GEO   ENG
სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 31 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას დააკვირდა
08.01.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები 31 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების „გაბედე“, „სირცხვილია“ და „შეცვალეს“ მიერ ორგანიზებულ აქციას დააკვირდნენ[1].

დაკვირვების შედეგები

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორების შეფასებით, დაკვირვების პროცესში, აქციაში მონაწილეობდა  40-მდე ადამიანი. პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო 100-მდე პოლიციელი და მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები.

აქციას წინ უძღვოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი, მალხაზ მაჩალიკაშვილის და სამოქალაქო აქტივისტების კარვების დემონტაჟი და მერიის დასუფთავების სამსახურის ავტომობილებით დემონსტრანების პირადი ნივთების და ჟურნალისტების კუთვნილი აღჭურვილობის გატანა.

ორგანიზატორები

ხელისუფლების მიერ საპროტესტო კარვების დემონტაჟის გასაპროტესტებელად აქცია „სოლიდარობა უსამართლობასთან მებრძოლებს, ქვეყანას არ ეზეიმებასამოქალაქო მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ აქტივისტებმა დაგეგმეს. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები.

აქციის მიზანი 

აქციის  მიზანი იყო კარვების დემონტაჟის გაპროტესტება. აღებული კარვებიდან ერთ-ერთი ეკუთვნოდა მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც მეორე წელია ითხოვს სპეცოპერაციის დროს მოკლული შვილის საქმის გამოძიებას. მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს სამოქალაქო აქტივისტების კარვებიც.  

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საშობაო მარკეტის და ბავშვთა გასართობი გარემოს მოწყობა ალტერნატიულ ადგილებშიც შეიძლებოდა, მით უმეტეს, გაუგებარია იყო რატომ გახდა აუცილებელი ატრაქციონების გამართვა ძალის გამოყენებით.

დემონსტრანტებისათვის შექმნილი დაბრკოლებები

აქციამ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა აქციის გამართვამდე, გამთენიისას, პოლიციელებმა დააკავეს 9 სამოქალაქო აქტივისტი.

პოლიციამ და მერიის საქალაქო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ხელოვნური ჯებირებით შემოღობეს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია, რომელზეც  დაიდგა გასაბერი ბატუტი და ატრაქციონები. მიუხედავად იმისა, რომ კარვების აღების მიზეზად საშობაო მარკეტის და საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობა დასახელდა, აღნიშნული ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იყო მოქალაქეებისთვის.

ძალის გამოყენება პოლიციის მიერ

31 დეკემბერს, გამთენიისას, სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს აქციის 9 მონაწილე, მათ შორის, სამოქალაქო მოძრაობების „გაბედეს“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები, რომლებიც პოლიციის და მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ კარვების აღებას აპროტესტებდნენ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები დააკვირდებიან ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს.

* * * *

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“ ფარგლებში.  

 

[1] 31 დეკემბერს 16 საათიდან 19 საათამდე.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და მოსალოდნელი ანექსია

23 ივნისს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსახლეობას, ვიდეომიმართვის საშუალებით, საკუთარი გადადგომის შესახებ შეატყობინა. 

30.06.2026
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა.

26.06.2026
კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. 

17.06.2026