GEO   ENG
ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (სოფელი-ერგნეთი)
04.05.2020

აპრილის ბოლოს სოფელ ერგნეთის მოსახლეობის საჭიროებებს გავეცანით. ტრანსპორტით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ამჯერადაც ონლაინ რეჟიმში.

გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის თემის სოფელი ერგნეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ერგნეთი ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სოფლში შესასვლელ გზაზე განთავსებულია ქართული პოლიციის საგუშაგო, თუმცა სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერგნეთმა უზარმაზარი ზარალი განიცადა, თითქმის სრულიად განადგურდა სოფლის მატერიალური ქონება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სოფელში საცხოვრებლად მაინც დაბრუნდა.

2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის[1] მიხედვით, ერგნეთში 639 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი - 457[2]. როგორც გასაუბრებისას გვითხრეს, ამჟამად სოფელში 274-მდე კომლი და 726 მკვიდრია. COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზღუდვების გამო, სოფელს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა.

სოფელი ერგნეთი
 

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ პრობლემები არც კორონა ვირუსის გავრცელებამდე აკლდათ, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებით ამოქმედებელმა შეზღუდვებმა ყოფითი პრობლემები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით წარმოაჩინა. 

განათლებაზე ხელმისაწვდომობა

2008 წლის ომის შემდეგ, ერგნეთში ახალი სკოლა აშენდა, შესაბამისი გარემოთი და სათანადო ინვენტარით აღჭურვილი. თუმცა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პარალელურად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, რაც სასწავლო პროცესს აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბევრი ბავშვია, სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს.  

სოციალური პრობლემები

ერგნეთში დღემდე არ არის აფთიაქი. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერებულია, მოსახლეობა მედიკამენტების შეძენას ვეღარ ახერხებს. არადა, სოფელში გულისა და წნევის წამლებს ბევრი საჭიროებს. სოფელში არც მაღაზია და პურის საცხობია. არსებულ პრობლემებს უტრანსპორტობაც დაემატა, გვიხსნიან, რომ პურის, პირველადი მოხმარების საგნების და პროდუქტების შეძენა ძალიან უჭირთ. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ფქვილის მარაგი არ ჰქონდა, პურს შეზღუდულად მოიხმარს.

სოფელს არ აქვს მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, გასართობი ცენტრი, სპორტული მოედანი ან ბიბლიოთეკა, რასაც ადგილობრივი ახალგაზრდობა განსაკუთრებით განიცდის. ერგნეთში ფუნქციონირებს ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც ომით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა გახსნილი.

*  *  *
პროექტი „ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა „საზღვრის“ წინა ხაზზე“ ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

[1] 2002 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ოფიციალური შედეგები ხელმისაწვდომია https://www.geostat.ge/ka

[2] 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ოფიციალური შედეგები ხელმისაწვდომია http://census.ge/ge/results/census1

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026