ენგურის ხიდზე ოკუპირებული
აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ბენზინის გადატანა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ.
რუსეთის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთშიც, საწვავის მწვავე დეფიციტი შეიქმნა, რადგან
მთავარი იმპორტიორი რუსეთია. აღნიშნული გარემოება ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე
უკრაინული დრონების თავდასხმას უკავშირდება.
საქართველოს ხელისუფლებამ
12 აგვისტოს დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ
აფხაზეთში საწვავი შევიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საწვავი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმა შეიტანა და სახელმწოფო არაფერ შუაშია. თუმცა
მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ კანონის ფარგლებში განხორციელდა. ამასთანავე 19 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში
კობახიძე ასევე დასძენს, რომ „ჩვენთვის ეს არის თავიდან
ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის,
მთავარი ამოსავალი წერტილი აქ ფულის შოვნა არ იყო. შეიძლება ბიზნესის მიზანი იყოს ფულის
შოვნა, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ერთადერთი მოტივი, რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი
გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ხედვა — ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი“.
კობახიძის განცხადების
მიუხედავად, აფხაზეთში ბენზინი ბიზნესმა შეიტანა, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შპს "სოლიდუსმა" შეიტანა, რომელსაც ოკუპირებულ
ტერიტორიაზე საქმიანობისთვის მინიჭებული აქვს "სპეციალური საწარმოს სტატუსი".
კომპანიის მფლობელი გიორგი არველაძე ამბობს, რომ აფხაზეთში არა 3000, არამედ 680 ტონა
საწვავი შეიტანა და უკვე დიდი ხანია აფხაზებთან
ერთად საქმიანობს. შესაბამისად, ახლაც კრიზისის ფონზე, ბიზნესს საქმიანობა ნავთობის მიმართულებით გადაიტანა.
ირაკლი კობახიძის განცხადების
და ფაქტის დადასტურების მიუხედავად, ღიად არ
გვაქვს პასუხები მთავარ კითხვაზე: რა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლით გახდა
შესაძლებელი კონკრეტული ტვირთის აფხაზეთში შეტანა და იყო თუ არა გამოყენებული კანონით
გათვალისწინებული სპეციალური გამონაკლისი.
საქართველოს კანონმდებლობა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას ზღუდავს. „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რიგი ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია, თუმცა
განსაკუთრებულ შემთხვევებში მისი განხორციელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის
სპეციალური თანხმობით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის
მშვიდობიან მოგვარებას, დეოკუპაციას, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას
ან ჰუმანიტარულ მიზნებს. ამ ჩანაწერის მიუხედავად, უცნობია, რა საფუძვლით მოხდა ბენზინის
აფხაზეთში შეტანა. აუცილებელია ამ საკითხზე მეტი გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.
ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის
მართალია ცნობილია აფხაზეთში ბენზინის მიმწოდებლის
ვინაობა, თუმცა უცნობია ახლაც გრძელდება თუ არა მიწოდება, რა პროცედურები გაიარა
და საბოლოოდ ვის და რა მიზნით მოხმარდა საწვავი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
იმის დადგენა, მოხმარდა თუ არა საწვავი აფხაზეთის მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის
საჭიროებებს, თუ მისი საბოლოო გამოყენება სხვა, რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხედრო
ან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იგეგმება.
ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებაში
შეფასებებიც განსხვავებულია. იმ შემთხვევაში თუ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბენზინის შეტანა
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და კანონით
დადგენილ ჩარჩოში ხორციელდება, თავისთავად მისაღები და მისასალმებელია. თუმცა მეორე
მხრივ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აფხაზეთში რუსეთის კონტროლია და მისი
სამხედრო ბაზებია განთავსებული, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ენერგორესურსის მიწოდება
საჭიროებს მკაცრ კონტროლს და ღია გამჭვირვალე პროცესებს. ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, დაირღვა
თუ არა საქართველოს კანონი. გაცილებით მნიშვნელოვანია, შეიქმნა თუ არა ისეთი მექანიზმი,
რომელიც გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდებული საწვავის რუსეთის სამხედრო
ან სხვა სტრატეგიული ინტერესებისთვის გამოყენებას. თუ ასეთი კონტროლი არ არსებობს,
ჰუმანიტარული მიზნის მქონე გადაწყვეტილებამ შესაძლოა სრულიად განსხვავებული შედეგი
გამოიწვიოს.
ეს საკითხი კიდევ უფრო
აქტუალური ხდება მას შემდეგ, რაც აფხაზურ სოციალურ ქსელებში საწვავის მწვავე დეფიციტით
უკმაყოფილო მოქალაქეები წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან
შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ არის და კითხულობენ, სად
მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი. მათ შორის კომენტარებში აღნიშნავდნენ კიდეც, რომ საწვავი
ადგილზე არ რჩებოდა და ის რუსეთის ინტერესებს ხმარდება.
აფხაზეთის მოსახლეობის
სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინება შეიძლება იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი
ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. თუმცა ასეთი პოლიტიკა მხოლოდ მაშინ იქნება
ეფექტიანი, თუ მას ექნება მკაფიო მიზანი, სამართლებრივი საფუძველი, გამჭვივალე და საჯარო
პროცედურები და ჰუმანიტარული მიზნები.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება.
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.