი 2025, ხელმისაწვდომია:
https://civil.ge/ka/archives/710547
[4] 2023 წლის მარტში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებდა იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე
მეტი უცხოური წყაროებიდან მოდიოდა, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის
აგენტები“. თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ფართო საერთაშორისო
კრიტიკის შემდეგ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ოფიციალურად გაიწვია, თუმცა
2024 წელს იგი ხელახლა წარადგინა და საბოლოოდ მიიღო.
[5] რადიო თავისუფლება, „აქციაზე დაკარგული კიდევ ერთი თვალი, პროტესტი
თეთრი ფურცლებით და მარში შიმშილის წინააღმდეგ“, 27 დეკემბერი 2023, ხელმისაწვდომია:
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-2023-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1/32749092.html
[6] გჟებიკი, პატრიცია (2026), ეუთოს ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში
(2026) მოსკოვის მექანიზმის მე-12 პუნქტის ფარგლებში: ანგარიში საქართველოში 2024 წლის
გაზაფხულიდან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით განვითარებული
მოვლენების შესახებ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო),
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR), 2026 წლის 24 თებერვალი,
პუნქტები 126, 128, 130–131, 133, 135, 139–142, 144, 151, 293, 300 და 304, ხელმისაწვდომია
https://odihr.osce.org/sites/default/files/documents/official_documents/2026/03/odgal0009c1%20ODIHR%20NV%2082-2026%20report_Moscow%20Mechanism%20invoked%20in%20respect%20of%20Georgia_0.pdf
{ENG]
[7] საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში – 2024, გვ. 77–95, ხელმისაწვდომია:
https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf
[8] BBC, ‘WW1 toxic compound sprayed on Georgian
protesters, BBC evidence suggests’, 1 December 2025, available at
https://www.bbc.com/news/articles/czrk7g50e1po
[9] Interpressnews, „სუს - ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ
ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის
შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“,
06 დეკემბერი 2025, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/856627-sus-vinaidan-ec-kamitis-gamoqenebis-gamogonil-paktze-sagamoziebo-mokmedebebi-amocurulia-grzeldeba-gamozieba-im-shesazlo-danashaulis-shesaxeb-rac-ucxoetis-organizaciistvis-mtrul-sakmianobashi-daxmarebas-gulisxmobs
[10] საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში – 2024, გვ. 45, ხელმისაწვდომია:
https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf
[11] იქვე, გვ. 9, 78, 84 და 88
[12] Imedi TV, “მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა
ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა”, 30 იანვარი 2025, ხელმისაწვდომია
https://imedinews.ge/ge/politika/371839/mikheil-kavelashvilma-vakhtang-gomelauri-da-politsiis-skhva-khelmdzgvaneli-pirebi-girsebis-ordenit-daajildova
[13] Civil.ge, „აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე შსს-ს მაღალჩინოსნებს
აჯილდოებს და კომპენსაციებს პირდება“, 20 დეკემბერი 2024, ხელმისაწვდომია https://civil.ge/ka/archives/647130
და „„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა შსს-ს სანქცირებული თანამდებობის პირები ღირსების
ორდენებით დააჯილდოვა”, 30 იანვარი 2025, ხელმისაწვდომია https://civil.ge/ka/archives/657897;
[14] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, „„ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების
წინააღმდეგ და მისი მცდელობა, გაანადგუროს სახელმწიფო ინსტიტუტები“, 21 მაისი
2025, ხელმისაწვდომია: https://www.democracyresearch.org/geo/1643/
[15] საქართველოს პროკურატურა,
საქართველოს პროკურატორის საქმიანობის ანგარიში, 2025, ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/php9IQU5i.pdf
[16] ნოდარ მელაძე, პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობისა
და წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/nodar.meladze/videos/2289490045128077/
[17] Formula TV, ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს თუ როგორ უსწორდებიან
ფიზიკურად პოლიციის თანამშრომლები ახალგაზრდა
მამაკაცს კომბინატის დასახლებაში მისი დაკავების დროს, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/TVFormula/videos/-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A/2098334907435486/
[18] Amnesty International, Georgia: Justice and
accountability require more than criminal charges against five police officers
for assaulting protesters, 08 May 2026, available at https://www.amnesty.org/en/latest/news/2026/05/georgia-justice-and-accountability-require-more-that-criminal-charges-against-five-police-officers-for-assaulting-protesters/
[19] ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR), ეუთოს ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში (2026) მოსკოვის მექანიზმის 12-ე პუნქტის საფუძველზე: ანგარიში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით განვითარებული მოვლენების შესახებ, პროფესორი პატრიცია გჟებიკის, სოლო მომხსენებლის მიერ,
ODIHR.GAL/9/26/Corr.1 (2026 წლის 12 მარტი). გვ.
7, ხელმისაწვდომია https://odihr.osce.org/sites/default/files/documents/official_documents/2026/03/odgal0009c1%20ODIHR%20NV%2082-2026%20report_Moscow%20Mechanism%20invoked%20in%20respect%20of%20Georgia_0.pdf
[ENG]
[20] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი, „საქართველო: დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები გრძელდება, — აცხადებს PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი“, 2026 წლის 21 მაისი, ხელმისაწვდომია: https://pace.coe.int/en/news/10300/georgia-democratic-backsliding-and-crackdown-on-opposition-and-civil-society-continue-says-pace-committee
[ENG]
[21] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მემორანდუმი საქართველოს
შესახებ: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების
უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს და შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიული თავისუფლებების
მზარდი შეზღუდვების გამო, სტრასბურგი, 2026 წლის 19 ივნისი, კომისრის 2026 წლის აპრილში
საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შედეგები, პუნქტები 6, 13–15 და 41, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/memorandum-on-georgia-on-accountability-of-law-enforcement-and-freedom/48802c0ac8 [ENG]
[22] სახალხო დამცველის 2025 წლის წლიურ ანგარიშშიც ანალოგიურად არის დოკუმენტირებული
პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ ძალადობის შემთხვევები. 2025 წლის 1 მარტიდან
2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციებთან
დაკავშირებით დაკავებული 131 პირი მოინახულეს, რომელთაგან 35-მა (26.7%) არასათანადო
მოპყრობის შესახებ განაცხადა, ხოლო 17-ს სხეულზე ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.
აღწერილი ქმედებები მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ მოპყრობას,
სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზედმეტად მჭიდროდ დადებულ ხელბორკილებსა და არაპროპორციული
ძალის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელთან შედარებით შემთხვევების საერთო
რაოდენობა შემცირდა, რაც საპროტესტო აქციების მასშტაბის შემცირებით და არა პოლიციის
ქცევის გაუმჯობესებით იყო განპირობებული, ძალადობის ეს პრაქტიკა უცვლელი დარჩა და კვლავ
ეფექტიანი რეაგირების გარეშე გრძელდებოდა, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში
– 2025, გვ. 77–80, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.
DRI ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის
მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.
მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ძალის გამოყენებითა და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაკავება წარმოადგენს ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებას.