GEO   ENG
სიახლეები
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის დაშვების შეზღუდვა გაუმართლებელია
05.03.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს.

2020 წლის 4 მარტს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან გამკაცრებული კონტროლის გამო, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს ახლოს მდებარე ტყეში.[1] 2020 წლის 6 თებერვალს ერთადერთი სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ჟურნალისტებისთვის ღია იყო, დაიკეტა. პოლიციის პოსტი მეღვრეკისის გადასახვევთან განთავსდა, საიდანაც არა თუ ერგნეთში, არამედ სოფელ მეღვრეკისში შესვლაც აიკრძალა.[2] საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქერეში, 27 იანვარს პოლიციამ ჟურნალისტები არ შეუშვა.[3]

მაშინ, როდესაც საკითხი წარმოადგენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას, სისტემატური ხასიათი აქვს ადამიანების პირადი თავისუფლების ხელყოფის, თავისუფლად გადაადგილებისა და საკუთრების უფლების, ასევე სოციალური და კულტურული უფლებების უხეშ დარღვევას და მკვეთრად გაუარესებულია ჰუმანიტარული გარემო - მედიის დისტანცირება პროცესებიდან დაუშვებელია.

პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრდა და გულისხმობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების საოკუპაციო ძალების მხრიდან უკვე გავლებულახალ ბოძებთან და ღობეებთან „მიყვანას“, საზოგადოებისთვის არსებული ვითარების მხოლოდ მცირე ფრაგმენტის ჩვენებას ხდის შესაძლებელს და აზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს - იყოს სრულად ინფორმირებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც კონტრპროდუქტიული.
სახელმწიფო უწყებები უნდა აცნობიერებდნენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების სრულფასოვანი გაშუქება, აუცილებელია კონფლიქტის რეალური სახის წარმოჩენისთვის და ასევე ეხმარება სახელმწიფოს არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალმხრივი ინფორმირების უზრუნველყოფის პროცესში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, მედიისთვის წვდომის გამარტივება ხელს უწყობს საზოგადოებრივი სოლიდარობის ზრდას, ამცირებს დაუცველობის განცდას, დადებითად აისახება საერთაშორისო და ეროვნულ საინფორმაციო სივრცეში სახელმწიფოს პოზიციონირებაზე და უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების უფლების რეალიზებას.

შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გაშუქებისას, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, მისცემს მათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას.

-----------------------------------------------
[1] „საოკუპაციო ხაზთან გამკაცრებული კონტროლი“ ტვ პირველი http://bit.do/fygJo
[2] „პოლიციამ ჟურნალისტების წინააღმდეგ პოსტი მეღვრეკისამდე გადასწია“, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, 06.02.2020 http://bit.do/fx5zt
[3] „ჩაკეტილი კონფლიქტის ზონა“, გოგა აფციაური, რადიო თავისუფლება 27.01.2020 http://bit.do/fx5uM
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები

უკანონო დაკავებებთან, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებასთან, წახალისებულ ძალადობასთან ერთად ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით ცდილობს ფართომასშტაბიანი პროტესტის ჩახშობას. 

17.03.2025
ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვა ცხინვალის რეგიონში (პოლიტიკური მონაწილეობა)

ცხინვალის რეგიონში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. 

05.03.2025
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გარემოს შეფასება
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდა
14.02.2025