GEO   ENG
განცხადებები
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პროკურატურის მხრიდან ადვოკატების დევნის თაობაზე
26.09.2020
2020 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის ოჯახის ადვოკატის - მიხეილ რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალის სიყალბესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე. 25 სექტემბერს კი დააკავეს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციის წყარო - დავით ფურცხვანიძე, რომელსაც პროკურატურამ ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება წაუყენა.
 
პროკურატურის განცხადებით, გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რომ ფოტომასალა იყო ყალბი, ადასტურებდა გამოძიებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ასევე -მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, რის გამოც, მათივე განცხადებით, პროკურატურამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.
 
განცხადების თანახმად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
 
გამოძიების ფარგლებში განხორციელდა არაერთი საპროცესო მოქმედება, მათ შორის, სასამართლო განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ ამოიღო მიხეილ რამიშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან რამიშვილისა და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღებისა და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 
 
აღნიშნული საქმიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად დაიბარეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - მიხელ რამიშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი - ეკა ქობესაშვილი, რომელიც, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობისა და საპროცესო მოქმედებათა მონიტორინგის მიზნით, 7 სექტემბერს ჩაერთო.
 
პროკურატურის მიერ მტკიცებულებათა ფალსიფიციცირების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა, ასევე მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონის ამოღება შესაძლებელია, ჩაითვალოს  მიზანმიმართულ მცდელობად, მართლმსაჯულება გამოიყენონ სხვა მიზნებით, კერძოდ - ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მისი უფლებადამცველების პოზიციაზე გავლენის მოსახდენად.
 
პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან, ე.წ. სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებული გამოძიების ახალი სისხლის სამართლის საქმედ გამოყოფა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პროკურატურის ქმედება რამიშვილის მიერ ბაჩალიაშვილის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებას მოჰყვა. შესაბამისად, პროკურატურის მსგავსი ქმედება არის საშიში პრეცედენტი  და შეიძლება ჩაითვალოს მიზანმიმართულ ნაბიჯად სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ადვოკატების წინააღმდეგ, რაც არც  თუ ისე შორ წარსულში აქტიურად გამოიყენებოდა ადვოკატების დევნისთვის და დასასჯელად.
 
ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური და პრივილეგირებული კომუნიკაციის უფლება სამართლიანი სასამართლოს ბირთვს წარმოადგენს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პირადი ტელეფონის ამოღება, მივიჩნევთ, რომ ასევე, არის სახიფათო პრეცედენტი პროკურატურის მხრიდან ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევის და წარმოადგენს ადვოკატსა და კლიენტს შორის პრივილეგირებული კომუნიკაციის უფლების უხეშ უგულვებელყოფას, რასაც შესაძლებელია, სამომავლოდ ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი ადვოკატის საქმიანობის თავისუფალ განხორციელებაში.
 
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დარჩეს სამართლებრივ სივრცეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადვოკატთა საქმიანობაში ნებისმიერი სახის ჩარევა და პატივი სცეს მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC),
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI),
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI),
კავშირი საფარი,
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),
უფლებები საქართველო (RG)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, ასევე, აქციის მონაწილეთა დაკავების უკანონო პრაქტიკა მოწმობს, რომ შსს თავის ქმედებებში გასცდა კანონიერების ფარგლებს.  
01.05.2024
ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს
ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნებისმიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს.
30.04.2024
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024