GEO   ENG
განცხადებები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას დაუბრუნდეს საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვას
28.01.2020

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცა. დაპირებული პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ამის დასტურია ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მიერ გამოგზავნილი რამდენიმე მწვავე წერილი.

ამავდროულად, რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა. ქვეყნის შიგნით ურთიერთობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის უკიდურესად დაძაბულია და მზარდია პოლარიზაცია საზოგადოებაში, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება საპარლამენტო არჩევნების წინაასარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე. ასეთ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების განსამუხტად და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის რეპუტაციის აღსადგენად.

ამ სიტუაციაში გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნება. ეს ნაბიჯი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა განამტკიცებს არჩევნების ლეგიტიმურობას, აღადგენს დასავლელი პარტნიორების ნდობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას. საარჩევნო სისტემის ცვლილება პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს წინასაარჩევნო მზადების რეჟიმში გადავიდნენ, შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, შექმნის პოლიტიკური პროცესის დასტაბილურების წინაპირობას.

ამრიგად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” გაიაზროს პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი(DRI)

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

საფარი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია  (GRASS)

მწვანე ალტერნატივა

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს მედია-კლუბი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (AB)

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (JRC)

რეგიონის განვითარების ცენტრი

DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, ასევე, აქციის მონაწილეთა დაკავების უკანონო პრაქტიკა მოწმობს, რომ შსს თავის ქმედებებში გასცდა კანონიერების ფარგლებს.  
01.05.2024
ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს
ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნებისმიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს.
30.04.2024
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024