GEO   ENG
განცხადებები
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს
29.01.2020

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთვის სიტყვით[1] მიმართვისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.  

აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლა  დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შესვლა აკრძალულია. სწორედ კანონის აღნიშნული მოთხოვნა აქვს დარღვეული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს აფხაზეთში ვიზიტით, რომელიც მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის წევრი იქნება.  

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა.  

იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების უზრუნველყოფა ევალება არა პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთავრობას,[2] არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გაკეთდეს მკაფიო და საჯარო განცხადებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე. 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მწვანე ალტერნატივა

მრავალეროვანი საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

[1] მიმართვა ხელმისაწვომია შემდეგ მისამართზე https://vodmanager.coe.int/coe/webcast/coe/2020-01-28-1/en/46?fbclid=IwAR0czknzqwsTbvAOCjmKn80m_n2pZO1NPU0SNepqayKSkib1myvxVPmV-2w

[2] საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მუხლი 9

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026