GEO   ENG
განცხადებები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის ინიციატივას ეხმაურებიან
25.08.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე და მიაჩნიათ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი.  

შემოთავაზებული ინიციატივა ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევა და დაკავშირებულია მედიაში ინფორმაციის გავრცელებასთან. ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება 561 და 562 მუხლები. კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. 

ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები.  თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი („სოციალიზაციის ხელშეწყობა“, „შეუფერებელი პროგრამა“, „შეურაცხმყოფელი ლექსიკა“ და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია.  შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ამართლებდეს იმგვარ უზენაეს ღირებულებას, როგორიც ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობაა.

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში „დაბრუნდა“ გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ცნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ამოღებულ იქნა, როგორც დისკრიმინაციული  ტერმინი.

საკანონმდებლო ცვლილებები არ მოდის თანხვედრაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, ვინაიდან, კონვენციის მიხედვით, მე-13 მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის მიღების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლით აღიარებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვანი როლი, ბავშვებისთვის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. 

ცვლილებების შემუშავების პროცესში კომიტეტმა არ უზრუნველყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რომელსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის განცხადებები და ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტანდარტებთან. მის საქმიანობას წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო სექტორი.

შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პარლამენტს
  • არ მიიღოს შემოთავაზებული ცვლილებები;
  • ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული ცვლილებების მომზადების პროცესში უზრუნველყოს არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ფემინა
განათლებისა და შრომის ასოციაცია
სოლიდარობის ფონდი „ფემინა“
თანასწორობა 17
რეალური ხალხი და რეალური ხედვა
მედიაკლუბი
მაია ცირამუა (ბავშვთა ფსიქოლოგი)
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026